საზოგადოება "გთხოვთ, ეს ამბავი გადაეცით ამ დემაგოგისა და სპეკულიანტის ახლობლებს"- რომელ პილიტიკოსზე საუბრობს ლევან ლორთქიფანიძე 30 მაისი, 15:40
პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" საბჭოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის პოსტს პირად გვერდზე ეხმაურება და "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს ორმაგ სტანდარში ადანაშაულებს:
"ყველაზე დიდი არაადამიანობა, არაკაცობა ორმაგი სტანდარტია.
თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ “კავკასიური სახლის” თანამშრომლებს, თანამშრომელთა მშობლებს, სხვა ნათესავებს ტელეფონზე რომ ურეკავდნენ და უშვერი სიტყვებით აგინებდნენ, აშანტაჟებდნენ, ეგ დემოკრატია და თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილა.
თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ პატარა ბავშვებით სავსე ოჯახების, მათი სადარბაზოების შეურაცხმყოფელი პლაკატებით აჭრელება დემოკრატია და თავისუფალი ნების გამოხატულება ყოფილა.
თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ ბნელ ქუჩებში ბანდების მიერ ადამიანთა ჩაქოლვა სამწუხარო ინციდენტი ყოფილა.
თურმე, ფაშიზმია მდინარაძის მშობლების შეწუხება, მაგრამ დღისით, მზისით პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ჩაწიხვლა და დამცირება სამწუხარო ინციდენტი ყოფილა.
შეგახსენებთ, დღემდე ერთი პირი არ არის დაკავებული იმ ტერორის გამო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ რიგითი ადამიანების მიმართ წარმოებდა.
გთხოვთ, ეს ამბავი გადაეცით ამ დემაგოგისა და სპეკულიანტის ახლობლებს.
P.S. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სახლების წარწერებით აჭრელება, როგორი ნაძირალაც არ უნდა ცხოვრობდეს იქ."- წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძის მშობლებთან, ღვანკითში "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ჩავიდა, რომლებმაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მშობლებს "რუსულ კანონთან" და სოფლის სახლის ფინანსების წარმომავლობაზე დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დაუსვეს. აღნიშნული ფაქტით აღშფოთებულმა მდინარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელსაც ასევე უცვლელად გთავაზობთ:
"როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები!
კანონზე ერთი არგუმენტი ვერ დადეს ამდენი თვეა და დედაჩემს ეკითხებიან, ქალი ფეხზე ძლივს დგას…
სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში!
და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს!! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება – პატიოსნად!!! თქვენ ვერ წარმოგგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი ჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს!
ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას!“- ვკითხულობთ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტში.
|