საზოგადოება ქართული ოცნება თუ უკან მომავალში 2012, 12 თებერვალი, 2:34 თავდაპირველად სანამ სტატიას წაიკითხავდეთ, მინდა გითხრათ რომ მე არც ბატონი პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერი ვარ და არც ბატონი ბიძინასი. უბრალოდ მინდა რომ რეალურად შევხედო სიტუაციას და ჩემი თვალით დანახული სიმართლე თქვენს მიერ დანახულს შევადარო. თუკი ვსაუბრობთ სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, მაშინ მემგონი ჩემი აზრის დაფიქსირების უფლება მეც მაქვს, ისევე როგორც თითოეულ ადამიანს. საქმე იმაში გახლავთ რომ ისტორიას თუ გადავხედავთ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების დღიდანვე, აქტიურად დაიწყო შიდა ბრძოლა იმ სახელისათვის რომელსაც ქვეყნის მმართველი ჰქვია. თავდაპირველად ბატონი ზვიად გამსახურდია "ჩამოვაცილეთ" ქვეყნის მმართველობას და ადამიანი სასიკვდილოდაც გავიმეტეთ. (მერე ვიტირეთ, ეს რა დაგვემართა რა ჩავიდინეთო) მიუხედავად იმისა რომ მის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, საქართველოს თავისუფლება მოუტანა და მის ადგილას დავსვით ადამიანი, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში დაანგრია, ისედაც მიწასთან გასწორებული ჩვენი სამშობლო და იმაზე მეტი ზარალი მიაყენა, ვიდრე რუსი ჯარისკაცების მიერ ნასროლმა ტყვიებმა და ტანკებმა თუ ბეტეერებმა. ამასობაში დავკარგეთ ტერიტორია რომელსაც დღემდე მივტირით და დღემდე ვცდილობთ დაბრუნებას. შევარდნაძის ეპოქის დასასრული რომ მოახლოვდა, ქვეყანას მშველელად ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოევლინა. მიუხედავად ძალიან ბევრი შეცდომისა, მიუხედავად ძალიან ბევრი მინუსისა, თუკი ამჟამინდელ და 10-15 წლის წინანდელ ყოფას შევადარებთ ერთმანეთს, ძალიან დიდ განსხვავებას დავინახავთ. ბოლოს და ბოლოს შუქი გვაქვს, წყალი გვაქვს, გათბობა და გზა, რომელიც არც ისეთი უმნიშვნელოა როგორც ერთი შეხედვით ჩანს და თუკი გავითვალისწინებთ იმასაც რომ საქართველოში კი არა, ბუნებაში არ არსებობს ისეთი ფენომენი რომელიც რაიმეს გასცემს და უკან სამაგიეროს არ ითხოვს, მაშინ არ უნდა გვიკვირდეს ის რომ რასაც მოვიხმართ, იმის საფასური უნდა გადავიხადოთ. მართალია შეიძლება ანაზღაურება არ არის მაღალი, შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს, არ ეძლევა ზუსტად ის ანაზღაურება რასაც იმსახურებს, მაგრამ არც ისე არაა რომ უმეტესობა ქუჩაში იდგეს და ხელი ქონდეს გამოშვერილი და არც მაინც და მაინც სამსახურების დეფიციტი არაა. თუკი ვამბობთ რომ არაა სამუშაო, ფული არ გვაქვს და ამ ყველაფერს ქვეყნის მმართველობას ვაბრალებთ. მაშინ მოდი, ერთი საღამო სახლში დავჯდეთ, ნუ წავალთ იმ რესორანში და მეუღლეს ან ბავშვს ავუსრულოთ ის თხოვნა რომელსაც ყოველ დილით გვეუბნება ან ერთი ან მეორე. ბევრმა ჩვენთაგანმა რომ ესე 7-8 საათის მერე რესტორანში, ან თუნდაც ბარში დაჯდომა რომ მოინდომოს, თავისუფალი ადგილის პოვნა ძალიან გაუჭირდება და ჩვენ ვამბობთ რომ ფული არ გვაქვს, მშივრები ვიხოცებით და მათხოვრები გავხდით. თუკი ეს უკანასკნელი სიმართლეა, რა გვინდა მაშინ ყოველ საღამოს იქ სადაც მინიმუმ ჩვენი ხელფასის 10%-ს ვხარჯავთ. თუ ამ ლოგიკას გავყვებით მაშინ ნათლად დავინახავთ იმ ფაქტსაც რომ არც ისე ძალიან გვიჭირს როგორც ერთი შეხედვით ჩანს და თუ მოვინდომებთ, სამსახურსაც ვიშოვით იმხელა ანაზღაურებით რომ გზისა და საჭმლის ფული გვქონდეს და თვიური დანაზოგიც გავაკეთოთ. თუმცა კი, თქვენი ყურადღება ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სხვა ფაქტზე მინდა გადავიტანო... საქართველოში ახალ - ახალი პარტიების შექმნა რომ დიდი სენსაცია არაა ფაქტია, მაგრამ პარტიამ რომელიც სულ ახლახანს ჩამოყალიბდა, დააბნია და კვლავ ეიფორიაში ჩააგდო საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელ საზოგადოებასაც არც დაბნეულობა და არც ეიფორიაში ყოფნა არ აკლდა. რათქმაუნდა, პოლიტიკაში მისვლა-მოსვლა, უბრალო ადამიანების გადასაწყვეტი საქმე არაა, მაგრამ თუკი ევროპისკენ მივიწევთ ნელ-ნელა და თუ ძალიან გვინდა ევროპას დავემსგავსოთ, ამისათვის თუნდაც მათ პოლიტიკურ ცხოვრებასაც უნდა გადავავლოთ თვალი. მე არ ვამბობ იმას რომ ბიზნესმენები ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ საქმიანობაში არ არიან ჩართულნითქო, მაგრამ ასე პირდაპირ, მუქარითა და დიდი ამბიციებით, როგორც მახსოვს, ჯერ არავინ ჩაბმულა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიძლება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოს მომავლის განვითარებისა და ისტორიისათვის კარგი ვარიანტი იყოს მაგრამ, ფაქტები და ბატონი ბიძინას ირგვლივ შეკრებილი სახეები საპირისპიროს ამტკიცებენ. დავიწყებ იქიდან რომ "ქართული ოცნები"-ს შექმნის ერთ-ერთ პირველივე პრესკონფერენციაზე, დამოკიდებულება რამოდენიმე ჟურნალისტის მიმართ იყო სრულად არაადეკვატური და დამამცირებელი, როდესაც ბატონი ბიძინაც და მთელი "ქართული ოცნები"-ს შემადგენლობა აცხადებს რომ ჟურნალისტებზე ზრუნავენ და ფიქრობენ სიტყვის თავისუფლებაზე. თუმცა მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე ძნელია დაეთანხმო მათ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე. მეორე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი რომ საზოგადოებრივ მოძრაობა " ქართული ოცნება"-ში გაერთიანებულები არიან ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება იცნობს შავბნელი წარსულით. რაც ბატონი ბიძინას კეთილშობილურ მიზნებს და იდეებს ეწინააღმდეგება. სრულიად შესაძლებელია ბატონ ბიძინას მართლაც რომ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს და მართლაც საქართველოს ნათელ მომავალს ჩაუყაროს საფუძველი თუკი იგი ქვეყნის მმართველის წოდებას მიიღებს, მაგრამ თუკი მის ამჟამინდელ გარემოცვას კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მაღალი რანგის ადამიანები გახლდნენ და როგორც ყველას კარგად მოეხსენება, სასიკეთოც ქვეყნისთვის არც საშინაო და არც საგარეო საქმეებში არაფერი გაუკეთებიათ. ასევე ბევრი მათგანი ცნობილია იმ ქვეყანასთან თანამშრომლობით რომელიც შექმნის დღიდანვე ცდილობს საქართველო თავის მმართველობის ქვეშ ამყოფოს, ჯერ კიდევ ერეკლე მეფის წინა და შემდგომი წლებიდანაც კარგად ჩანს რა სურდა რუსეთს საქართველოსთვის და რა დამოკიდებულება ჰქონდა ნებისმიერ რუსეთის მაღალჩინოსანს ქვეყნისათვის და ალბათ ყველა დამეთანხმება კიდეც იმაში რომ ნამდვილად სასიკეთო არაფერი გაუკეთებია დიდ რუსეთის დუმას ჩვენთვის. მესამე ფაქტი რაზეც მინდა რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო გახლავთ ბატონი ბიძინას მიერ გაჟღერებული განცხადება იმის თაობაზე რომ იგი საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს 5 000 ლარით დაასაჩუქრებს. მოდით დავიანგარიშოთ დაახლოებით რა თანხაზე გვაქვს საუბარი... ვივარაუდოთ რომ საქართველოში ცხოვრობს 5 000 000 ( თუ მეტი არა ) ადამიანი. ეს რიცხვი გავყოთ ორზე, იმის ვარაუდით რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი დაოჯახებულია და მიღებული ექვსნიშნა რიცხვი გავამრავლოთ იმ 5 000 -ზე რომელსაც ბატონი ბიძინა "გასცემს" თუ ყველაფერი ისე განვითარდება როგორც წარმოდგენილი და დაგეგმილი აქვს. გამოდის რომ 2 500 000 - ი უნდა გავამრავლოთ 5 000 - ზე. მიღებული რიცხვი გახლავთ მილიარდ ორას ორმოცდათი მილიონი ( 1 