სისხლის სამართალი რუსეთის გმირს, ვიცე-პოლკოვნიკ ირეკ მაგასუმოვს ბრალი წაუყენეს ლუგანსკში რუსი გოგოს მკვლელობაში 16 მარტი, 16:46 გასულ წელს 11 აგვისტოს ლუგანსკში ბარში მყოფ ორ გოგონას მიუახლოვდა და გაეცნო ორი ოფიცერი, ვიცე-პოლკოვნიკი ირეკ მაგასუმოვი და უფროსი ლეიტენანტი პაველ იასკევიჩი. გოგონებმა ოფიცრებს სთხოვეს ეჩვენებინათ მათთვის პისტოლეტის მოქმედების პრინციპი. ყველაფერი კი დამთავრდა 18 წლის რუსი გოგონას გარდაცვალებით სასწრაფო დახმარების მანქანაში. ვიცე-პოლკოვნიკის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გასროლისას, რომელსაც გოგონას დაჭრა და გარდაცვალება მოჰყვა, ის ვიცე-პოლკოვნიკი საერთოდ არ იმყოფებოდა, რადგან რამდენიმე წუთით ადრე დაურეკა მეგობარმა ოფიცერმა და დახმარება სთხოვა, რადგან ხულიგნებთან მოუვიდა კონფლიქტი. გასროლა კი მოხდა პაველ იასკევიჩის "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტიდან, იარაღის მაგიდიდან აღებისას მას შემდეგ რაც პაველმა გოგონებს გააცნო პისტოლეტის მოქმედების პრინციპი, მაგრამ პისტოლეტის ლულის ღარში ჩადებული ვაზნის ამოღება დაავიწყდა და პისტოლეტიც დამცველზე არ დაუყენებია, რასაც შემთხვევითი გასროლა მოჰყვა (მსგავსი რამ ახასიათებს "მაკაროვის" პისტოლეტს, რომელსაც რესურსი თითქმის ამოწურული აქვს). ერთი სიტყვით ვიცე-პოლკოვნიკის, რუსეთის გმირის "წყლიდან სუფთად გამოყვანას" ცდილობდნენ ადვოკატები, მაგრამ ბარის კამერის ჩანაწერებმა ცხადად აჩვენა, რომ გასროლა მოხდა მაგასუმოვის პისტოლეტიდან, იმ დროს როცა გადატენილი პისტოლეტის აღებისას მთვრალმა ოფიცერმა შემთხვევით სასხლეტს გამოჰკრა ხელი. ვიცე-პოლკოვნიკი დაუყოვნებლივ დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. ეროვნებით თათარი მაგასუმოვი წარმოშობით თათრეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, ქალაქ მამადიშიდან გახლავთ. მან ყაზანის სატანკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა როკოსოვსკის სახელობის საერთო-საჯარისო, სამეთაურო სასწავლებელი. მსახურობდა რამდენიმე სატანკო ნაწილში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პირველივე დღიდან იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, მეთაურობდა რა სატანკო ბატალიონს. 34 წლის მაგასუმოვს ბრალად წაუყენეს არაფხიზელ მდგომარეობაში არაწინასწარგანზრახული მკვლელობა, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალის წაყენების მერე მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს ცნობა, თითქოს მაგასუმოვმა უკრაინაში ბრძოლისას პირადად გაანადგურა 2 უკრაინული ტანკი, 15 სადაზვერვო მანქანა და ტყვედ აიყვანა 100 მოწინააღმდეგე (როგორ მოგწონთ 1 ოფიცრის მიერ 100 მებრძოლის ტყვედ აყვანა, ბოლივუდს გადაასწრეს მგონი), რის გამოც რუსეთის პრეზიდენტმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა და გმირის ორდენი პირადად გადასცა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ოფიცრის "დამსახურებები" და მას მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის მაქსიმალური სასჯელი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგასუმოვს ჰყავს დედა, მეუღლე და 12 წლის გოგონა. 626 5-ს მოსწონს |