საქართველო პუტინმა დსთ-ს სამიტზე საქართველოზე ისაუბრა 2023, 13 ოქტომბერი, 17:46
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში დსთ-ს წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა; მისი თქმით, ორგანიზაციის შიგნით ურთიერთქმედება „ვითარდება რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე“.
პუტინმა განაცხადა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც შესაძლოა დღესაც იყოს დსთ-ს ნაწილი, ამ ფორმატში არ მუშაობს“, რის შემდეგაც მან საქართველო ახსენა. „საქართველოსთან დაკავშირებით ყველაფერი მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაიწყო, რომელიც ცდილობდა გადაეჭრა შიდა პრობლემები ძალის გამოყენებით და სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით. აქედან დაიწყო ყველაფერი - და იმ შედეგებით, რაც ამ ავანტიურის შედეგად წარმოიშვა“, - აღნიშნა მან . ამავე დროს, უკრაინამ, მისი თქმით, "ერთხელ მოაწერა ხელი დსთ-ს ფუნდამენტურ დოკუმენტებს", მაგრამ "ფაქტობრივად, არასოდეს შეერთებია მას სრული ფორმატით". „ის ფაქტობრივად, თავიდანვე არიდებდა თავს სრულმასშტაბიან თანამშრომლობას“, - თქვა პუტინმა. რაც შეეხება მოლდოვას, პუტინის შეფასებით, „ის პრაქტიკულად, კარგავს საკუთარ იდენტობას“. „საერთოდაც, ამ ქვეყნის ელიტას მიაჩნია, რომ ისინი მოლდაველები არ არიან. ისინი თავს რუმინელებს უწოდებენ“, - თქვა პუტინმა. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ბელორუსის ავტორიტარულმა ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომაც. „ჯერ ერთი, საქართველომ დატოვა ჩვენი ასოციაცია, დე ფაქტო უკრაინა ჩვენთან არ არის. დიდი კითხვებია მოლდოვას გარშემო. სამწუხაროდ, სომხეთი ყოველთვის პარტნიორივით არ იქცევა“, - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, „დსთ“ (რუს. Содружество Независимых Государств - СНГ) — რეგიონალური მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, შეიქმნა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ორგანიზაციის მიზანია დაარეგულიროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ურთიერთობები: ხელს უწყობს თანამშრომლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში და აქვს გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ეხება ვაჭრობის, ფინანსების, კანონშემოქმედებისა და უსაფრთხოების კოორდინაციას. შედგებოდა 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისაგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთისგან. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. საქართველომ დსთ 2009 წლის აგვისტოში დატოვა. 956 2-ს მოსწონს
|