x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"დღეიდან მჯერა რეინკარნაციის, ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ძაღლში იმ ლოთის ცოლის სული არ იყო ჩასახლებული“ - თეა გვასალია
image

ესპანური ენის სპეციალისტი, მთარგმნელი და ყოფილი ტელეჟურნალისტი თეა გვასალია სოციალურ ქსელში პატარა ისტორიას გვიზიარებს, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გადახდა.

image

„ვდგავართ „ნიკორას“ კართან ოთხი კაცი და ერთი ქალი. ქალი მე ვარ.

რაღაცას ეზიდებიან დისტრიბუტორები და ვერ შევდივართ. „მეგობარო“, ისმის უკნიდან ხრინწიანი ხმა. ამ ხუთი ადამიანიდან მარტო მე ვიხედები დაძახებულზე. აი, რატომ უნდა მიმეხედა „მეგობაროზე?“ მესმის დაეძახათ „ქალბატონო“, „დეიდა“, „გოგონაზეც“ მივაბრუნებდი თავს ინსტინქტურად, მაგრამ „ მეგობარო“ყველას ეკუთვნოდა იქ ჩემ გარდა.


დამძახებელი, სამი დღის გაუპარსავი და ეჭვი მაქვს, ამდენივე დღის გადაბმულად ნაქეიფარი, ჭაღარა კაცი გამოდგა შემღვრეული მზერით. ფოკუსს რომ ვერ ასწორებდა იქიდან მივხვდი, რომ სიგარეტი ხომ არ გაქვს ძმაოო, მკითხა. თუმცა, იმ მანძილზე რომ მომიახლოვდა, რომ სამი დღის ნასვამი ალკოჰოლის და დღეს დილით დაყოლებული ხაშის ოხშივარი შემომაფრქვია, სანამ მე ადგილს ვარჩევდი, სად მივსვენებულიყავი გულშეღონებული, რადგან თუ რამეს ვერ ვიტან ცხოვრებაში, ერთი ადუღებული რძის სუნია და მეორე ნაბახუსევი კაცის ამონასუნთქი, გამოასწორა შეცდომა და „დაიკოო“, გამიღიმა.



სიგარეტი, ცხადია, არ მქონდა. ამასობაში, გათავისუფლდა შესასვლელი და ყველამ თავს უშველა ჩემ გარდა, რადგან მე მისი ბიოგრაფიის ჯერ მხოლოდ იმ ადგილამდე ვიყავი მისული, „გეპეიდან“ ნიჟნი ნოვგოროდში თუ ნიჟნი ტაგილში რომ გაუშვეს შრომით სემესტრში. 9 აპრილს რომ მივადექით, თანახმა ვიყავი სიგარეტთან ერთად არაყიც მეყიდა, ოღონდ შევარდნაძის ტერაქტი და ვარდების რევოლუცია გამოეტოვებინა და რაც მთავარია, არ ეთქვა, რომ მთელი ბავშვობა ჩემს გადაცემებს უყურებდა .



მაგრამ იქ მოხდა ამბავი, რის გამოც ამ პოსტს ვწერ: კაცს უკნიდან მეტისი ძაღლი მიადგა და თავი მიადო. „ვაჰ, აქაც მიპოვე, ჯეკაო?“ გაოცდა მთვრალი, ჯეკა დგას, თვალებში უყურებს და აშკარად ამუნათებს. „ არ იყო ჩემი ბრალიო“, თავს იმართლებს კაცი, „ მე რას შეგპირდი? აღდგომების მერე აღარ დავლევ და ჯერ რა დროს აღდგომააო“. ჯეკა არც ფეხს იცვლის და არც თვალს აშორებს. „კაი შეჩემა, რა გჭირს, როდის ყოფილა სიტყვა მეთქვა და არ შემისრულებიაო“, და აი, იქ ვნახე სასწაული, ფილმებში სპეცეფექტებით რომ აღწევენ ისეთი, ძაღლმა ჩაიცინა, უფრო ზუსტად ჩაიფრუტუნა, თავი გადააქნია, ზურგი შეგვაქცია, წავიდა და კაციც კუდამოძუებული გაეკიდა უკან.



დღეიდან მჯერა რეინკარნაციის. ვერავინ გადამარწმუნებს, რომ ძაღლში იმ ლოთის ცოლის სული არ იყო ჩასახლებული. ჯეკა რატომ ერქვა არ ვიცი. ალბათ კაციც ხვდებოდა ვისთან ჰქონდა საქმე, მაგრამ თავს არ უტყდებოდა და ყოველი შემთხვევისთვის და თავის დაზღვევის მიზნით, ემანდ, ერთ მშვენიერ დღეს ენაც არ ამოედგა, ბიჭის სახელი შეარქვა“, - წერს თეა გვასალია.

0
292
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0