x
მეტი
  • 14.04.2024
  • სტატია:134296
  • ვიდეო:352801
  • სურათი:508397
უცხო ენის სწავლების მეთოდები
imageპედაგოგიკაში მეთოდი განიხილება, როგორც კონკრეტულ პირობებსა და ვითარებაში, კონკრეტული სასწავლო თუ სააღმზრდელო მიზნის მისაღწევად მასწავლებლისა და მოსწავლის რეგულარულად განმეორებადი თანამოქმედება.
ეს ტრადიციულად გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის „ცოდნის გადაცემას“, ე.ი. მათთვის ასათვისებელი მასალის გაცნობას, პრეზენტაციას, თხრობის, სასკოლო ლექციის მეშვეობით, რაც მოსწავლეებმა უნდა დაისწავლონ მრავალჯერადი წაკითხვის, თემების წერის, მაგალითებისა და ამოცანების გამოყვანაზე ვარჯიშის გზით; და შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელს ჩააბარონ ნიშანზე. ცხადია, ეს ზოგადი მეთოდი, მასწავლებლისა და მოსწავლის ეს თანამოქმედება თავისებურად კონკრეტდება ცალკეული საგნების სწავლებაში.
მაგალითად, ასტრონომიის, ბიოლოგიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდებია – მასწავლებლის მხრიდან – სასკოლო ლექცია, თხრობა, საუბარი, ექსკურსიების მოწყობა, მოსწავლის მხრიდან – მოსმენა, წიგნზე მუშაობა, თხრობა (მოყოლა), ექსკურსიებში აქტიური მონაწილეობა, რასაც გეოგრაფიისა და ისტორიის შემთხვევაში, ორსავე მხრიდან ემატება გეოგრაფიული პუნქტების ჩვენება რუკაზე.
არითმეტიკის, ალგებრის, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის სწავლებაში გამოიყენება – მასწავლებლის მხრიდან ახსნა, წესის ფორმულირება და საილუსტრაციო მაგალითების და ამოცანების გამოყვანის ხერხების დემონსტრირება, მოსწავლის მხრიდან კი – მოსმენა, დაკვირვება, წესების დასწავლა-ფორმულირება და მაგალითებისა და ამოცანების გამოყვანაში ვარჯიში.
ამავე მეთოდებს მიმართავენ ფიზიკისა და ქიმიის სწავლებაშიც, ცდების ჩატარება მეთოდის დამატებით, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლის მხრიდან.


როგორც ვხედავთ, ეს მეთოდები ძირითადად ორიენტირებულია მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის ცოდნის გადაცემასა და ამ უკანასკნელების მიერ ამ ცოდნის ათვისებაზე, რაც გარკვეულწილად ამართლებს იმ საგნების სწავლებაში, რომლებიც მეცნიერებათა საფუძვლებს წარმოადგენენ.


მაგრამ სწავლების ეს მოდელი ვერ მუშაობს სათანადო უკუგებით ისეთი სპეციფიკური საგნის სწავლებისას, როგორიც უცხო ენაა, სადაც სწავლების ძირითადი მიზანი სამეტყველო უნარ-ჩვევების ფორმირებაა; სათანადო, ე.ი. ენობრივი ცოდნის ათვისებას კი მხოლოდ შუალედური, დაქვემდებარებული როლი აკისრია.


მეთოდზე „რანგით“ დაბალი და ცალკეული სასწავლო ამოცანის გადასაწყვეტი ეპიზოდური, სახელდახელო ღონისძიებაა „ხერხი“. თუმცა, ზოგიერთი მეთოდისტის აზრით, – თუ ისეთი ხერხი, როგორიც განმარტება-კომენტირებაა (რომელიც ფართოდ გამოიყენება ზეპირმეტყველებისა და კითხვის სწავლებისას) საფუძვლად დავუდეთ მათ სასწავლო პროცესს, იგი ხერხიდან მეთოდად გადაიქცევა. დღეს უცხო ენის სწავლების ყველაზე ოპტიმალურ, გავრცელებულ და პოპულარულ მეთოდებად მიჩნეულია: 1. ახსნა; 2. დემონსტრაცია; 3. ვარჯიში; და მათი თანმხლები – 4. კონტროლი; და 5. თვითკონტროლი.

