სხვა რის გამო გადაურჩა შალვა ნუცუბიძე დახვრეტას? 2023, 14 დეკემბერი, 13:49
14 დეკემბერს დაიბადა ქართველი ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პრორექტორი, პროფესორი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე.
ფასდაუდებელია დიდი მეცნიერის ღვაწლი, რომელიც მრავალ სფეროს მოიცავს, თუმცა მისი მოღვაწეობა ბევრად ადრე შეიძლება დასრულებულიყო, ანუ სტალინური რეპრესიის წლებში, რომ არა ერთი გარემოება. 1938 წლის 31 აგვისტოს შალვა ნუცუბიძეც გერმანიის სასარგებლოდ ე.წ. „შპიონაჟის“ ბრალდებით ტაშისკარში დააპატიმრეს. ამავე პერიოდში სტალინი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ ქართული პოეზიის შედევრი და სავიზიტო ბარათი, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” არც თუ კარგად იყო რუსულ ენაზე თარგმნილი. – ახალი თარგმანი უნდა გაკეთდეს, და ეს საქმე იმას უნდა დაევალოს, ვინც კარგად იცის დედნის ენა.ხომ არავინ გეგულებათ ასეთი”, – ჰკითხა ბელადმა იმ პერიოდის კულტურის მინისტრს – კანდელაკს. კანდელაკი შეიშმუშმნა და უპასუხა, რომ არის ასეთი ადამიანი, მაგრამ ამჟამად დაპატიმრებულიაო.მას მხედველობაში ჰყავდა ბრალდებული, დიდი ქართველი ფილოსოფოსი და მთარგმნელი – შალვა ნუცუბიძე. სხვათა შორის შალვა ნუცუბიძემ პოემის თარგმნა ჯერ კიდევ 1937 წლიდან დაეწყო და ნაწყვეტებს აუდიტორიაშიც კითხულობდა. შალვა ნუცუბიძის მოგონებიდან: “საპატიმროში ყოფნისას, ერთ-ერთი გამოძახების დროს გამომძიებელმა ქობულოვმა თემას გადაუხვია.ჩვენ ვიცით, რომ თქვენ რუსთაველის პოემას თარგმნით, ჩვენ მოგცემთ საშუალებას ეს თარგმანი დაამთავროთ”.მეორე დღესვე ჩემს საკანში გაჩნდა რუსთაველის ტომი, სადილი საერთო სასადილოდან კი არა, არამედ ციხის თანამშრომელთა სასადილოდან.ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.რასაც კვირის განმავლობაში ვწერდი, მიჰქონდათ, როგორც შემდეგ გავიგე ამ მასალას სტალინი კითხულობდა.დრო გადიოდა.როგორც ქობულოვმა მითხრა, თურმე სტალინმა ჰკითხა თავის მაღალ თანამშრომელს (ლავრენტი ბერიას): “იცი, რა ჩიტია შაშვი?” – “ბევრჯერ მინახავს და მომისმენია”, – იყო პასუხი. – “გალიაში მომღერალი შაშვი თუ გინახავს?” – არ ეშვებოდა სტალინი შეცბუნებულ მოსაუბრეს.”არა, და არც საკანში მომღერალი შაშვი მინახავს”.რამოდენიმე კვირის შემდეგ ქობულოვმა მაცნობა, რომ არსებობდა სტალინის განკარგულება ჩემი განთავისუფლების შესახებ, იმ პირობით, თუ პოემის თარგმანს დანიშნულ დროზე დავამთავრებდი.მე თარგმანისათვის წელიწადნახევარი ვითხოვე.იმავე საღამოს საკნის კარი გაიღო და “სოკოლნიკებში” მომათავსეს, რომელიც რაღაც საშუალოს წარმოადგენდა ციხესა და საგიჟეთს შორის”. ფოტოზე: შალვა ნუცუბიძე პატიმრობის პერიოდში 1939 წლის 1-ელ მაისს შალვა ნუცუბიძემ რუსულ ენაზე „ვეფხისტყაოსნის“ რიგით მეოთხე სრული თარგმანი დაასრულა, რომელიც სტალინს გაუგზავნეს. 1940 წლის 20 ოქტომბერს შალვა ნუცუბიძე სერგო ქავთარაძესთან ერთად პირადად შეხვდა სტალინს. სტალინმა ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ აღნიშნა: “მე ვთვლიდი, რომ რუსულ ენაზე საუკეთესო თარგმანი პეტრენკოს ეკუთვნოდა.ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ის არა მარტო უკეთესია პეტრენკოს თარგმანზე, არამედ თავის თავად გამოჩენილი ლიტერატურული მოვლენაა." იოსებ ჯუღაშვილმა პოემაში შესწორებები შეიტანა, მთარგმნელს თავისი თარგმნილი ერთი სტროფიც გადასცა და მომდევნო წელს პოემაც დაიბეჭდა, ს. გოროდეცკის ლიტერატურული რედაქციით, სერგო ქავთარაძის წინასიტყვაობითა და მიხაი ზიჩის, სერგო ქობულაძისა და ირაკლი თოიძის ილუსტრაციებით. „გოსლიტიზდატმა“ თარგმანის პირველი და მეორე გამოცემა მასიური ტირაჟით გამოსცა, თუმცა ჰონორარი მთარგმნელს არ მიუღია. შალვა ნუცუბიძეს განცხადება დააწერინეს, რომ ჰონორარს მთლიანად თავდაცვის ფონდში რიცხავდა. ფოტოზე: "ვეფხისტყაოსნის " ნუცუბიძისეული რუსული გამოცემა -1941 წ. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალებისა და ლავრენტი ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს 1938 წელს წაყენებული ბრალდებები გაუხსენეს და იმავე წლის 22 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ხარისხი ჩამაორთვეს, სამი დღის შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს. 1960 წლამდე შალვა ნუცუბიძის ნაშრომები: „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ დაიბეჭდა, თუმცა სრულფასოვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას უზღუდავნდნენ. 1956 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა, 1960 წელს კი სსრკ-ის პროკურატურისაგან სრული რეაბილიტაცია მიიღო და მეცნიერული სტატუსიც აღუდგინეს. დიდი მეცნიერი 1969 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. 654 2-ს მოსწონს
|