x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
"რა ქნას მოკვდავმა, როგორ იცხოვროს? თუ გზაჯვარედინზე უმტყუნა მანქანამ" - ბესიკ ხარანაულის ლექსი


image



მიკარნახე, ანგელინა
ნაწყვეტი
რა ქნას მოკვდავმა, როგორ იცხოვროს?
რა ქნას მოკვდავმა, როგორ იცხოვროს?
თუ გზაჯვარედინზე უმტყუნა მანქანამ,
და გარდიგარდმო გაიხიდა გზაჯვარედინზე
და ოთხივ მხრიდან უყვირიან, უსიგნალებენ
და ჯერ გულში აგინებენ, მერე ხმამაღლა.
და ესმის ხმები, რომლებიც მას მთელ ცხოვრებას შეახსენებენ:
იმ დროს,
როცა თვალსა ხუჭავდა,
როცა ეგონა,
თითქოს ცხოვრებამ
საკუთრივ მისთვის მოიფიქრა გამონაკლისი
და მას გარს უვლის,
არ ეხება, რაც აქა ხდება.
ეს გაშმაგებული
და უგონო მოძრაობები,
ეს დაუნდობლობა,
რომელიც მხოლოდ
მისივე მსგავსის შიშით კავდება _
რომ არგაგჭყლიტოს, არ მიგსრისოს,
არ დაგამდაბლოს...
და:
სადა ხარ შენ,
განუწყვეტელო ღამევ,
სადა ხარ,
სანუკვარო უსასჯელობავ,
სადაც შეიძლებოდა თავის აშვება
და ტკბობა იმით,
რომ მისრისო, მოსპო, გაჭყლიტო!..
და ეს ყოველი
ხმაურში არის საიმედოდ გამოხვეული,
რათა არ მისწვდეს ყურს იმისას
ხმა სინდისისა,
არასაჭირო რომ გამხდარა,
საწყლად ზედმეტი...
რა ქნას
მოკვდავმა,
როგორ
იცხოვროს?
როგორ აქციოს პოეზიად
ქუჩის ხმაური?
- მიტყლაშუნე, მიტყლაშუნე, ცხოვრებავ,
ეგ შენი ორივე მხრივ მოქანავე კარები!
მიტყლაშუნე,
მე მაინც პოეზიად მიქცევიხარ,
ტკბილი ხარ მაინც,
ვით ძაღლისთვის პატრონის ხელი!
მიტყლაშუნე,
მე მაინც პოეზიად მიქცევიხარ,
შენ მე ვერაფერს გამომრჩები
და მისხალს ვერ წაიღებ ჩემგან,
რადგან ყოველი,
რაც კი შენში სიკეთე არის,
ჩემი გამხდარა,
მე მეკვრის და მე მეხუტება.
შენ მხოლოდ ქაფი ხარ,
შენ მხოლოდ ბორკილი ხარ,
შენ მხოლოდ ის ხარ,
რაც ჟანგდება და განქარდება.
დაე ყვიროდეს გზაჯვარედინი:
მე ავძვრები მანქანის თავზე
და გავშლი ხელებს...
- რა ქნას
მოკვდავმა,
როგორ
იცხოვროს?
იქნებ გაიხსენოს ანდა მოიგონოს,
ან ორივ ერთად -
რადგან:
გახსენებასაც უნდა მოგონება.
რადგან:
ჩვენ ვართ ყველაფრის მომსინჯველნი,
მოსინჯვაა ჩვენი ხელობა
და სიტყვებსაც ისე წარმოვთქვამთ,
რომ არ გავაღვიძოთ მძინარე ლომი.
რადგან:
ვიდრე თვალები გაგვაჩნია,
ვერასოდეს ვეღირსებით ჩვენს ნამდვილ სახეს.
რადგან:
საზარდულებზეც უკვე ბალამნა გადაგვიარა.
რადგან:
ჩვენი საუკუნე არის
კოლექტიური ნამუსის შენახვის საუკუნე.
საიდუმლო, რომელიც შენ გაგაჩნია,
უნდა აუცილებლად ყველამ იცოდეს,
სხვანაირად შენ აბა რაღა ხარ!
თუკი არაფერი აქვთ შენზე სათქმელი,
თუკი არაფერი საიდუმლო არ გააჩნია,
რომ მეგობრებმა
ერთურთს გრძნობით გადუჩურჩულონ.
რადგან:
ბუნებაში ყველაფერი საზღვრებითაა დაქსელილი.
რადგან:დილის ვარჯიშის შემდეგ
ასე უნდა ილოცო:
ისწავლე მარტოობა,
ჩემო სულელო თავო,
კარზე ისეთი დრო მოგვდომია...
ისწავლე მარტოობა,
ჩემო სულელო თავო -
და განა იმიტომ,
რომ შვილები საღამოობით უჩინარდებიან,
და განა იმიტომ,
რომ ხელს არავინ მოგიკიდებს ნაგვის ურიკას...
ისწავლე მარტოობა,
ჩემო სულელო თავო,
რომ როცა კარზე მოგადგება
ნამდვილი სიბერე,
აღარ იწუწუნო შენს სიმატოვეზე
და ზამთრის მიწაში ჩაყინულ ურიკაზე.
რადგან:
არასერიოზულობა არის
ჩვენი კომპეტენცია,
წაგებული ცხოვრება
ჩვენი იდეალია.
რადგან:
მაინც კი ტკბილი არის ცხოვრება.
