x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138394
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რა კავშირი აქვს მსოფლიოში პირველი ელექტრო მატარებლის შემქმნელს საქართველოსთან?
image

ელექტროტელეგრაფიის სფეროში ნიჭის და შრომისმოყვარეობის წყალობით, მუდმივი დენის სრულყოფილი გენერატორის, ეგრეთ წოდებული დინამო-მანქანის შექმნის შემდეგ, გერმანელი ინჟინერი ერნსს ვერნერ ფონ სიმენსი დაინტერესდა რკინიგზის ელექტრიფიკაციით.


და ისევ წარმატებით:1879 წლის 31 მაისს, ბერლინის ინდუსტრიულ გამოფენაზე მის მიერ შექმნილმა კომპანიამ, Siemens & Halske-მ, გაოცებულ მაყურებელს წარუდგინა მსოფლიოში პირველი ელექტრო მატარებელი. ელექტრო ლოკომოტივს, რომელიც უფრო თანამედროვე ელქეტროკარს წააგავდა, მოკრძალებული ზომის ელექტროძრავა ჰქონდა- 13 ცხენის ძალის სიმძლავრის. ელექტროენერგია მას მესამე - დამატებითი - სარკინიგზო რელსით მიეწოდებოდა.


ეს თითქმის სათამაშო ელექტრო ლოკომოტივი 18 მგზავრისთვის სამ ვაგონს ეწეოდა და საათში 7 კმ/სთ-ს აღწევდა.


image


ახლა ჩვეულებრივ ელექტრო სარკინიგზო ტრანსპორტის მთელი ისტორიის ათვლა სწორედ ამ საგამოფენო ატრაქციონიდან იწყება, ანუ ეს არის მსოფლიოში პირველი ელექტრო რკინიგზის და პირველი ელექტრო მატარებელის დაბადების დღე.


დიდი გერმანელი ინჟინრის, გამომგონებლის და ბიზნესმენის ერნსტ ვერნერ სიმენსის მოღაწეობა მჭიდროდაა საქართველოსთან დაკავშირებული.იგი სამჯერ იყო საქართველოში ჩამოსული და მეტიც, მისი ორი ძმა ოტო და ვალტერ სიმენსები თბილისში, ვერის სასაფლაოზე არიან დაკრძალულები.



1860 წელს მისი თაოსნობით თბილისში გაიხსნა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვერნერის ძმა ვალტერი; 1865 წელს ის საქმიანობის გასაფართოებლად თბილისში ჩამოვიდა; 1870 წლის 11 იანვარს მისი თაოსნობით თბილისში ინდოეთ-ევროპის სატელეგრაფო სადგური გაიხსნა. ამ დროიდან დაიწყო ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სატრანზიტო დეპეშების გაცვლა თბილისზე გავლით. თბილისი საერთაშორისო კავშირის უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა; 1890 წელს ხანდაზმული ე. სიმენსი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მესამედ და უკანასკნელად ჩამოვიდა თბილისში, სადაც მისი ორი ძმა - ვალტერ და ოტო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ. ავტობიოგრაფიულ წიგნში "ჩემი მოგონებები", რომელიც გერმანიაში 21-ჯერ გამოიცა, იგი აღწერს თბილისს, მის თავისებურებებს და მას "აზიურ პარიზად" მოიხსენიებს.

image



"კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი"-წერს სიმენსი თავის მემუარებში.


მეოცე საუკუნის დასაწყისში, ძმებმა სიმენსებმა კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს თბილისისათვის. სწორედ მათ სახელს უკავშირდება დედაქალაქის ქუჩების ელექტრიფიკაციის საქმე, მოგვიანებით კი, ტრადიციული თბილისური კონკის ჩანაცვლება ევროპული ტრამვაით, რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს იფუნქციონირა. ამბობენ, რომ პირველი ლიფტი, თბილისში სწორედ გერმანელ "სოლოლაკელ ძმებს" ჰქონიათ, რაც იმდროინდელი ყოფისთვის დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა.

image


ოტომ პირველმა აღმოაჩინა, რომ ნავთობის გადამუშავებით მიღებული ნარჩენებისგან ასფალტის წარმოება იყო შესაძლებელი და თბილისის ქუჩები ამ მასალით, სწორედ მან მოაპირკეთა.


აღსანიშნავია, რომ 1921 წელს საბჭოთა რეჟიმის დამყარების მიუხედავად, სიმენსები არ გასულან საქართველოდან. 1930 წელს, მათი პროექტით დაიწყო ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის მშენებლობა, ხოლო 2 წლის თავზე, ფაბრიკა სწორედ Siemens-ის წარმოების ღუმელებით აღიჭურვა.


ვალტერის მსგავსად, ოტოც ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, სავარაუდოდ ქოლერით და თბილისის ელიტამ, ოტოც ვერის სასაფლაოს მიწას მიაბარა.


image

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0