x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე: აქედან მოგმართავთ, ფულიანო მამებო, ე.წ. ბიზნესმენებო!
image
"იქნებ, ოდესმე მომეცეს საშუალება და ჩემი სათქმელი პირში გითხრათ, ახლა კი აქედან მოგმართავთ, ფულიანო მამებო, ე.წ. ბიზნესმენებო!
ქათამმა წყალი დალია და ღმერთს შეხედაო, ნათქვამია. ქათამი ეძახე შენ და ღვთისადმი მადლიერება მასაც გააჩნია! მშრომელი გლეხი თავისი ნაოფლარით მოყვანილის საუკეთესო წილს ღმერთს უძღვნიდა, იქნებოდა ეს საზედაშეო ღვინო, საღვთო პური, თუ ნასუქი საკლავი!
ის უბირი კაცი დღეში შვიდგზის იჩოქებდა მიწაზე და ღმერთს მადლობას სწირავდა ყოველი გათენებული დღისა და არსობის პურის მოცემისთვის!
ის უბრალო კაცი პატივს მიაგებდა მოხუც მშობელს, ყრმა შვილსა და ყოველ სტუმარს, ღვთისკაცად მოვლენილს!
საკუთარ ძმას თხილის გულს უყოფდა და ამით ხარობდა!
ვინც პატიოსანი მშრომელია, ის სხვაგვარად ვერ მოიქცევა! საკუთარ კაპიტალს მარტო თვითონ არ მოიხმარს, ღორივით ვერ იცხოვრებს, ღვთისგან ბოძებულს მხოლოდ თვითონ ვერ შეჭამს ვირთხასავით, თქვენ კი შეხედეთ თქვენს თავს, რას დაემსგავსეთ, გადიდრაჯდით, გაბუდაყდით, გასივდით და ქვეყანას ზემოდან გადმოხედეთ, ცოდვა-ბრალი და განკითხვა დაკარგეთ!
თუ ეკლესიას სწირავთ რაიმეს, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვების გეშინიათ, თორემ, როდის იყო ქველმოქმედი თავის სახელს “აპიარებდა"?
ჩემი კაპიტალიო, რომ ბრძანებთ, იქნებ, ისიც გვითხრათ, საიდან მოაგროვეთ ის, ან-- როდის აქეთ? რომელი წარმოება გახსენით, რა შეჰქმენით, რა ოფლი დაიდინეთ მაგ ხელებიდან და ტვინებიდან?
ეგ სისხლიანი და ცრემლიანი ფულებია, ეგაა ხალხის დაკარგული დანაზოგი, გაუფასურებული ანაბრები, ეგაა გლეხისა და მუშის ხელებით ნაშენები სახელმწიფოს დანგრევის მერე დატაცებული უძრავ-მოძრავი ქონება, ეგაა ნარკოტრეფიკინგით მიღებული საბაჟო, თუ იარაღით უკანონო ვაჭრობის წილები...ანუ, თქვენსავით ბინძური ფულია, თორემ კეთილსინდისიერი შრომით რომ გქონდეთ მოპოვებული, ეგ მსუყე ლუკმა ყელში შხამად ჩაგივიდოდათ, როცა ხელგაწვდილ მათხოვარს, მშიერ ბავშვსა და უსახლკარო მოხუცს დაინახავდით!
ცნობილია, სახელმწიფო ფასდება იმით, თუ როგორ ცხოვრობს იქ ბავშვი და მოხუცი!
ახლა თქვენვე ბრძანეთ, რა ჰქვია იმ სოფელ-ქვეყანას, სადაც ბავშვებს ნარკომანებად და ბორდელის ე.წ. სექსმუშაკებად აქცევენ, ხოლო მოხუცებს მათხოვრობასა და აქედან გადახვეწას აიძულებენ?!
ქვეყანას უჭირს და პენსიებს ვერ ვზრდითო! პენსიების დამრიგებელო ბანკო, მაშ, შენ რამ გაგალაღა, ეს ვერ გავიგე!
ქართველისთვის სირცხვილი იყო გვაროვნული კარჩაკეტილობა და სოციალური უთანასწორობა, მეფენიც კი გლეხებთან ერთად სხდებოდნენ-ხოლმე სუფრაზე და თქვენ, გუშინ რომ ცალ-ცალი კალოში გეცვათ, ასე რამ “გაგაკნიაზათ", ხალხის გვერდით ყოფნა რომ გესირცხვილებათ?
ცალკე ბაღებიო, ცალკე სკოლებიო, ცალკე რესტორნები და მაღაზიებიო, ცალკე თვითმფრინავებიო...მაღალი კლასი, უმაღლესი მომსახურება...არიქა, ცივი ნიავი არ მოგეკაროთ თქვენ და თქვენს ნაშიერებს, რომელთაც უკვე უმრუდებთ გონებას და უწამლავთ ტვინს, ჰოდა, რაც მოგივათ დავითაო...
დღეს ვერავინ იტყვით თუნდ ერთ მაგალითს, რომ საქართველოში პატიოსანი შრომით ვინმე გამდიდრებულიყოს! ამას მხოლოდ ის ახერხებს, ვინც მღვრიე წყალში ხელაობს, ამიტომ არ გსურთ ქვეყანაში წყლის დაწმენდა, თქვე მართლა უწმინდურებო! მაგრამ თქვენს ჯიბრზე მაინც ამოდის მზე, მაინც თენდება და ღმერთი მაინც არ ტოვებს გაჭირვებულს ნუგეშის გარეშე, რადგან, თქვენგან განსხვავებით, ის წმინდა გულის მქონე და დიდსულოვანია! დიდება ქრისტე ღმერთს!!! " - წერს სამოქალაქო აქტივისტი ზაირა მიქაცაძე-ჭიღლაძე.
0
115
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0