რელიგია შეკითხვას კრიტიკის გამო კი არ ვსვამ, არამედ პასუხის მისაღებად... თუკი რამეს იკითხავ, მაშინვე აგრესიულები ხდებიან" - თემურ ჩხეიძე რელიგიის შესახებ 2023, 18 ნოემბერი, 15:04 დღეს, 18 ნოემბერს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა ქართველ რეჟისორს, საქართველოს და რუსეთის სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, თემურ ჩხეიძეს.დღეს მის მიერ დადგმულ სიღრმისეულ სპექტაკლებზე არ გვექნება საუბარი, არამედ თემურ ჩხეიძის შეხედულება რელიგიაზე, რომელიც ვფიქრობ საინტერესო იქნება მკითხველისათვის: “ყველამ მიხედოს თავის საქმეს. არ ვიზიარებ იმას, რომ თეატრი ეშმაკისეულია. ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. შეიძლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ეს იმისა, რომ მთლად ეკლესიური არ ვარ. თუმცა, ბევრმა ხელოვანმა გამოიცვალა პროფესია და სულ სხვა მიმართულებით წავიდა. ბევრი მსახიობი დღეს სასულიერო პირია. არასოდეს მიფიქრია, სასულიერო პირი გავმხდარიყავი, ეს ისეთივე მოწოდებაა, როგორც ნებისმიერი სხვა. ასეთი დაბალი აზრის არ ვარ რელიგიაზე – მომინდა და წავალ. ასე ადვილად ყველაფერი არ ხდება. რაც შეეხება მსახიობობის პროფესიის ცოდვად ჩათვლას, ძალიან კარგად ვიცი ბერების აზრი. პიროვნულად ძალიან კარგად მიღებდნენ. ხშირად ჩვენ ვიწყებდით საუბარს, რომელიც კამათშიც გადადიოდა, თუმცა ბოლოს მაინც დალოცვით მთავრდებოდა ყველაფერი. ისევ მთავარს ვუბრუნდები, მთავარია რწმენა. მარტო არასოდეს მწყინდება, ეს მიწყობს კონცენტრაციაში ხელს. ახალგაზრდობაში მონასტრიდან მონასტერში დავდიოდი და მათთან ძალიან კარგი ურთიერთობაც მქონდა. ძალიან მაინტერესებდა ჩემი ქვეყნის სიწმინდეები. ყველა კუთხის მოვლა ვერ შევძელი, ყველგან კი ვარ ნამყოფი, მაგრამ იყო ერთი-ორი მონასტერი, სადაც ყველაზე ხშირად დავდიოდი და ღამეებსაც ვათევდი ხოლმე. პროფესიების ცოდვილებად დაყოფა არ შეიძლება, ლამის ცოდვილთა სია წამიკითხეს. იქ რომელიღაც ინსტრუმენტიც ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ იმ ინსტრუმენტზე ვინც უკრავს, ის ცოდვილია და სხვა ინსტრუმენტზე ვინც უკრავს ის – არა. ვინ დაყო ეს? მაშინ რა უნდა ვქნათ, ორკესტრი დავყოთ ცოდვილებად და უცოდველებად? ამას სერიოზული გარკვევა სჭირდება.” *** “ჩემთვის მთელი ცხოვრება მთავარი იყო ის, როგორ უნდა განვვლო ცხოვრება ისე, რომ ათივე მცნება დაიცვა, თორემ საკვებად რას მივიღებ, ეს შედარებით მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა ზნეობრივ საკვებთან შედარებით. შეიძლება, ადამიანმა ყველაფერი ზუსტად დაიცვას მარხვაში, გრამობით, მაგრამ მთავარია, რომ მილიგრამობით სწორად ცხოვრება შეეძლოს. ეს უკვე ძალიან ძნელია, უცოდველი არავინ არის. ეს არის მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი საფიქრალი. შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მაგრამ რომ გითხრათ, არც ერთი აღქმა არ დამირღვევია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს, იმას აღარ ვამბობ, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ან პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ყველაზე უცოდველიაო. ჩვენს რელიგიაში ხომ მიჩნეულია, რომ უცოდველი არავინ არის. *** ” ახალგაზრდობაში ძალიან ბევრ ლიტერატურას ვკითხულობდი. ბუდიზმი მაინტერესებდა. მინდოდა გამეგო, ძველ აღქმაში რა არის ისეთი, რაც ახალ აღქმაშიც გადმოვიდა. რელიგია ამოუწურავი თემაა, მთელი ცხოვრება ძიების და შეცნობის პროცესში ხარ. რომ გითხრათ, მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული, არ ვიქნები მართალი. ნებისმიერ დროში რთულია მხოლოდ ამაზე ფიქრი. