x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"თვითმკვლელობის მცდელობის დღის წინა საღამოს, მეგობარს ვთხოვე, მაღაზიაში მიმიყვანე-მეთქი" - გიორგი კეკელიძე
image

მწერალი, ესეისტი და ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი გიორგი კეკელიძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის მენტალურ ჯანმრთელობას შეეხება.


თვითმკვლელობის მცდელობის დღის წინა საღამოს, მეგობარს ვთხოვე, მაღაზიაში მიმიყვანე-მეთქი. საზარელი, აკვიატებული ფიქრების, სამყაროსგან გაძევების განცდის, დაუცხრომელი შიშების გაძლება აღარ მინდოდა. ძალიან, ძალიან მომბეზრდა ეს წამება.

მარკეტში ლასლასით შევედი და მახსოვს, სადღაც ბოლოსკენ, ვიპოვე ერთჯერადი საპარსები - ერთ გზად მათაც განვიხილავდი. ორი ცალი ჩამოვხსენი და უკან მოვბრუნდი. თავში ათასი სცენარი ირეოდა - გადარჩენების და წასვლების, ფსიქოტროპულების ვერაგი ბუნდოვანება ენას და გონებას ერთდროულად მიბორკავდა - ჰოდა, ეს საპარსები ჯიბეში ჩავიდე, ჩავიდე და სანამ გამყიდველთან მივედი, მოულოდნელად გამახსენდა და ელვანაკრავივით ამოვიღე.


ეგ კი ამოვიღე, მაგრამ ახალი ფიქრი ჩავიდე მათ ნაცვლად, ახალი ეკლიანი ქამარი შემოვცხე ისედაც კუთხეში მდგარ, დასჯილ გონებას - “აქ, ხომ კამერა იქნებოდა. კი, უეჭველი. ალბათ, ჩაწერილია, როგორ ვიდებ ჯიბეში საპარსებს და სანამ ამოვიღებ, იქამდე მოჭრიან ფირს და გაავრცელებენ: “მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი საპარსებს იპარავს.“ ტვინს ობსესიის უცაბედი ობი მოედო. თან ვიცოდი, რომ სრული სიგიჟე იყო ეს ამბავი, თანაც პოსტსტრესული შფოთვითი აშლილობის ვულკანური სუნთქვა მიწვავდა ბეჭებს და გულ-მუცელს. გამყიდველს სამჯერ ვუთხარი, რომ გზად საპარსი ჯიბეში ჩავიდე-მეთქი.

ის ჯიუტად ლოგიკური ქალი გამოდგა და მერე რა, ხომ არ გაგიტანიათო, სამჯერვე მიპასუხა - მესამედ უკვე დაცვის სავარაუდოდ მოხმობის ტემბრით.

მეთქი, არა, მაგრამ რადგან კამერამ გადაიღო, შეიძლება ვინმემ ჩახედოს და იფიქროს, რომ ქურდი ვარ და მპარავი - მერე სხვას დაჭირდეს და გამოაქვეყნოს.

მოკლედ, როგორც კლასიკურ ქართულ ობსესიურ იგავშია მოთხრობილი, “გლახაკსა და ქილა ერბოში" - ბოლოს “აცე, ხარო მეთქი!" კინაღამ დავიძახე ანუ ფანტაზიით უკვე ციხეში ვიჯექი და მგონი ვადამდეც გამომიშვეს.

რა თქმა უნდა, დაბრალების პანიკური ფობია, მანამდელმა საშინელმა გამოცდილებამ მიკარნახა, მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მაქვს სათქმელი - იმ ძირითადზეც იქნება პასუხი - შეიძლება გვიანი, მაგრამ ძალიან ცხადი და ზუსტი.

მოკლედ, გიორგი კეკელიძე, სახლში ბრუნდები თავის მოსაკლავად, ყველა ფიქრი უკვე განაწყვე საამისოდ და თან ღელავ, რამე არ დამაბრალონ, ხალხმა დაცინვა არ დამიწყოსო.

უცნაურია, ძალიან უცნაური.

უცნაურია, მაგრამ სირცხვილის შიში სიკვდილის შიშზე ძლიერი გამოდგა - სახელის გატეხვის შიში, “ყოველსა მოსახვეჭელსა" რომ სჯობს. და კიდევ: ეს ბავშვობაში ჩანერგილი რაღაც უცნაური და გაუგებარი პატიოსნება თუ “პატიოსნება", როცა, მთავარი ის კი არ არის, რა გაააკეთე, არამედ ის, თუ რას იტყვის ხალხი და ჩაუდენელი დანაშაულის გამო იტანჯები, თვითგვემის საფეხურებს ასკინკილათი არბიხარ და ჩამორბიხარ.

განსმაზღვრელი არა მოვლენა, არამედ მისი აღქმაა - უმეტესწილად, სრულიად და უსინდისოდ გამოგონილი.

ასე გვზრდიდნენ და ასეთები გადავედით დიდ გზაზე - წინასწარ დამნაშავეები და ზოგჯერ უკვე სასჯელმოხდილები.

გამოვედით და არავინ გვასწავლა თავის წამოწევა, ვიდრე ცხოვრებამ კბილებში არ ჩაგვცხო სისხლიანი წიხლი.

ჭარბი მორალურობა და გამოგონილ, ან სრულიად ბაც დანაშაულთა გამო თვითგვემა შფოთვითი აშლილობებისას საჯარო სირცხვილის განცდასაც სცდება და საკუთარ თავის საკუთარი თავის მიერ დასჯისგან გათავისუფლებას ცდილობს.

აქამდე ჩვენ ვიცით სასჯელის სამი ძირითადი ფორმა:

1) გაკიცხვა, შერცხვენა - საზოგადოებრივი მორალის ენა.

2) სამართალი - ადამიანთა კანონის ენა.

3) "მართალი სამართალი" (რუსთაველი) - რელიგიის ენა - ღვთიური სასჯელი ან აქაურ ან მიღმიერ სამყაროში.

მაგრამ რატომ ვწუხვართ მაშინ, როცა არცერთი ამათგან არ გვემუქრება? გავიხსენოთ ტომ სოიერის და მურაბის მოპარვის ეპიზოდი.

რა არის ამგვარი შფოთვის საყრდენი? სინდისი ანუ კანტისეული გასაკვირი “მორალური კანონი ჩემში"? თუ ეგ მორალური კანონიც ზოგადი და არქეტიპულია და კაცობრიობის გამოცდილ და ჩემში გენეტიკურად დალექილ შიშს (იუნგი) ეფუძნება? მე მგონი, რომ ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს.

ამიტომაც არის ადამიანს ყოფნა ერთდროულად მტანჯველი და საინტერესო“, - წერს კეკელიძე.


0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0