სხვა რატომ არის უსარგებლო ცხარე საკვებზე წყლის დაყოლება და რა დაგეხმარებათ სინამდვილეში? 5 ივნისი, 16:56 თითოეული ჩვენგანი, „ცეცხლოვანი“ კერძის შემთხვევით ან განზრახ მირთმევისას, ცდილობს შინაგანი ცეცხლი ჩააქროს ბევრი წყლით, სასურველია ცივით. აი, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მეთოდი უსარგებლოა წიწაკის, ვასაბის ან სხვა ცხარე სანელებლების შემთხვევაში. რატომ არის წყალი უსარგებლო და რამ შეიძლება მოგვიტანოს სასურველი შვება?
საკითხის გასაგებად ორგანულ ქიმიას მივმართოთ. ცხარე წიწაკას გემოს ანიჭებს ალკალოიდი კაპსაიცინი, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის TRPV1 რეცეპტორებზე. ეს ბუნების მიერ ნაბოძები სენსორებია, რომლებიც რეაგირებენ სიცხესა და ტკივილზე, როდესაც ვსვამთ ცხელს ან ვჭამთ ცხარე საკვებს. რეცეპტორები ტვინს აცნობენ, რომ რაღაც უცხო და სახიფათო ორგანიზმში მოხვდა და ისიც მყისიერად რეაგირებს. წიწაკიანი საკვების მირთმევისას იწყება თვალების აცრემლება, ცხვირის გაჭედვა, ლორწოვანი გარსში წვის შეგრძნება და ცივი წყლის დალევის თითქმის დაუძლეველი სურვილი. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს გამაღიზიანებელი ნივთიერებისგან თავის დაღწევას, მაგრამ კაპსაიცინს წყალი ვერ ანეიტრალებს და მასში არ იშლება, მხოლოდ თხელდება და უფრო ეფექტურად ვრცელდება პირის ღრუსა და საყლაპავში, შესაბამისად, წვის შეგრძნება ძლიერდება. რა უნდა გააკეთოთ, თუ ბევრი წიწაკის მირთმევა მოგიწიათ, ნუთუ უნდა მოითმინოთ? არავითარ შემთხვევაში! ცხარე საკვების შედეგებთან საბრძოლველად უფრო ეფექტური გზა არსებობს - რძის პროდუქტების მიღება წვის შეგრძნების გაჩენისთანავე. კაზეინის ცილა, რომელიც გვხვდება ცხიმიან რძის პროდუქტებში, როგორიცაა რძე, კეფირი, იოგურტი, ყველი და ნაყინი, ხსნის კაპსაიცინს ნერვული დაბოლოებიდან, აქრობს წვის შეგრძნებას. ყველა რძის პროდუქტი ერთნაირად სასარგებლო არ არის. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ თუ იქნება არჩევანი ძროხის რძესა და 3-4%-იან კეფირს შორის, რძემჟავა სასმელი უფრო სასარგებლოა. კეფირი უფრო ძლიერ მოქმედებს, რადგან მასში ცხიმების გარდა არის მჟავებიც, რომლებიც კაპსაიცინის მოშორებას ხელს უწყობს. რძის პროდუქტები არა მხოლოდ წვის მიზეზს აქრობს, არამედ ავლენს თერაპიულ ეფექტს, ცხარე საკვებით გაღიზიანებულ რეცეპტორებს გარს ევლება და ამშვიდებს. თუ შიგნით ყველაფერი დუღს, გაიქეცით არა ონკანთან, არამედ მაცივართან რძის ან კეფირის დასალევად. რა გავაკეთოთ, როდესაც არ გვაქვს რძის პროდუქტები? ექსპერტები ამბობენ, რომ რძე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი ცხიმიანი საკვებით. მაგალითად, დალიეთ 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან მიირთვით რამდენიმე ნატეხი შოკოლადი, სასურველია, რძიანი იყოს. უცნაურია, მაგრამ რძის გარდა, ალკოჰოლსაც შეუძლია დახმარება, რა თქმა უნდა, დოზირებული რაოდენობით. რამდენიმე ყლუპი არაყი, კონიაკი ან ღვინო დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ. მოდით, კიდევ ერთხელ გავართულოთ პრობლემა. დავუშვათ, სპირტიანი სასმელიც არ გვაქვს. ამ შემთხვევაში კარტოფილის კერძი დაგეხმარებათ. კარტოფილში შემავალი სახამებელი კაპსაიცინს შთანთქავს, თითქმის როგორც გააქტიურებული ნახშირი. სახამებლის წყალობით ეფექტურად მოქმედებს პური და ბრინჯის კერძები. ახლა გესმით, რატომ ირჩევენ აზიელები, ცხარე სანელებლების მოყვარულები, ბრინჯს? სხვათა შორის, დადგენილია, რომ ცხარე წიწაკის კარგი ტოლერანტობა გარკვეული ერების წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი თანდაყოლილი თვისება არ არის. ცხარე საკვების და მთელი წიწაკის მშვიდად ჭამის უნარი ვარჯიშთან ერთად მოდის. მექსიკელები, ინდოელები და ჩინელები ბავშვობიდან წვრთნიან რეცეპტორებს, ამიტომ მათი „ცეცხლგამძლეობა“ შთამბეჭდავია. 156 შეფასება არ არის |