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სახარება ჩვენთან საკითხავი წიგნი იყო. ჩუმად არასოდეს წაგვიკითხავს. სახარებას ნებისმიერ განწყობაზე ვკითხულობ. ამ ბოლო დროს გამოვიდა საბავშვო ბიბლია, რაც ძალიან კარგია. დედა კითხულობდა საბავშვო სახარებას, რომ მერე ბავშვებისთვის მოეყოლა. სახარება მაქვს სახლში და ღამ-ღამობით ვკითხულობ. სახარება ის კი არ არის, არიქა, წავიკითხავ და წყნარად ვიქნებიო. რაც წლები გადის, უფრო მეტ რამეს იგებ. სულ რამდენიმე თვის წინ ერთი თავი წავიკითხე და ისეთი რამე ამოვიკითხე, რამდენჯერმე წავიკითხე ის თავი. გაოგნებული დავრჩი, სად იყო ეს, აქამდე რატომ ვერ ამოვიკითხე-მეთქი. რაზე ვსაუბრობ, ამის თქმა არ შემიძლია. კიდევ რამდენჯერმე უნდა გადავიკითხო ის თავი და უნდა გავაანალიზო. რელიგია ისეთი რამ არის, ამაზე არავისთან უნდა ილაპარაკო. ჭეშმარიტება არის ის, რაზეც არ ლაპარაკობენ. ბავშვობიდან მეუბნებიან, რომ რწმენა არის ის, როდესაც შეკითხვას არ სვამ. შეკითხვას კრიტიკის გამო კი არ ვსვამ, არამედ პასუხის მისაღებად. თუკი რამეს იკითხავ, მაშინვე აგრესიულები ხდებიან, არ უნდა იკითხოო. რატომ არ უნდა ვიკითხო? ცოცხალი ადამიანი ვარ. რამდენჯერ გამჩენია კითხვა, თუ ეს არის ცოდვა, ღმერთმა რატომ მოგვცა ამის უნარი? რომ არ გავაკეთოთ? რატომ გვაქვს ეს უნარი ჩადებული, თუ გვეკრძალება? ღმერთზე უფრო მაგრები ვართ? თუ ეს არ შეიძლება, მაშინ უფლისგან არ უნდა გვქონდეს მოცემული. კითხვას თუ ვსვამ, პასუხიც მინდა მივიღო. კითხვა უნდობლობის გამო კი არ მიჩნდება, პირიქით, კიდევ ერთი ნაბიჯია ეს ნდობისკენ გადადგმული. ბავშვი რომ კითხვას სვამს, არ ვპასუხობთ? ღვთის წინაშე ყველანი ბავშვები ვართ. ბევრი ღვთისმსახურისგან ხშირად გამიგია, რატომ სვამ კითხვებსო. არასოდეს გამიგია პატრიარქისგან. რწმენის გარეშე როგორ შეიძლება? ძალიან ნათლად მახსოვს ის ღამეები, როდესაც ცაში ავიხედე და გაოგნებული დავრჩი. იმ პერიოდიდან იწყება ჩემი სრულიად ჩამოყალიბებული რწმენა იმისა, რომ არსებობს უზენაესი ძალა. რანაირად შეიძლება, ეს პლანეტები იყოს ასეთ სისტემაში, ერთნაირი სიჩქარით მოძრაობდნენ, არც ერთი ერთმანეთს არ ეჯახება, სასწაულია ჩვენი გალაქტიკა, იმის იქით ტვინი აღარ მიდის.” *** “რელიგიური ნამდვილად ვარ, მაგრამ ეკლესიური არ ვარ. დედის მხრიდან ბაბუაჩემის მამა იყო სასულიერო პირი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მოღვაწეობდა. ჩხეიძეებს უახლოეს წინაპრებში მღვდლები ნამდვილად არ გვყოლია. მონათლული ვარ სამი წლის ასაკში და კარგად მახსოვს, რომ წყალში ჩამაყენეს და ვიტირე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი არასოდეს მომინათლავს. კარგა ხნის წინ მე და ჩემმა მეუღლემ ჯვარიც დავიწერეთ. ბევრი ადამიანი იცვლის სარწმუნოებას და ამის გამო მათ კიცხავენ. ადამიანი მოდის გარკვეული პირობებით ამქვეყნად. ჩვენ რამდენიმე რამეს არ ვირჩევთ ცხოვრებაში – დაბადებას, ეროვნებას, აღმსარებლობას, სქესს. ჩვენ უკვე ქრისტიანები ვიბადებით, თუმცა შეიძლება ურწმუნოები ვიყოთ ან მორწმუნეები. აზრად არ მომსვლია, სარწმუნოება შემეცვალა, ქრისტიანობა მომწონს ყველაზე მეტად, ეს ალბათ გენეტიკურია. როცა ეკლესიაში წასვლის სურვილი მიჩნდება, ღამე სახარებას