x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გამუსულმანებული მესხების გადასახლება ოსმალეთში და არზრუმელი სომხების დასახლება სამცხე-ჯავახეთში

image

"ახალციხის აღების დროს, სამწუხაროდ, ქართველ მაჰმადიანებში ბევრი თუ შეერთების მოსურნე იყო, ბევრი წინააღმდეგიც გახლდათ და ნამეტურ იმ დღიდან რაკი გამარჯვება რუსებს დარჩათ. რუსებმა ახალციხის შემდეგ ახალქალაქიც აიღეს და შემდეგ სხვა ადგილებსაც მიადგნენ. ამ დროს, ქართველ მაჰმადიანებში გაჩდნენ ისეთი მქადაგებლები, რომელნიც ქართველ მაჰმადიანებს უქადაგებდნენ ასე: დაიღუპა მუსლიმანობა, რუსები მოვიდნენ, ჩვენი აქ დგომა აღარ იქნება, თავს უნდა ვუშველოთ და წავიდეთ, გადავსახლდეთ ოსმალეთში.
ასეთი პირნი დღე და ღამე ამაზედ მეცადინეობდნენ. ხალხი შეაშინეს, ათასნაირი მტრობა და ბოროტება და სჯულის დასაღუპი შიში, სულის წარსაწყმედი დარდი ჩაუნერგეს, ბედშავ მესხელნ-ჯავახელნი ერწმუნენ და განიზრახეს აყრა და წასვლა ოსმალეთში სულის საცხოვნებლად.
მალე დაიწყეს გადასახლებაც, მათი გადასახლება ერთი საცოდაობა იყო, ზოგი ტიროდა, ზოგი ბღაოდა, ზოგი მიწაზედ ვარდებოდა და ისე ეთხოვებოდა თავის მამა-პაპის სახლ-კარს, ბაღს, ბოსტანს და სხვა ასეთებს, მაგრამ მეტი სხვა რა გზა ჰქონდათ. ასე და ამგვარად ერთი წლის განმავლობაში მესხეთ- ჯავახეთის სოფლები დაიცალა ქართველ მაჰმადიანებისაგან.
თუმცა, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მათ გადასახლებაში აგრეთვე წვლილი მიუძღვის ქრისტიან სომხებს. ესენი უქადაგებდნენ, რომ აიყარეთო და წადითო, თორემ რუსები აქ ყველას გაგაქრისტიანებენ და გაგაქართველებენო. ამის ქადაგებაში რა თქმა უნდა, მონაწილეობდა გენერალი ბებუთოვი და მასთან ერთად სომეხი დავით ეპისკოპოზიცაო, ვისაც კი რაიმე ჰქონდა, ჰყიდდა არზრუმის ვილაიეტის სომეხ მოციქულებზე ოხერ ფასად. ამათ ქადაგება რომ არ ყოფილიყო მაშინ შესაზლებელი იქნებოდა რომ ქართველ მაჰმადიანები იმ რიცხვით არ გადასახლებულიყვნენ მესხეთ ჯავახეთიდანაო.
მალე სრულიად დაიცალა მესხეთ-ჯავახეთი. სულ მოკლე ხანში, არზრუმიდან გადმოსახლებულმა 30.000-სმა სომეხმა დაისაკუთრა და ქართველი მაჰმადიანების ნაოხრებზედ დასახლდა დაცარიელებული სოფლები სულ უფასოდ და თითქმის მუქთად. აქამდე სომხის ხსენებაც არ იყო, აქ მათ კაცს ერთს სოფელში ვერ ნახავდა. ახალციხეში კი იყო მათი რიცხვი, მაგრამ ერთობ მცირე, ისიც ქართველი გრიგორიანელები, ქართულად მოლაპარაკენი და მათი რიცხვი ისე მცირე იყო, რომ ახალციხეს ჰქონდათ ერთი პატარა სომეხთ საყდარი. ასე და ამგვარად, პირველად მესხეთ-ჯავახეთში სომხები 1830 წლებში გაჩდნენ და პირველად მოედვნენ აქ ქართველ მაჰმადიანთა სოფლებს, რომელ სოფლის მამულებიც მათ თითქმის სულ მუქთად იშოვეს.
ასე და ამგავრად დაიცალნენ მესხეთ-ჯავახეთიდან ქართველი მაჰმადიანები და მათ საყოველთაოდ დაკარგეს თავიანთი ძვრიფასი სამშობლო ქვეყნის მამულ-დედული. ეს გარემოება ზოგთაგან მაშინათვე იქნა სისხლის ცრემლით დატირებული."
*
*
*
წყარო: ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე
0
533
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
Mediator image
533
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0