x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138414
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"ცხვირი მოაჭრესა და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს"-რის გამო დასაჯა ალექსანდრე ამილახვარი ერეკლე II-მ?
image

20 ოქტომბერს (1750 წელს)დაიბადა რუსეთში გადახვეწილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე ამილახვარი, რომელიც მთელი არც თუ ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში მტრობდა ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს, თუ რა იყო ამის მიზეზი ქვემოთ მოცემულ სტატიაში შეიტყობთ:



ალექსანდრე ამილახვარი დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ჭალაში (დღევანდელი ქვემო ჭალა) დიმიტრი ამილახვრისა და მარიამ ორბელიანის მრავალშვილიან ოჯახში. იგი მეორე შვილი იყო ოჯახში. მისი უფროსი ძმა გიორგი ორი წლის იყო, როდესაც ერეკლე II–ის ერთი წლის დაზე, ესლისაბედზე დანიშნეს. ამ ნიშნობიდან გამომდინარე პატარა ამილახვრები თითქმის სამეფო კარზე იზრდებოდნენ მეფის შვილებთან ერთად და საუკეთესო განათლება მიიღეს.


1759 წ. გიორგი ამილახვარსა და ელისაბედს ჯვარი დასწერეს.





1763 წელს ამილახვრების ოჯახში უბედურება დატრიალდა. ალექსანდრეს დედა, ახალნამშობიარები მარიამ ორბელიანი თბილისში მტკვრის პირას მდებარე სახლში იმყოფებოდა, ადიდებულმა მდინარემ სახლს საძირკველი გამოაცალა, სახლის ნაწილი ჩაინგრა. მარიამი ახალშობილთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა და მისი დასახიჩრებული ცხედარი მხოლოდ მესამე დღეს იპოვეს.



ამას მოყვა მეორე უსიამოვნება, 1765 წელს ერეკლე II-ემ თავის დას ამილახვართა რძლობაზე უარი ათქმევინა. კათალიკოსმა ანტონ I-მა ბავშვობაში დანიშნული წყვილი ერთმანეთს დააშორა, იმ საბაბით, რომ გიორგი ამილახვარს კაცობა არ ჰქონდა.


ეს ამბავი დიმიტრი ამილახვარმა მწარედ განიცადა.



1765 წელს ერეკლე II–ის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს პაატა ბატონიშვილი, ვახტანგ VI-ის უკანონო შვილი და ვახუშტი ბატონიშვილის ღვიძლი ძმა. პაატას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ან გამეფებულიყო ან მომკვდარიყო. ბუნებრივია, რომ პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში წამყვან როლს ქართლელი თავადები ასრულებდნენ, რომელთაც ქართლში ერეკლეს მეფობა უკანონოდ მიაჩნდათ და ქართლში ვახტანგ VI-ის შთამომავლების გამეფებას ესწრაფვოდნენ.



შეთქმულებაში მონაწილეობდა ერეკლე II–ზე განაწყენებული დიმიტრი ამილახვარიც. 1765 წელს ალექსანდრე ამილახვარი 15 წლის იყო და შეთქმულებასთან დაკავშირებული იყო სავარაუდოდ არა რაიმე პოლიტიკური შეხედულებების გამო, არამედ როგორც დიმიტრი ამილახვრის შვილი და ამისთვის მკაცრადაც დაისაჯა...




1765 წლის შეთქმულება პაპუნა ფეიქარმა გასცა. საქმე ორ კვირაში გამოიძიეს და 15 დეკემბერს შეთქმულები სასტიკად დასაჯეს. თავზე ნაცარწაყრილი დიმიტრი ამილახვარი ვირზე უკუღმა შესვეს და თბილისი ისე შემოატარეს. ალექსანდრეს ცხვირი მოაჭრესა და ფეხის ძარღვი გადაუჭრეს. ამილახვრებს მთელი ქონება, ყმა და მამული ჩამოართვეს და ქალაქიდან გასვლა აურძალეს. ალექსანდრეს ჭრილობები იმდენად მძიმე იყო, რომ, შესაძლოა, ვერც კი გადარჩენილიყო, მაგრამ ახლობლების მიერ მიყვანილმა მკურნალმა სიცოცხლე შეუნარჩუნა.




