თეატრი "მოდი აქ! მიშას ბო*ი ჩამოვიდა!" - სახალისო ისტორია ვერიკო ანჯაფარიძეზე 2023, 23 სექტემბერი, 13:33 ამონარიდი გიორგი დანელიას მემუარებიდან "უბილეთი მგზავრი”, წიგნში დეიდამისზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე რეჟისორი ასეთ ისტორიას მოგვითხრობს: “ვერიკო არ იყო ულამაზესი, მაგრამ მას ჰქონდა ისეთი შარმი, რომ მამაკაცებს ჭკუას აკარგვინებდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მან არჩევანი ახალგაზრდა მოქანდაკეზე – მიხეილ ჭიაურელზე შეაჩერა. მან ვერიკოს გამო ცოლ-შვილი მიატოვა და საყვარელ ქალთან წავიდა. მიშა ჭიაურელის მამამ – თბილისელმა მემწვანილემ, ბატონმა ედიშერმა შვილს ასეთი საქციელი არ აპატია, ვერიკოს დანახვა და მისი სახელის გაგონებაც არ უნდოდა. როდესაც მიშა ჭიაურელი სტაჟირებაზე გერმანიაში გააგზავნეს, ვერიკოც თან გაჰყვა. თუმცა მასზე ადრე დაბრუნდა თბილისში. მიშა ჭიაურელმა მშობლებს საჩუქრები უყიდა და ვერიკოს სთხოვა, მიეტანა: – შენ რომ დაგინახავს მამაჩემი, მაპატიებს და შემირიგდება, მას კარგი გემოვნება აქვს. ვერიკომ უბრალო კაბა ჩაიცვა, ფეხზე უქუსლო ფეხსაცმელები ამოიცვა, თმა გულმოდგინედ დაივარცხნა, თავზე თავსაფარი გაიკეთა და მამამთილთან წავიდა. მოხუცი ედიშერი სახლის ჩუსტებში, წინდებში ჩატანებული სატინის შარვლით, ზემოდან გადმოფენილ პერანგში თბილისური ეზოს ვერანდის საფეხურზე იჯდა. ვერიკო მიუახლოვდა და წინ საჩუქრებით სავსე ტყავის საკვოიაჟი დაუდგა: – გამარჯობათ, ბატონო ედიშერ! ეს თქვენმა შვილმა გამოგიგზავნათ გერმანიიდან. – გმადლობ, შენ ვინ ხარ? – მე ვერიკო ვარ, ბატონო ედიშერ! ედიშერმა ყურადღებით შეათვალიერა ვერიკო. – ხოო, – მძიმედ ამოიოხრა, – ახლა მესმის ჩემი შვილის. შენ ისეთი ლამაზი, ისეთი მშვენიერი ხარ, განა შეიძლება ადამიანს არ შეუყვარდე? ვერიკო უხერხულად შეიშმუშნა და საუბრის თემა რომ შეეცვალა, თქვა: – ბატონო ედიშერ, მიშამ თქვენთვის რაღაცეები იყიდა, დედისთვის კი – ლამაზი შალი. – მართლა? გმადლობ გენაცვალე, ჩვენ მას ახლავე დავუძახებთ… სონია! სონია! – რა გინდა? – მესამე სართულის ვერანდიდან გადმოიხედა ჭიაურელის დედამ. – მოდი აქ! მიშას ბოზი ჩამოვიდა!” დღეს, 23 სექტემბერს (1900 წ.)დაიბადა მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, საქართველოს (1943) და სსრკ (1950) სახალხო არტისტი. სსრკ სახელმწიფო (1943, 1946, 1952), შოთა რუსთაველის სახელობის (1979) და კ. მარჯანიშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მისი საუკეთესო იდეურ-მხატვრული ტრადიციების ერთ-ერთი შემქმნელი და დამამკვიდრებელი. 359 4-ს მოსწონს
|