რადგან:
როგორც გზას დამდგარი,
რომელმაც არ იცის,
წაიღოს თუ არა ნივთი მავანი,
რომელიც მას არც გამოადგება,
მაგრამ იმდენჯერ ჰყავს ხელშენავლები,
რომ იცის, მგზავრობისას გულს გაუხალისებს,
აიღებს... გადასდებს,
აიღებს. გადასდებს...აიღებს... გადასდებს...
და ამასობაში კიდეც დაავიწყდება -
ალბათ იმისთვის, მერე რომ ინანოს...
რადგან:
მამალს გაუყუჩდა ნაკრუხალი -
სურს ცხოვრებას კვლავ დაუბრუნდეს.
რადგან:
სამართლის მდებმა
ვერ შეიძლო ქმნა სიმართლისა.
რადგან:
აქეთ და იქით,
იქით და აქეთ,
როგორც ქათმის გულია ორად გაყოფილი
ორგან დახვავებული საკენკისაგან -
პოეტს
არაფრის გამოგონება არ სჭირია,
ირგვლივ იმდენი სუყველაფერია...
რადგან:
თუ ყველაფერი მართალია,
ჩვენ რისთვისღა ვართ,
ყურები რისთვის გაგვფოთლია,
თვალებს რად ვახელთ?!
რადგან:
როდისღა იყოს კაცი - ამაყი,
როცა ყოველი,
რაც კი იმის გულს მიიზიდავს,
იღებდა ხოლმე
დამამცირებლად დაზნექილი დაბალი კარით.
რადგან:
დაგვრჩენია, მხოლოდ ვიცხოვროთ.
რადგან:
ბედნიერია,
ვინც გველი დააღრჩო თავის მყუდრო ოჯახში
და არა ბუმბული _ გველის გვანობაზე.
რადგან:
უბდურია,
ვინც ფეხსაცმლის შესაკრავზე
ცხვირს წაიტეხავს.
რადგან:
ორივენი პირუტყვს სჯობიან,
რადგან:
მხოლოდ ადამიანის ღირსებაა - გახსენებები.
რადგან:
ბებერი მგლები
მარტო ბებერ დედებსღა უყვართ,
სხვა ვინ შეარხევს
ჰაერს მათი ტკბილი ხსენებით.
ბებერი მგლები,
გამცვდარი და დამცხრალი მგლები...
რადგან:
ხის ჩრდილში
ტკბილად მოფიქრალისთვის
ჩამოვარდნილი დაბლა ნაყოფი
წერტილად კი არ ევლინება
ნააზრევს მისას - გაფრთხილებად!
გაფრთხილებად და შეხსენებად!
რადგან:
ამ ცხოვრების წარმავლობა
და კაცთა სისასტილე
ყველას ნებას გვაძლევს
ვიყოთ ლოიალურნი.
რადგან:
შუაღამის მწერებს უხმობს ახლა ჩემი ნათურა.
რადგან:
პოეტმა უნდა უტრიალოს ერთსა და იმავეს,
თავის პალოს უნდა ეხვიოს,
გაიმეოროს თავის თავი უნდა უშიშრად,
რადგანაც ღმერთმა
ერთი კილო მისცა იმას, ერთი უნარი,
ერთი ბაკი,
სადაც უნდა იტკეპნოს და ზილოს ტალახი.
რადგან:
რამდენი ჭრილობაც ჩემს გულზე არის,
იმდენი ყვავილი მომირთმევია.
რადგან:
სამასი წლისაა ჩემი გული,
როგორც სამასი წლის მონობაში ნაქნევი მუშტი.
რადგან:
დიდ სიმარტოვეს არა აქვს სახე,
დიდი სიმარტოვე არ გამოითქმება,
დიდი სიმარტოვე არაა სევდა,
არც გულგრილობა, არც უარყოფა...
დიდი სიმარტოვე არის - `რაღაც, ~
რომელიც წყლისპირს, ქვაზე იჯდა და სადღაც
გაქრა.
რადგან:
ჩემი ბრმა დედა
მე მეძებდა ხელის კანკალით,
ვიდრე არ მპოვა
თავისივე ვნების მინდორში,
ვიდრე კონტურით არ შემმოსა...
სხვა არაფერზე უზრუნია,
რადგან ბრმა იყო
და ხელებიც უცახცახებდა,
როცა სახეს მიძერწავდა
და მხრებს მითლიდა.
რადგან:
თქვენ გგონიათ,
შთაგონება შემარხევს ხოლმე,
დროდადრო რომ მეღვიძება შუაღამისას?
როგორც კალატოზს
მრუდედ დადებული ქვა ძილშიაც შეუქანდება,
ისე მე სიტყვა, ჩემგან თქმული,
წამომაფეთებს...
რადგან:
სად დავწერე ნეტავ ის სიტყვა,
რომელიც მწარედ გადამიხდის სამაგიეროს?
რადგან:
გაზაფხულზე მომკალით,
ყვავილთ იაფობაში!
ბესიკ ხარანაული
1
113
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
113
  
22 მაისი, 12:07
ხოოოოოოოოო. მთავარზე გადავიდეთ. დროა საქართველომ პალესტინის დამოუკიდებლობა აღიაროს.
0 1 1