1770 წ. ზაფხულში, როცა თბილისში ჭირიანობა გაძლიერდა და საღამოთი, ვერავინ ბედავდა ქალაქიდან გასვლას, რადგან ლეკები თავისუფლად დანავარდობდნენ, ალექსანდრე ამილახვარმა მსახურთან ერთად თბილისიდან გაპარვა მოახერხა. მეოთხე დღეს მშობლიურ სოფლამდე მიაღწია და ძმებთან ერთად ცხინვალისკენ გაიქცა, სადაც ქართლში გადმოსულ იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს შეხვდა და დახმარება სთხოვა. სოლომონ I დაეხმარა ამილახვრებს და ისინი ასტრახანში გაამგზავრა. 1772 წელს ალექსანდრე ამილახვარი მოსკოვში ჩავიდა, დაუკავშირდა ალექსანდრე ბაქარის ძეს, ტახტისთვის ბრძოლაში შემწეობა აღუთქვა და ერეკლე II–ის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.



ალექსანდრე ამილახვარი მოსკოვში 1772-1781 წლებში ცხოვრობდა. ამ პერიოდში შეისწავლა რუსული ენა და გაეცნო ევროპულ ისტორიულ–ფილოსოფიურ ლიტერატურას. 1779 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე დაიბეჭდა ალექსანდრე ამილახვრის პოლიტიკური პამფლეტი „გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე“. წიგნში გადამოცემულია საქართველოს ისტორია ვახტანგ VI–ის მეფობამდე, ერეკლეს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება. აღწერილია XVIII საუკუნის I ნახევრის ქართლის პოლიტიკური მდგომარეობა და სახელმწიფო წყობილება, უარყოფითად არის შეფასებული ერეკლე II მოღვაწეობა. ავტორი მოგვითხრობს თავის თავგადასავალსაც, წარმოგვიდგენს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს, თხზულება გამსჭვალულია შეუზღუდველი მონარქიისადმი სიძულვილით. „გეორგიანული ისტორია“ ტენდენციური, მაგრამ ძვირფასი წყაროა 1765 წლის შეთქმულების ისტორიის შესასწავლად.





XVIII საუკუნის ქართული სოციალური და პოლიტიკური აზრის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთი–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია ალექსანდრე ამილახვრის თხულზება „ბრძენი აღმოსავლეთისა ანუ სახელმწიფო მოწყობის მისი განზრახვა“. ტრაქტატი „ბრძენი აღმოსავლეთისა“ ავტორმა იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს მიუძღვნა. როცა წიგნი ადრესატს გამოუგზავნა ალექსანდრე ამილახვარი ოცდაათ წლამდე უნდა ყოფილიყო. ტრაქტატში გამოთქმული ავტორის იდეები სრულიად შეესაბამება განათლებული აბსოლუტიზმის იდეებს და საშუალებას გვაძლევს სწორად გავიგოთ როგორც ამილახვრის, ასევე იმ დროის ქართული პოლიტიკური შეხედულებების ხასიათი და თავისებურებები.




ალექსანდრე ამილახვარს ეკუთვნის დრამატული ნაწარმოები, სატირა–კომედია „მოქმედება ასტრახანსა შინა“, რომელიც მის პირად თავგადასავალს მოგვითხრობს. ნაწარმოები წარმოაჩენს ამ უაღრესდ საყურდღებო მოღვაწის ნიჭს, მოვლენათა გონებამახვილურ, სხარტ ხედავასა და შეფასებებს.



საბოლოოდ, ისე წარიმართა ალექსანდრეს ცხოვრება, რომ მას არ ღირსებია საქართველოში ჩამოსვლა. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ ერეკლე მეფემ რუსულ მხარეს ამილახვარის გადაცემა მოსთხოვა. ეკატერინემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ ალექსანდრე და მისი ძმა ვიბორგის ციხეში გამოკეტა. ისინი მხოლოდ 1801 წელს გაათავისუფლეს. ამის შემდეგ ალექსანდრე საქართველოსკენ გამოემართა, მაგრამ სამშობლომდე ვერ მოაღწია, ასტრახანში გარდაიცვალა (1802 წ.).იგი 52 წლის იყო. დაკრძალეს იქვე, მიძინების ტაძარში, სადაც ბევრი ქართველი მეფე და დიდგვაროვანი არის დაკრძალული.

0
860
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
860
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0