კინო სამი საინტერესო ფაქტი ფილმ "დათა თუთაშხიას" შესახებ 16 იანვარი, 11:33 16 იანვარს დაიბადა, მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რომელიც მაყურებელმა გაიცნო მრავალფეროვანი და საინტერესო როლებით, თუმცა ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, დათა თუთაშხიას როლი ამავე სახელწოდების სატელევიზიო ფილმიდან მის სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს გთავაზობთ სამ საინტერესო ფაქტს ფილმის შესახებ, რომელიც ჭაბუა ამირეჯიბის რომანის" დათა თუთაშხიას" მიხედვით იქნა გადაღებული. *** ფილმ „დათა თუთაშხიას" ეპიზოდური თანმიმდევრობით ვიღებდით. ყოველი გადაღების შემდეგ ჭაბუასთან ერთად მთელი გადამღები ჯგუფი ვიკრიბებოდით და საპროექციო დარბაზში ვუყურებდით მასალას. ფილმის მეორე სერიის გადაღება ისე დავიწყეთ, რომ ვერ გავიგეთ ჩვენი ნამუშევარი მოსწონდა, თუ არა მწერალს. მაგრამ რესტორნის სცენამ, სადაც მუშნი ზარანდია და დათა თუთაშხია შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, სრულიად შეცვალა დამოკიდებულება ჭაბუა ამირეჯიბსა და გადამღებ ჯგუფს შორის, რაც კინოში იშვიათად ხდება: ეკრანზე თენგიზ არჩვაძე გამოჩნდა მსხვილი ხედით და... პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში გავიგონეთ ჭაბუას ხმა, რომელიც ჩუმად იჯდა ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში და ეკრანს ადევნებდა თვალს. ეს იყო ნიშანი, რომ მგონი, რაღაც მოეწონა. შემდეგ კადრში გამოჩნდა ჩემი პერსონაჟი მსხვილი ხედით; მომდევნო კადრში თენგიზ არჩვაძის ხედი კიდევ უფრო „გამსხვილდა" - ჩვენი გმირები უკვე პირისპირ უყურებენ ერთმანეთს. უცებ ბნელ დარბაზში ჭაბუას ქვითინი გავიგონეთ".
(ოთარ მეღვინეთუხუცესი)
***
ოთარმა თავიდანვე იცოდა, რომ ის იქნებოდა დათა. ერთ-ერთი თანაავტორია ამ ფილმისა. იმ პერიოდში, თეატრშიც და კინოშიც ყველა სხვა როლზე უარი თქვა დათას როლის გამო. მხოლოდ ფიროსმანი ითამაშა რამდენჯერმე. უამრავ როლს სთავაზობდნენ, 4 წელიწადი მთელი ცხოვრებაა მსახიობისთვის. როდესაც ფილმს ვამთავრებდით, მხოლოდ მაშინ გვითხრა, - თენგიზ აბულაძემ შემომთავაზა როლი და იქ რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო. ელიოზის როლი იყო "ნატვრის ხეში". ოთარი მოაზროვნე კაცია, ფიქრი უყვარს. რეჟისორები ამას ვიყენებდით - ხშირად გადავდიოდით მსხვილ ხედზე, როდესაც მისი პერსონაჟი ფიქრობდა, რაღაცას განიცდიდა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო... ფილმს რეპეტიციების გარეშე ვიღებდით. მიზანსცენას კი ვალაგებდით, ფიზიკურ მოქმედებებს ოპერატორთან, მხატვართან ერთად გავდიოდით, მაგრამ არ დაგვჭირვებია მსახიობებთან ტექსტზე მუშაობა, რადგან ოთარიც, თენგიზიც, სხვებიც დიდი მსახიობები არიან, ნაწარმოები კი - იმდენის მომცემია, რომ ახსნაც აღარ იყო საჭირო, საკუთარი გმირი რომ შეესისხლხორცებინათ. ამან გასაოცარი სიმართლე შექმნა ეკრანზე.(გიზო გაბესკირია)
***"დათა თუთაშხია" სსრკ-ის დროს და შემდგომ რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.
651 3-ს მოსწონს
|