1.
აქ ახსნა ნიშნავს ახალი, ასათვისებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ლინგვისტურად დასაბუთებულ და მეთოდიკურად მიზანშეწონილ აღწერა-დახასიათებას; და ჩვენ შემთხვევაში, გულისხმობს ენობრივ და სამეტყველო საშუალებათა ფორმის, მნიშვნელობის და ფუნქციონირების მოსწავლეთათვის გაცნობას, რაშიც აქტიურ მონაწილეობას უნდა ღებულობდნენ მოსწავლეებიც.
ახსნას მეტად მოკრძალებული ადგილი უკავია უცხო ენის სწავლებაში და მას უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ, ფაქტიურად სწავლების დაწყებით ეტაპზე, შემდეგში კი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოცემულ ენობრივ მოვლენას დედაენაში ანალოგი არ გააჩნია.

2.
დემონსტრაცია უცხო ენის სწავლებაში ნიშნავს არა მარტო ვიზუალურ საშუალებათა, ე.ი. რეალურ და ბუტაფორულ საგანთა, სურათების, ნახაზების, მოძრაობების ჩვენებას, არამედ და უფრო მეტად, სმენით-ვერბალურ თვალსაჩინოებას. ახალი მასალის პრეზენტაციისა და შემდგომ შეცდომების გასწორებისას მასწავლებელი ახდენს ენობრივი ერთეულების სწორი წარმოთქმის, დაწერილობის მნიშვნელობებისა და ფუნქციონირების სანიმუშო დემონსტრირებას.

3.
უცხო ენის სწავლების მთავარი, წამყვანი მეთოდია ვარჯიში; ვარჯიში ენასა და მეტყველებაში; რამეთუ, ენობრივი მასალის ათვისებისა და სამეტყველო უნარ-ჩვევების ფორმირებისათვის აუცილებელია ამ ენობრივ მოვლენასთან მრავალჯერადი შეგნებული, არამექანიკური, დაჭირვებული შეხვედრა. ზოგიერთი მეთოდისტი აქ კონკრეტულ ციფრსაც ასახელებს – ესაა 125-ჯერ ენობრივი მოვლენის აქტიური, შემოქმედებითი გამეორება, მისი აკუსტიკურ-არტიკულაციურ, ვიზუალურ და გონებრივ ანალიზატორებში გატარება.
ცურვა ცურვით უნდა ასწავლო და ისწავლო, მეტყველება – მეტყველებით, ე.ი. ლაპარაკსა, წერასა, აუდირებასა და კითხვაში ვარჯიშით. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, მეტყველებაში ვარჯიში ყველაფერი იმის ინსცენირება და რეპეტიციაა, თუ როგორ უნდა აწარმოოს სკოლადამთავრებულმა ვერბალური ურთიერთობა მოცემული უცხო ენის მატარებელთან. ასე რომ, ვარჯიში და რეალური სამეტყველო მოქმედიანობა მოიცავს უცხო ენის სწავლების ყველა სფეროსა და სტადიას. უცხო ენის გაკვეთილი სინამდვილეში ენობრივი და სამეტყველო სავარჯიშოების სისტემაა და საუკეთესო გაკვეთილად ითვლება ისევ და ისევ ის გაკვეთილი, სადაც მთელი დროის 80-90% კლასი ან ლაპარაკობს, ან ისმენს, ან წერს და ან კითხულობს.