ვკითხულობ და ამით ვინაზღაურებ. არ ვიცი, რატომ არ დავდივარ ეკლესიაში, თუმცა როცა მაქვს საშუალება, ტაძარში აუცილებლად შევდივარ, მაგრამ მიჯაჭვული არ ვარ ეკლესიაზე. როგორ შეიძლება, ადამიანი არ იყოს რელიგიური? რაც შეეხება ეკლესიურობას, განა ასე პრინციპულად ვიქცევი, უბრალოდ, ისეთ დროს გავიზარდე, ახლა უცებ შემოტრიალება ცოტა რთულია. ეს უფრო ჩემი პროფესიით და დღის რეჟიმით არის გამოწვეული. ხალხს კვირა დღე დასვენება აქვს, ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. თეატრები ორშაბათს კი ისვენებენ, მაგრამ კვირა იწყება თეატრში ტექნიკური საკითხების მოგვარებით. მთელი წლის განმავლობაში მართლა არ მაქვს დასვენების დღე. თავს უფლება რომ მივცე, მაშინ წავიდე ეკლესიაში, როცა მინდა, ჩემ გამო რამდენიმე ათეული ადამიანი უსაქმოდ უნდა იყოს. ყველა ადამიანმა უნდა მიხედოს იმ საქმეს, რაც აბარია.” *** “ეკლესია ცოტა სხვანაირად უყურებს რელიგიურ თემაზე სპექტაკლის დადგმას. რამდენი ამ თემას შევეხეთ, ეკლესია იძაბება, თუმცა ვერ გავიგე, რატომ. თავს არავის არასოდეს ვახვევ, მაგრამ ტვინში სულ მახსოვს, რომ ყველა ნაწარმოები რომელიმე მცნების მიხედვით უნდა დავდგა. ყველა ჩემი ნაწარმოები უფლის ათი მცნებიდან ერთ-ერთია. თუმცა ამას აფიშირებას არასოდეს ვუკეთებ და მსახიობებსაც კი არ ვეუბნები. არასდროს არავის ვეუბნები ყველაზე ხშირად რომელ მცნებაზე ვდგამ სპექტაკლს. ყველა მცნებას ვეხები, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმ ნაწარმოებზე, რომელსაც ვირჩევ დასადგმელად. თუ ვიცი, ამ ნაწარმოებს ათი მცნებიდან ყველაზე მეტად რომელი შეეფერება, ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ამით სპექტაკლის მთლიანი სტრუქტურა ეწყობა, საით მიმყავს ყველაფერი, რა არის ის საბოლოო წერტილი, რა უნდა გადმოვიდეს დარბაზში. როცა შერჩეულ ნაწარმოებს რომელიმე მცნებას მოარგებ, ეს უკვე კარგია. ადვილია თუ არა ათივე მცნებაზე სპექტაკლის დადგმა, ამაზე არ მიფიქრია. ყველაფერი ნაწარმოებებიდან გამომდინარე ხდება. მთელი მსოფლიო ლიტერატურა ამ ათი მცნების გარშემო ტრიალებს. ხვდება თუ არა ჩემს ჩანაფიქრს მაყურებელი, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, თუ უკეთესად გავაკეთებთ, ყველაფერი გამოვა. თუმცა არასოდეს ვყვირივარ, ამ მცნებაზე დავდგი ესა თუ ის სპექტაკლი-მეთქი. ქვეცნობიერად მაყურებელი უნდა მიხვდეს, რაზეა სპექტაკლი, ამას დეკლარირება არ უნდა. რომ არ კრძალავდნენ სასულიერო პირები რელიგიური სპექტაკლების დადგმას, გავრისკავდი და დავდგამდი თუ არა მსგავს სპექტაკლს, ამაზე არ მაქვს ერთმნიშვნელოვანი პასუხი. თუ ვინმეს უნდა, ალბათ უნდა დგამდეს რელიგიურ სპექტაკლებს. თუკი არის ფილმები, ალბათ უნდა იყოს სპექტაკლები, მაგრამ გააჩნია, როგორ დადგამ. ამ თემებით სპეკულირება არ შეიძლება. მსოფლიო ლიტერატურაში არის რელიგიური თემები გამოყენებული, განსაკუთრებით, ახალი აღქმის სიუჟეტები მუსირებს. არ შეიძლება, კულტურაში არ იყოს ეს თემა აქტუალური, შუასაუკუნეების ფერწერაში, ბელეტრისტიკაში არის, მუსიკაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ფაქტია, რომ არ არსებობს ეკლესია მუსიკისა და ფერწერის გარეშე. ჩვენთან, მართლმადიდებლობაში, მიჩნეულია, რომ არ შეიძლება, ვინმემ ქრისტეს როლი ითამაშოს, იმიტომ, რომ ეს სიყალბეა. არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ, რომ არც ვაპირებ მსგავსი სპექტაკლის დადგმას.” 158 2-ს მოსწონს
|