x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134567
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508647
"მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ" - გურამ საღარაძის და ტანია ბუხბინდერის სიყვარულის ისტორია
image

17 იანვარი (2013წ.) შესანიშნავი მსახიობის დ მხატვრული კითხვის დიდოსტატის გურამ საღარაძის გარდაცვალების დღეა, თუმცა სიკვდილამდე მსახიობის ყველაზე დიდი დარდი და ტკივილი საყვარელი მეუღლის, ტატიანა ბუხბინდერის გარდაცვალება იყო, რომელსაც წლების შემდეგაც ვერ შეეგუა:




“ხომ ამბობენ, რომ დრო მკურნალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მკურნალობს. უბრალოდ, ყოველდღიურობა გაჩვევს ამ ტკივილს, თორემ ამისგან ვერასოდეს განიკურნები. თავსაც ვერ მოიკლავ…სასაფლაოზე რომ ვარ და მის საფლავს ვუყურებ, ხომ არ გგონიათ ავღელდე, ემოცია გამოვხატო… არა… საფლავი უცხოა ჩემთვის.“-ამბობდა მსახიობი.



გურამ საღარაძე და ტანია ბუხბინდერი. ერთმანეთს ოდნავ გვიან გადაეყარნენ. იმხანად გურამ საღარაძე უკვე გაცილებული იყო მეუღლეს – ირინა ქებაძეს, (ეს უკანასკნელი ბუბა კიკაბიძეს ცოლი გახდა) უკვე ჰყავდა მისგან ქალიშვილი მარინა საღარაძე, ტანიაც უკვე გაცილებული იყო ბორია მესერს – ცნობილ ებრაელ მხატვარს, მაია პლისეცკაიას ბიძაშვილს.


image


ტანიას მამა ცნობილი დირიჟორი იყო, საქართველოში იყო გაზრდილი, შემდეგ წლების მანძილზე ნოვოსობირსკში მოღვაწეობდა, საქართველოში რომ დაბრუნდა უკვე სახელოვანი დირიჟორი იყო და მთავარ დირიჟორად დანიშნეს ოპერის თეატრში. ტანიამ მოსკოვში დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი, შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში და თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა პედაგოგად – მუსიკალური თეატრის რეჟისორი იყო. თეატრალურშივე ასწავლიდა გურამ საღარაძე – მხატვრულ კითხვას. იქ გაიცნეს ერთმანეთი, გურამ საღარაძე მოგვიანებით დაწერს „ჩვენ თეატრალური ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ“, მაგრამ ეს მაინც ზოგადია და არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას რომ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს ერთმანეთი. გურამ საღარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იტყვის რომ ეს მოხდა ოპერის თეატრში – სპექტაკლის სანახავად მისულმა გურამ საღარაძემ 10 წლით უმცროსი ტანია ბუხბინდერიც ნახა „ტანია დავინახე და ძალიან მომეწონა. მანაც მომაქცია ყურადღება, ერთი-ორჯერ სუფრასთანაც შევხვდით, საერთო მეგობრებიც აღმოგვაჩნდა და ბოლოს, ჩემი უახლოესი ადამიანი გახდა. დავიწყეთ ერთად ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობა მოგვიანებით დავაკანონეთ.“

image

დაიწყო დიდი მძვინვარე რომანი, რომელიც 28 წელი გაგრძელდა. თუმცა რატომ 28 წელი, ეს სიყვარული ტანიას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა – 17 წლიან მარტოობად…. როგორც მისი ქალიშვილი მარინა საღარაძე ამბობს, თურმე არ ყოფილა დღე, რომ ტანია არ ეხსენებინოს…


ტანია არ იყო სტანდარტული ცოლი. თუ ცოლებს ნერვებს უშლით ქმრის ძმაკაცების გაუთავებელი სტუმრობები, ტანია პირიქით – იქით ახვედრებდა გურამს ძმაკაცებს. გურამის ძმაკაცები ტანიას შესჩივლებდნენ, პურ-მარილი გვინდა და გურამი წუწუნებსო. ტანიაც ეტყოდა – მერე რას უსმენთ, საჭმელიც მაქვს, სასმელიც, საღამოს გელოდებითო. მივიდოდა გურამი სახლში და ძმაკაცები ხვდებოდა…

image

ტანიას ჰყვარებია ძველებური ნივთები და გატაცებით აგროვებდა ძველებურ ნივთებს, ჭურჭელს, გურამი ეჩხუბებოდა – „ნუ მოგაქვს სახლში ეს ჯართი“… მაგრამ მერე აღმოაჩინა რომ ამ „ჯართით“ საოცარი გარემო შექმნა ტანიამ, ისეთი, როგორიც სიამოვნებს, უხარია ხელოვან ადამიანს…



ბედნიერება 28 წელიწადს გრძელდებოდა. უეცრად დასრულდა. 55 წლის ტანია გარდაიცვალა… იმ დღეს, გურამ საღარაძე შინ გვიან მივიდა. მანქანა დააყენა, სახლისკენ აიხედა – ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა და ტელევიზორის ხმა ისმოდა, მაგრამ კარზე რომ დააკაკუნა, ზარი დარეკა, ხმა არავინ გასცა. აფორიაქებულმა კარზე ფეხით დაიწყო ბრახუნი, ხმაურზე მეზობლები გამოცვივდნენ. ღია ფანჯრიდან ბიჭები გადაძვრნენ, კარი გააღეს. სურათი რომელიც გურამ საღარაძეს დახვდა – სწოლიდან გადმოვარდნილი ტანია, საწოლზე ძაღლები – ბენჟამენი და კინტო…


ტანია ბუხბინდერს მაღალი წნევა აწუხებდა. „ბე­ვრ­ჯერ გა­და­მი­რჩ­ენ­ია, თუ­მცა იმ დღ­ეს ეს ვერ შე­ვძ­ელი. ნა­ხე­ვა­რი სა­ათ­ით ად­რე რომ მო­ვს­ულ­იყ­ავი, ალ­ბათ, კვ­ლა­ვაც ვუ­შვ­ელ­იდი მის წნ­ევ­ას, მა­გრ­ამ შინ მა­რტო იყო და… აბა ბენჟამენი და კინტო რას გააწყობდნენ?! “ – წუხდა გურამ საღარაძე.



ტანია ფუხბინდერი გარდაიცვლება… გურამ საღარაძე ყველაფერს ისე დატოვებს სახლში როგორც ქალბატონ ტანიას სიცოცხლეში იყო…

image

„ტანია არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. მასში უხვად იყო გამჯდარი სითბო, სიყვარული, ალერსი, რაც აუცილებელია და საჭიროა ადამიანის არსებობისთვის. მას, ღვთის მიერ ნაბოძები ერთგულებისა და წმინდა მეგობრობის დიდი ძალა ჰქონდა… ტანია ჩემი მეგობარი, მრჩეველი და შემფასებელი იყო...“

image


გავა კიდევ 17 წელიწადი და თავად გურამ საღარაძეც გარდაიცვლება. ამ ქვეყნად დარჩება მხოლოდ ლეგენდა მათ დიდ სიყვარულზე…

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0