4. კონტროლი და 5. თვითკონტროლი
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აუცილებელი შემადგენელი კომპონენტებია. კონტროლი საშუალებას აძლევს მასწავლებელს თვალი გაადევნოს როგორ ხორციელდება პროგრამული მიზანდასახულობანი მოცემულ კლასსა და ცალკეულ მოსწავლეებში, რათა დროზე შეიტანოს სათანადო კორექტივები თავის მუშაობაში. ინტერაქტიული სწავლების კონცეფციიდან გამომდინარე, საკონტროლო ღონისძიებებში ფართოდ უნდა ჩავრთოთ მოსწავლეებიც.
ზეპირმეტყველებისა და დაფაზე მუშაობისას ეს ახლაც ხდება, მაგრამ საჭიროა მოსწავლეებს „ვანდოთ“ საკუთარი და თავიანთი ამხანაგების წერითი ნამუშევრების შემოწმება-შეფასებაც, მასწავლებლის მიერ მიცემული კრიტერიუმების მიხედვით, რომელთაც შემდეგ, უკვე მესამე ფერის საწერკალმით, თვით მასწავლებელი შეამოწმებს და შეაფასებს.
ეს „ახალი ხილი“ მოსწავლეებს მიაჩვევს თვითკონტროლსა და (რეფლექსია) თვითშეფასებას, რაც არა მარტო აამაღლებს მათი შრომის ნაყოფიერებას, არამედ ნათელყოფს მასწავლებლის მიერ დასმული ნიშნების ადეკვატურობასაც.
დღევანდელი პედაგოგიკიდან და სასწავლო-სააღმზრდელო პრაქტიკიდან საბოლოოდ უნდა ამოიშანთოს „დამნაშავე“ მოსწავლის ყოველგვარი დაგმობა-გაკიცხვისა და მითუმეტეს, დასჯის მეთოდი, რამეთუ თუ ბატონ შალვა ამონაშვილს შევეხმიანებით, აკადემიურ თუ ყოფაქცევით „ჩავარდნებში“ დამნაშავეა არა მოსწავლე, არამედ მთელი საზოგადოება თავისი გენეტიკური მეცნიერებით, პედაგოგიკით, მასწავლებლებითა და მშობლებით. ასე რომ, ნამდვილი მასწავლებელი კი არ უნდა „ასმენდეს“ მოსწავლეს მშობელთან, არამედ ამ უკანასკნელთან ერთად ეძებდეს ქმედით, გულშემატკივრულ და ტაქტიან გამოსავალს შექმნილი არასასურველი სიტუაციიდან.
imageინტერაქტიული სწავლება

უპრიანია, ცალკე გამოვყოთ ჩვენში შედარებით ახლადდანერგილი ინტერაქტიული/ინტერაქციული სწავლება, სადაც „მთავარი გამწევი ძალა“ სწორედ მოსწავლეა.



ინტერაქტიული სწავლების მეთოდები მოსწავლეთა ჩართულობით შესასწავლ მასალაზე აქტიური მუშაობის საშუალებას იძლევა და დაგროვილი ცოდნის გაღრმავება-გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასეთად მოიაზრება:

• დისკუსია/დებატები (discussion/debates);
• ჯგუფური და თანამშრომლობითი მუშაობა (collaborative and cooperative learning/small-group learning);
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL – ProblemBased Learning);
• ევრისტიკული მეთოდი (heuristics/heuristic approach – “rules of thumb”)
• გონებრივი იერიში (brainstorming)
• როლურ-სიტუაციური თამაშები (role-play and situational games)
• შემთხვევის ანალიზი (case study)

ელექტრონული სწავლება

მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა შეიძინა ელექტრონულმა სწავლებამ. მოსწავლეები დამოუკიდებლად ან მასწავლებლის მითითებებით ელექტრონულად (თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) ამზადებენ დავალებებს, მოიპოვებენ ინფორმაციას, წერენ პროექტებს და ივსებენ ცოდნის მარაგს.
ამგვარად, ისინი უფრო ნათლად ხედავენ თავიანთ ძლიერსა თუ სუსტ მხარეებს, ეჩვევიან საკუთარ თავზე მუშაობას და მეტი სტიმული ეძლევათ ამა თუ იმ დავალების წარმატებით შესასრულებლად.
imageუცხო ენის სწავლების საშუალებები

სწავლების საშუალებებს ორ ტიპად ყოფენ:

1. პირველი და იდეალური, ესაა ენობრივი გარემო, სადაც ენას, რა თქმა უნდა განსხვავებულ დონეზე და ხარისხში, მაგრამ ყველა ეუფლება; და

2. სწავლების ხელოვნურ საშუალებათა ერთობლიობა, რომელთა დანიშნულება ბუნებრივი ენობრივი გარემოს შესაძლო მაქსიმალური ილუზირება, ენობრივი მასალის და სამეტყველო მოქმედიანობის სათანადო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მოსწავლეთა სასწავლო ინტერესის გაღვივება, მათი ამ საგნისადმი ენთუზიაზმის შენარჩუნება და ამგვარად, მთელი სასწავლო პროცესის ოპტიმიზირებაა.

