თავის დროზე, აფხაზ და ოს სეპარატისტებს, საქართველოს სათავეში ყველაზე მეტად იგორ გიორგაძის შესაძლო მოსვლის ეშინოდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ შემთხვევაში "კრასავჩიკი" კრემლთან საერთო ენას მონახავდა და მათ კარგი დღე არ დაადგებოდათ. რატომღაც, ამ უტოპიასთან მიახლოებული საუბრები დაიწყეს მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა.
აფხაზეთში "დარწმუნებულნი არიან", რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების შემთხვევაში, აფხაზეთის საქართველოსთვის "გადაცემას" არავინ აპირებს, დე-ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" ხელმძღვანელი სტანისლავ ლაკობა აცხადებს, რომ "რუსული პოლიტიკა ამ ეტაპზე საკმაოდ პრაგმატულია". მისი თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არიან "შედარებით გაწონასწორებული და ნაკლებ ისტერიული ადამიანები, რომლებთან ლაპარაკიც შესაძლებელია".
"თუ ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებამდე მივალთ, ეს რა თქმა უნდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში გარღვევა იქნება. "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი იმის წინააღმდეგი არ არის, რომ აფხაზეთთან, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარესთან შედგეს მოლაპარაკება და ისინი არც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გამორიცხავენ", - განაცხადა ლაკობამ.
"დამოუკიდებლობის აღიარების" რა მოგახსენოთ, მაგრამ ყინული მცირედით მაინც რომ გალღვება, ეს ეჭვგარეშეა.