250 000 000 ) რაც რბილად რომ ვთქვა კოლოსალური თანხაა ( წარმოუდგენელი თუ არა ). მაგრამ რაც ყველაზე სამწუხაროა, ხალხს ჯერა იმის რომ ბატონი ბიძინა მილიარდებს ჩადებს ჩვენს ქვეყანაში და თანაც სრულიად უსასყიდლოდ. თუმც კი, როგორც ზემოთ ვახსენე ბუნებაშიც კი არ არსებობს ისეთი მექანიზმი, სულიერი თუ უსულო საგანი, რაც უსასყიდლოდ გასცემს რაიმეს. ჩემი პირადი აზრით, ეს განცხადება უფრო ახალი ბიზნესის დაწყებას უფრო ჰგავს, ვიდრე ქვეყნისთვის რაიმეს სასიკეთოდ გადაწყვეტას და ხშირადაც ვამბობ ხოლმე ფრაზას რომელიც არც ისე ძალიან შორსაა სიმართლისაგან "ომის შემდეგ, პოლიტიკა საუკეთესო ბიზნესია ან უფრო უკეთესიც ვიდრე ომი" კარგით ვივარაუდოთ რომ ბატონი ბიძინა ქვეყნის მმართველი გახდა და დაპირებისამებრ მოსახლეობაში დაარიგა ის კოლოსალური თანხა, რომელიც მილიარდზე გაცილებით მეტს უდრის და რომელიც თითო ოჯახზე 5 000 - ით განისაზღვრება. მებადება კითხვა: როდემდე გვეყოფა 5 000? თუკი გავითვალისწინებთ იმასაც რომ მსოფლიოში, ნელ-ნელა უფრო და უფრო იმატებს კრიზისული სიტუაციები. ევროპის ქვეყნებში ასობით ბანკი იხურება, სახელმწიფოები ვეღარ აკმაყოფილებენ მოსახლეობის მოთხოვნებს, იყინება ანგარიშები, ხალხი გარეთ რჩება და ამის ფონზე კი ყველაფრის ფასი, მინიმუმ 1%-ით იზრდება. საუკეთესო ვარიანტი ალბათ რაშიც "ნასესხები" 5 000 დაიხარჯება ორი, მაქსიმუმ სამი თვის საკვები, ტანსაცმელი და ალბათ 1 თვის ან ოდნავ მეტის კომუნალური გადასახადებია. მაქსიუმ 4 თვეში "ნასესხები" ფული გაქრა და ისევ იწყება იგივე... ჩვენ აღარ გვინდა ივანიშვილი, დენის გადასახადმა მოიმატა, საკვები გაძვირდა, ხელფასები არ გვაქვს და ა.შ. რათქმაუნდა მოიმატებს იმიტომ რომ, როდესაც ჩვენ ბატონი ბიძინა ქვეყნის მმართველად ავირჩიეთ, მან მილიარდზე მეტი ჩადო ჩვენში და თან ამ ყველაფერს არამდგრადი მსოფლიო კრიზისიც ემატება... რათქმაუნდა გასაგებია ის ფაქტიც რომ ადამიანები ვართ და ნათქვამია ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს, მით უფრო მეტი უნდაო მაგრამ, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი უკმაყოფილება იმ ადამიანების მიმართ ვინც ქვეყნის სათავეში არიან? როდემდე უნდა ვიყოთ ერთმანეთზე გაბოროტებულები იმის გამო, რომ ის ვიღაც ყოველ დღე ტელევიზორში ჩანს, ჩვენ კი სახლშიც პირადობის მოწმობის ჩვენების შემდეგ გვცნობენ? იქნებ დავფიქრდეთ იმაზე რომ საქმე არც პრეზიდენტში და არც სხვა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაში არაა და ჩვენ ვართ ჩვენივე თავის მმართველები. რატომ არ უნდა გავიგოთ ყველამ ის რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრეზიდენტი, ვინ იქნება მისი მოადგილე და რამდენი მანქანა ეყოლება თუნდაც ჩვენს მეზობელს? ამის გამო, საკუთარ თავს ის კი არ უნდა შთავაგონოთ რომ აი იმას ყავს მანქანა, ის პრეზიდენტია, ის პრეზიდენტის მდივანია და ჩემზე უფრო კარგად იცხოვრებს რათქმაუნდა... არა! პირიქით! ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ იმას რომ აი როგორმე სამსახური ვიპოვნო, რამით დავკავდე და იმაზე მეტი გავხდე! ვიყიდო მეზობელზე უფრო კარგი ავტომობილი და ა.შ. თუკი თვითონ ჩვენი დამოკიდებულება არ შეიცვლება ამ ყველაფრისადმი მანამდე, ბატონი კახი კავსაძისაც თქმის არ იყოს, არაფერი გვეშველება! შენიშვნა: მე პირადად, არავის საწინააღმდეგო არ მაქვს, არც ბატონი ბიძინასი, არც ბატონი მიხეილის და არც სხვების. ხოლო რაც შეეხება "ქართულ ოცნება"-სა და მის გარშემო ჩემს მიერ დაწერილ სიტყვებს, ეს ყველაფერი უბრალოდ მაგალითია, იმ მრავალი მსგავსი ფაქტისა რომელიც ჩვენს გარშემო და ჩვენს ცხოვრებაში ხდება. © ბექა ნაფეტვარიძე 131 3-ს მოსწონს
|