საზოგადოება სოფელ ხადიკში მდებარე ტაძარი, რომელიც ყოველ ზამთარს წყლიდან ამოდის 21 თებერვალი, 16:06 ს
სასწაული! - ყოველ ზამთარს ტაძარი წყლიდან ამოიმართება.. როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა სამზეოზე ამოდის და მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს ჩვენი სამშობლოს ბედი დაჰყოლია ამ ტაძარსაც!.. სოფელი ხადიკი თრიალეთის კალთებზე, წალკიდან სამიოდე კილომეტრშია. აქაურები წელიწადში ერთხელ ღვთის სასწაულის მოწმენი ხდებიან: ზამთრის მიწურულს სოფლის განაპირას მდებარე ტბიდან ამოიმართება ხოლმე მართლმადიდებლური ტაძარი, დღის სინათლეს იხილავს, რწმენას და იმედს შემატებს ქართველობას და მალე ისევ თვალს მიეფარება... ჭეშმარიტად, საოცარი სახილველია რიჟრაჟზე, ყინულეთის ტყვეობიდან თავდაღწეული ეკლესია, ზამთრის იშვიათი მზის ათინათით გაბრწყინებული და დამშვენებული, დასალიერზე კი ნისლავარდნილი მთები, იდუმალებაში გარინდულნი.
ამ ადგილებში ოდითგან ჩქეფდა სიცოცხლე, რასაც აქაური ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით დათარიღებული გორასამარხებიც მოწმობს. მერე და მერე, ისტორიულმა წიაღსვლებმა თრიალეთის კალთებს ბევრჯერ გადაუარა, ხან მშვიდობიანად, ხანაც ბედუკუღმართი ქარაშოტებით.
XIX საუკუნის შუა წლებში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობაწართმეულ საქართველოში რუსული ჩექმა აბრახუნდა, არზრუმის მხრიდან ამ ადგილებში ბერძნები ჩამოასახლეს. სოფლისთვის ხადიკი სწორედ მათ დაურქმევიათ.
მოგვიანებით კომუნისტებს აქ ჰესის აშენება განუზრახავთ, რამდენიმე სოფელი აუყრიათ და მოშორებით გადაუბარგებიათ. მდინარე ხრამზე (ოდინდელ ქციაზე) დაწყებულმა მშენებლობამ ნასოფლარები ქვეშ მოიყოლა. წყალმა დაფარა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიაც. ათეული წლები გავიდა, ტაძარი კი, გუმბათმორღვეული, განახევრებული, მაგრამ მაინც ფუძემაგრად მდგარი, ჯერაც უძლებს განსაცდელს.
ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე შესამჩნევად კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა სამზეოზე ამოდის, მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს, მლოცველებს კიდევ ერთხელ ჩაიკრავს გულში, განიწმინდება, სანთლებით აიკიაფებს კედლებს და გაზაფხულის დადგომისთანავე ისევ წყლის საუფლოში ჩაესვენება, ზუსტად ისეთივე ხაზგასმული სიდინჯით, როგორითაც იცის ხოლმე ნათლის სვეტად ამომზევება...
373 1-ს მოსწონს
|