როგორც ვიცით, ვერბალური ურთიერთობა, ანუ ინფორმაციის გადაცემა და მიღება ან ბგერითი, ანუ სმენითი არხით ხორციელდება; ანდა გრაფიკული, ანუ მხედველობითი არხით. სმენითი არხის თავში, ამ ზეპირი ინფორმაციის გადამცემ პუნქტში, მთქმელის სამეტყველო ორგანოები არტიკულირებენ, ახმოვანებენ, წარმოთქვამენ, ცნობიერების მიერ შინაგან მეტყველებაში ჩაფიქრებულ წინადადებას, რომელიც ჰაერის სათანადო კონფიგურაციის მქონე ტალღური რხევების სახით აღწევს მსმენელის ყურამდე, სადაც იგი აღიქმება, შემდეგ კი იქიდან გადაეცემა ცნობიერებას, რათა მოხდეს ამ წინადადების შემადგენელ სიტყვათა ამოცნობა, მათი გრძელვადიან მეხსიერებაში არსებულ ეტალონებთან შედარება-შეტოლების გზით და ამგვარად, ამ წინადადების ამოცნობა-გაშიფვრა.
ანალოგიურად ხორციელდება გრაფიკული ინფორმაციის გადაცემა და მიღება მხედველობითი არხით; იმ განსხვავებით, რომ აქ მთქმელის ცნობიერებასა და სამეტყველო ორგანოებს ცვლის დამწერის ცნობიერება და ხელი; მსმენელის ცნობიერებასა და ყურს კი – მკითხველის თვალი და ცნობიერება.
მაშასადამე, ვერბალური ურთიერთობის წარმატებით საწარმოებლად საჭიროა მასში მონაწილე ყველა ამ ორგანოთა სათანადო გაწვრთნა-გავარჯიშება, რაც შეუძლებელია მარტოოდენ სახელმძღვანელოს მეშვეობით. ამიტომ, ახლა დღის წესრიგში დგას სწავლების ყველა ტრადიციული, ე.ი. არატექნიკური და თანამედროვე, ე.ი. ტექნიკური საშუალებების ინტეგრაცია, კომბინირება, ე.წ. მასწავლებლისა და მოსწავლის კომპლექტების სახით.

მასწავლებლის კომპლექტში უნდა შევიდეს:

1. პროგრამა, როგორც სწავლების მიზნის, სტრუქტურისა და შინაარსის განმსაზღვრელი და მთელი სასწავლებო-სააღმზრდელო პროცესის მარეგლამენტირებელი და მარეგულირებელი დოკუმენტი;

2. მასწავლებლის წიგნი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია პროგრამასა და სახელმძღვანელოსთან, და რომელიც მასწავლებელს სთავაზობს სახელმძღვანელოებში დასმული ამოცანების გადაწყვეტის კონკრეტულ მეთოდიკურ რეკომენდაციებს;

3. აუდიო – ანუ სმენითი საშუალებები (როგორიცაა: ა) აუდიოჩანაწერები; და ბ) სკოლის რადიო);

4. ფოტო-ვიდეო/ვიზუალური საშუალებები (როგორიცაა: ა) რეალური ან ბუტაფორული საგნები; ბ) ფართოფორმატიანი სურათები; გ) შესასწავლი ენის მატარებელი ქვეყნების რუკები და ღირსშესანიშნაობათა ხედები; დ) დასარიგებელი დიდაქტიკური მასალა – ასოები, ციფრები, ტრანსკრიფციის ნიშნები, სასწავლო ლოტოს დაფები და სურათებზე დასაფარებელი ჟეტონები; ე) ფართოფორმატიანი ორთოგრაფიული კითხვის წესების, სიტყვათწარმოების, წესიერ და არაწესიერ გრამატიკულ ფორმათა წარმოების და წინადადებათა ფორმების წარმოების სანიმუშო ცხრილები; ვ) სინონიმების, ანტონიმებისა და ომონიმების ცხრილები; ზ) დაპროგრამებული სავარჯიშოების კრებული; თ) ლინგვისტური თამაშების კრებული; ი) კლასგარეშე მუშაობის დამხმარე სახელმძღვანელო; კ) პულტით სამართავი კინო-კადრები);

