სხვა ორი განსხვავებული პროფესია არმიაში, რომელთა წარმომადგენლები არც მტერს უყვარს და არც "მოყვარეს" 2023, 23 დეკემბერი, 15:53 ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებშია ორი განსხვავებული მიმართულების პროფესიის მქონე ხალხი, რომლებიც არც მტერს უყვარს და დიდად არც თანამებრძოლებს "ეხატება" გულზე მათი პროფესიებიდან გამომდინარე. მინდა შემოგთავაზოთ ჩემეული ანალიზი ამ ორ განსხვავებულ, მაგრამ აუცილებელ და საჭირო პროფესიებზე, ამასთან ერთად მიზეზებზე თუ რატომ არ უყვართ ამ პროფესიის ადამიანები. 1. გამნაღმველი საინჟინრო დანაყოფი ომის დროს უზარმაზარ როლს ასრულებს ომის თეატრში, ტრანშეები, ბლინდაჟები, დროებითი თუ ხანგრძლივი ცეცხლისთვის გათვალისწინებული კონსტრუქციის მოწყობა, მათი ხელით კეთდება. საინჟინრო დანაყოფებში შედის გამნაღმველები, რომლებიც განაღმვასთან ერთად საჭიროებისას დანაღმვითი საქმიანობითაც არიან დაკავებული. ნაღმის უამრავი სახეობა არსებობს, მათ შორის ეგრეთ წოდებული ჭკვიანი ნაღმები, რომლებიც მსხვერპლს უშანსოდ ტოვებს. არსებობს დანაღმვის უამრავი მეთოდი, რომლებიც აპრობირებული და ეფექტურია, მაგრამ აქ თავს ავარიდებ მათ ჩამოთვლას. ოკუპირებულ აფხაზეთში უამრავი სეპარატისტი, ოკუპანტი თუ დაქირავებული ემსხვერპლა ან დაასახიჩრა ქართული დივერსიული ჯგუფების მიერ დადებულმა ნაღმებმა. ომის დროს, როგორც წესი ნაღმავენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზებს, მიმართულებებს და ისეთ ადგილებს, სადაც მტრის ტექნიკას და ცოცხალ ძალას უწევს გავლა. ასეთ დროს გამნაღმველების მიერ ნაღმური ველის ლოკაციის რუქა კეთდება, რათა კონტრშეტევის დროს სწრაფად მოხდეს ნაღმურ ველზე გასასვლელის გაკეთება (მთლიანი გაწმენდა წარმატებული კონტრშეტევის მერე ხდება). ხშირად ხდება ნაღმების გადაადგილება გრუნტის, ძლიერი წვიმების, თუ ქანების ეროზიული მოვლენების გამო. ასეთ დროს ნაღმური ველის რუქა ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება და მისივე თანამებრძოლის მიერ დადებულ ნაღმზე ფეთქდებიან, რაც გამნაღმველების მიმართ არც თუ კარგ დამოკიდებულებას აჩენს მებრძოლებში. უკრაინაში ბრძოლისას, ხშირად დამიგდია სპეციალურად ხელყუმბარა ისეთ ადგილებში, სადაც შემოსული მოწინააღმდეგე ადვილად დაინახავდა მას. ხელყუმბარა უკვე ითვლება სამხედრო ალაფად და ბრძოლის დროს მოწინააღმდეგე მას იყენებს, ხსნის დამცველს და აგდებს, მაგრამ მას ელის სიურპრიზი, დეტონატორი სტანდარტული, მსროლელისათვის უსაფრთხო რამდენიმე წამის ინტერვალის მქონე კი არა ეგრეთ წოდებული "ნულოვანია", რაც მის მყისიერ აფეთქებას იწვევს. მსროლელი უშანსოდაა, გადარჩენის მცირე შანსი აქვს მასთან ახლოს მყოფ მებრძოლებსაც. გამოცდილი მებრძოლი ასე მიგდებულ ხელყუმბარას დეტონატორის ნახვის გარეშე არ გამოიყენებს, მაგრამ გამოცდილებისთვისაც მზადდება 2 საფეხურიანი დეტონატორები, დეტონატორის ამოხრახნვისას მეორე დეტონატორი მოდის მოქმედებაში და იქ მყოფებს ანადგურებს ან ასახიჩრებს. ასეთი ხელყუმბარები იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება თანამებრძოლების ხელში და შედეგად მებრძოლი ან მებრძოლების ჯგუფი იღუპება და სახიჩრდება. ესაა მიზეზი იმისა, რომ "საპიორები" არ უყვართ. 