რელიგია "ქრისტეს შობა ყოველთვის იდღესასწაულებოდა 25 დეკემბერს...რატომ?" - დეკანოზი თამაზ ლომიძე და ილია ჭიღლაძე 2023, 24 დეკემბერი, 16:21
სასულიერი პირების გარკვეული ნაწილი უკვე ღიად გამოახატავს პროტესტს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულის ძველი სტილით 7 იანვარს აღნიშვნის გამო.
აი, რას წერს მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი თამაზ ლომიძე: "ქრისტეს შობა ყოველთვის იდღესასწაულებოდა 25 დეკემბერს. რატომ? 1) ქრისტეს შობის ზუსტი თარიღი არსად არის ნახსენები სახარებაში. თუმცა, ბიბლიაში ზუსტი თარიღებიც ნახსენებია მაშინ, როცა ეს საჭიროა, მაგ. პასექის აღნიშვნის დღე (გამ. 12, 2. 6) ან ნოეს კიდობნის ხმელეთზე შეჩერების დღე (დაბ. 8, 4). ქრისტეს შობის ზუსტი თარიღის ჩაწერა არ ინება ღმერთმა სახარებაში, რადგან აქ მნიშვნელოვანია მოვლენა და არა ზუსტი თარიღი ანუ ქრისტეშობას ჩვენ ვდღესასწაულობთ არა ქრისტეს დაბადების დღეს ვიწრო გაგებით, არამედ განუმეორებელ მოვლენას - მიუწვდომელი ღმერთის კაცის ბუნებით შობას. 2) რადგან შობის ზუსტი თარიღი სახარებაში ნახსენები არ არის, ეკლესიამ გადაწყვიტა ღმრთის განკაცების მოვლენა ედღესასწაულა ყველაზე სიმბოლურ დღეს ანუ იმ მომენტში როცა დედამიწაზე დღე იმარჯვებს ღამეზე, როცა სინათლე იწყებს მატებას და სიბნელე კლებულობს, როცა მზე იწყებს უფრო დიდხანს ნათებას და ეს დღე არის 22 დეკემბერი. ხოლო 25 დეკემბერს აშკარაა, რომ ამიერიდან დღე იმატებს და იმატებს და ის საბოლოოდ გამარჯვებულია ღამეზე. თან ამ დღეს წარმართული სამყარო მზის დაბადებას დღესასწაულობდა. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა, რომ სიმართლის მზის - ქრისტეს შობის მოვლენა (არ ზუსტი დაბადების დღე) უნდა ვიდღესასწაულოთ 25 დეკემბერს ანუ იმ დროს, როცა ბუნებაც ეთანხმება ღმერთის ნებას, რომ ნათელმა უნდა სძლიოს ბნელს, რომ დღემ უნდა გაიმარჯვოს ღამეზე. ეს დღე კი 25 დეკემბერია. 3) კალენდარი სხვა არაფერია თუ არა დიდი პლანეტარული საათი, რომელიც მექანიკური მოძრაობის მიზეზების გამო, ხანდახან ჩამორჩება ხოლმე დროს. ამიტომ რამდენიმე საუკუნეში ერთხელ კალენდარს ასწორებენ, როგორც ნებისმიერ საათს. კალენდარი წინა საუკუნეშიც გაასწორეს და მივიღეთ 13 დღის ცდომილება. მაგრამ ზოგიერთნი ვერ შეელივნენ ძველ 25 დეკემბერს (ახლით 7 იანვარი), რადგან ის მიაჩნიათ ქრისტეს დაბადების ზუსტ დღედ და არ ესმით, რომ ამ დღეს ჩვენ მხოლოდ მოვლენას ვდღესასწაულობთ მისი შინაარსით. მაგრამ დღის გამარჯვება ღამეზე დღესაც ანუ ახალი კალენდრითაც ხდება 25 დეკემბერს ანუ ის მთავარი მიზეზი, რის მიხედვითაც დაწესდა ეს დღესასწაული, დღესაც 25 დეკემბერია. ამიტომ, შობა უნდა იდღესასწაულებოდეს იმ დღეს, რომელიც ეკლესიამ დააწესა ანუ მაშინ, როცა ნათელი გამარჯვებულია ბნელზე და ეს დღე ჩვენი ახალი კალენდრითაც არის 25 დეკემბერი. ********************************** 1918 წლამდე საქართველოში შობა მუდამ იყო 25 დეკემბერს, ოღონდ ეს 25 დეკემბერი მე-16 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული არ ემთხვეოდა ევროპის 25 დეკემბერს და ჩამორჩებოდა რამდენიმე დღით. ანუ ჩამორჩენილი მექანიკური საათივით იყო ჩვენი კალენდარი 1589-1918 წლებში და რეალურ თარიღთან აცდენილი იყო. 1918 წელს დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებამ ჩამორჩენილი კალენდარი გაასწორა საქართველოში და გაუთანაბრა ევროპის და მთელი მსოფლიოს კალენდარს, იგივე ქნა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთში იმავე 1918 წელს. მაგრამ ეს არ ქნა ქართულმა და რუსულმა ეკლესიამ, ამიტომ 1919 წლიდან მოყოლებული შობა საქართველოში და რუსეთში აღმოჩნდა 7 იანვარს! 1923-1925 და 1927-1928 წლებში ამბროსი ხელაიას და ქრისტეფორე ციცქიშვილის პატრიარქობების დროს ქართულმა ეკლესიამ გაასწორა კალენდარი და შობა 25 დეკემბერზე დააბრუნა, მაგრამ მოსახლეობაში არევდარევის გამო, მათ მიერ დღესასწაულების კვლავ ძველი გაუსწორებელი კალენდრით აღნიშვნის გამო, ჯერ ამბროსი ხელაიამ და მერე ქრისტეფორე ციცქიშვილმა დროებით შეაჩერეს საეკლესიო კალენდრის გასწორება და სამოქალაქო კალენდართან მისი სწორება. ასე აღმოჩნდა შობა 7 იანვარს, მაგრამ დღეს ის დიდი სხვაობაა, რომ მაშინდელი ქართველობა ძველ გაუსწორებელ კალენდარს ცხოვრებაში კვლავ იყენებდა და მოქმედი იყო, დღეს კი ის ცნობიერება სრულიად გამქრალია და რეალურად შობის რიცხვი 25 დეკემბერი ობივატელის ცნობიერებიდან გამქრალია და წაშლილი და შობის თარიღად 7 იანვარი დამკვიდრდა, რაც საეკლესიო ცნობიერებას ეწინააღმდეგება და კურიოზია. შესწორებული კალენდარი ანუ გროგორიუსის (და ასევე მილანკოვიჩის) კალენდარი იგივე იულიუს კეისრის კალენდარია, მაგრამ გასწორებულ-გაუმჯობესებული". 129 2-ს მოსწონს
|