5. აუდიო-ვიდეო ანუ სმენით-მხედველობითი საშუალებები (როგორიცაა: ა) სათითოეულკლასო ვიდეომასალა; ბ) სასწავლო თუ მხატვრული ფილმები; გ) პროექტორი სათანადო ვიზუალური მასალით);

გარდა ამისა, უცხო ენის მასწავლებლის განკარგულებაში უნდა იყოს სპეციალური კაბინეტ-ლაბორატორია: ა) კომპიუტერებითა და ინტერნეტით; ბ) ტელევიზორით ფილმებისათვის; გ) პროექტორით; დ) კედლებზე ფართოფორმატიანი ყველა ვიზუალური თვალსაჩინოებითა; და ე) შესასწავლ ენაზე მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებათა პორტრეტებით.

ამავე კაბინეტში ენთუზიასტ მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია მოაწყოს სკოლის რადიო, საიდანაც შესვენებებზე უფროსკლასელთა ძალებით უცხო ენაზე გადაიცემა მოკლე ცნობები მსოფლიოში, ქვეყანასა და სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ამბები. ასეთივე ინფორმაციით მოსწავლეები უნდა გამოდიოდნენ გაკვეთილის შესავალში ე.წ. „დაჭურვის“ დროს.
დაწყებით კლასელთათვის ჩაწერილი უნდა იყოს ენობრივ ერთეულთა, ე.ი. ბგერების, სიტყვების, შესიტყვებების და წინადადებების სანიმუშო წარმოთქმა მოსწავლეთა აღქმასა და იმიტაციაში ვარჯიშისათვის.
საშუალო და უფროსკლასელთათვის კი - აუდიოჩანაწერზე უნდა იყოს აღბეჭდილი კაცის, ქალის, ბავშვის საყოფაცხოვრებო მონოლოგური და დიალოგური მეტყველების ნიმუშები, ზღაპრები, ნოველები და კინოსცენარები, რომელთა გაგების შემოწმება შეიძლება კითხვა-პასუხებით, თარგმანით, მშობლიურ და შესასწავლ ენაზე თხრობით. აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვერავითარი ტექნიკა, ვერავითარი კომპიუტერი და ინტერნეტი ვერ შეცვლის და ჩაანაცვლებს მასწავლებელს, რომელიც სასწავლო პროცესის წამყვანი ფიგურაა თავისი ყოფაქცევით, პიროვნულობითა და მეტყველებით.

მოსწავლის კომპლექტში უნდა შევიდეს:

1. უცხო ენის სახელმძღვანელო.
2. შესაწავლი ენისა და დედაენის ორმხრივი თარგმნითი ლექსიკონები;
3. შესასწავლი ენის გრამატიკა;
4. დაპროგრამებული სავარჯიშოების კრებული.
5. სამხარეთმცოდნეო ცნობარი;
6. შესასწავლი ენების მატარებელი ქვეყნების გეოგრაფიული ატლასები;
7. საშინაო კითხვის წიგნები;
8. დასაჭრელი დიდაქტიკური მასალა;
9. აუდიო-ვიდეო მასალა;
10. სიუჟეტური სურათების ალბომი;
11. პროექტორი;
12. თემატური სასწავლო კინოფილმები და მოკლემეტრაჟიანი თუ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები.

ასეთად გვესახება მასწავლებლისა და მოსწავლის კომპლექტთა შედგენილობა, რომლებიც მოთხოვნილებისდა მიხედვით კლასებზე განაწილდება და რომლებიც, ბუნებრივია, შეიცვლება და შეივსება დრო და ჟამის შესაფერად და შემოქმედ მეთოდისტთა და მასწავლებელთა ინიციატივების შესაბამისად.
კომპლექტების პრაქტიკული სახით გამოცემა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, ოღონდ მხოლოდ რუსეთის რუსული სკოლებისათვის, საქართველოში კი ეს საქმე იდეა-მოსაზრებების დონეს არ გასცდენია; მაგრამ იმედია, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება, ამ საშურ სიახლესაც მიეხედება.
*
*
წყარო: აკაკი მუმლაძე: "როგორ ვასწავლოთ? უცხო ენა უცხოდ რომ არ დარჩეს"
გამომცემლობა „ივერიონი“. თბილისი 2020.

0
27
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0