2. სნაიპერი სნაიპერები იყოფა კატეგორიებად, საარმიო, ანტიტერორისტული და საპოლიციო. აქედან ყველაზე ნაკლები დატვირთვა აქვს საპოლიციო სნაიპერს და მათზე არ ვისაუბრებ. ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის სნაიპერს ევალება ობიექტის ლიკვიდაცია, რადგან ტერორისტი იმიტომაცაა ტერორისტი, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი და უპირველესი სამიზნე სნაიპერისათვის ისაა. ხშირად, ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის სნაიპერს წამიც კი არა აქვს ზუსტი გასროლისათვის, მაგრამ სნაიპერები ახერხებენ უსწრაფეს რეაგირებას და უშანსოდ ტოვებენ ტერორისტს. თუ საპოლიციო და ანტიტერორისტული ოპერაციების ცენტრის სნაიპერები პატივისცემით და მათდამი კეთილგანწყობით სარგებლობენ, საარმიო სნაიპერები არც მისივე არმიის მებრძოლებს უყვარს და მით უფრო არც მტერს. სხვა კატეგორიის სნაიპერებისგან განსხვავებით საარმიო სნაიპერს აქვს უფლება იმოქმედოს დამოუკიდებლად, შეარჩიოს პოზიცია, ხშირად შეიცვალოს ლოკაცია, იმოქმედოს დღის თუ ღამის პირობებში. ისმევა კითხვა: მტერი გასაგებია, მაგრამ თანამებრძოლებს რატომ არ უყვართ თანამებრძოლი სნაიპერი? მიზეზი შემდეგშია: სნაიპერი მოქმედებს პრინციპით-მაქსიმალური რაოდენობის მოწინააღმდეგის მებრძოლის მოზიდვა და გამოყვანა მწყობრიდან. პირველი გასროლით ხდება მოწინააღმდეგის დაჭრა ისე, რომ მან დამოუკიდებლად გასვლა ვერ შესძლოს, თან ისეთ ადგილზე უნდა იყოს, სადაც სნაიპერი კარგად აფიქსირებს დაჭრილის გასაყვანად შესულ მებრძოლებს, სნაიპერი იწყებს მოქმედებას და დაჭრილს დაჭრილებს უმატებს გარკვეულ მომენტამდე. როცა მოწინააღმდეგე ხვდება, რომ სნაიპერის ცეცხლის მოქმედების ზონაშია, იძახებს საარტილერიო მხარდაჭერას. როცა დაჭრილების გასაყვანად არავინ მოდის, სნაიპერი ხვდება, რომ მოწინააღმდეგე იძახებს საარტილერიო მხარდაჭერას, იწყებს დაჭრილების ლიკვიდირებას და სწრაფად ეცლება მოქმედების ზონას, სამაგიეროდ ფრონტის ხაზზე მყოფ მებრძოლებს ატყდება თავს მოწინააღმდეგის არტილერიის რაკეტები, ჭურვები თუ ნაღმები, რასაც ბუნებრივის მსხვერპლი და დასახიჩრება მოსდევს მებრძოლებში. სწორედ ამიტომ არ უყვარს საარმიო სნაიპერები არცერთ მხარეს. თავადაც ბევრჯერ წავაწყდი მრავლისმთქმელ ზიზღის გამომხატველ მზერას, იმ მებრძოლების მხრიდან, რომლებისგან ოდნავ მოშორებით მიწევდა "მუშაობა" მოწინააღმდეგის მიმართულებით. მე ჩამოგითვალეთ ყველაზე მარტივი და გასაგები მიზეზები, თუ რატომ არ უყვართ "საპიორები" და სნაიპერები ომის თეატრში. 201 5-ს მოსწონს |