x
ბიძინა ივანიშვილს საქართველოდან აძევებენ?

imageქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც
უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ყოფნის 360 დღიანი ვადა 5
ოქტომბერს ეწურება. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც 2011 წლის 7 ოქტომბერს
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ოთხ
დღეში, ანუ 11 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მას საქართველოს
მოქალაქეობა ჩამოართვა. ამიტომ, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის მიმართ
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ კანონი მოქმედებს, რომლის
თანახმადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში უწყვეტად ყოფნისთვის 360
დღიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა
ივანიშვილმა სასამართლოშიც გაასაჩივრა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა
მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის
პარალელურად მიმდინარეობდა მეორე პროცესიც. კერძოდ, ივანიშვილმა მისთვის
საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მინიჭება ითხოვა, მაგრამ
სამოქალაქო რეესტრმა მას ამაზეც უარი უთხრა და მიუთითა, რომ ივანიშვილს
ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტისთვის
მიემართა. ამაზე უკვე ივანიშვილმა განაცხადა უარი და მისი იურისტები
განმარტავდნენ, რომ კოალიციის ლიდერს სწორედ ნატურალიცაზიის წესით
ეკუთვნოდა საქართველოს მოქალაქეობა, რაზეც უარის თქმის საფუძველი
ხელისუფლებას არ ჰქონდა. რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, როდესაც პირი
საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართავს,
პრეზიდენტს შეუძლია ეს თხოვნა ან დააკმაყოფილოს, ან - არა. ამიტომ „ქართულ
ოცნებაში“ მაშინვე ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი ამ თხოვნას არ
დააკმაყოფილებდა და სამოქალაქო რეესტრის ამაზე მითითება ხელისუფლების
მხრიდან მხოლოდ დროის გაწელვის ტაქტიკა იყო.

ყველაფერმა ამან
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა
გამოიწვია, რასაც მმართველი გუნდის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში საკმაოდ
სახიფათო ცვლილებების შეტანა მოჰყვა. კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად,
საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს,
რომლებიც ბოლო 5 წელი ცხოვრობენ მშობლიურ ქვეყანაში, პასიურთან ერთად,
აქტიური საარჩევნო უფლება მიენიჭათ. ამ საკონსტიტუციო ცვლილებას თავიდანვე
უარყოფითად აფასებდნენ იურისტები, რადგან მასში ქვეყნის უსაფრთხოებიდან
გამომდინარე კონკრეტული რისკები არსებობდა, მაგრამ ახლა ამაზე არ
შევჩერდებით, რადგან ამაზე უკვე ისედაც ბევრი ითქვა. საქმე იმაშია, რომ
ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებით
სარგებლობაზე და არგუმენტად ის მოიყვანა, რომ არ სურს ანტიკონსტიტუციური და
ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებით ისარგებლოს. ამდენად,
დღესდღეობით ივანიშვილს არანაირი პოლიტიკური სტატუსი არ აქვს, გარდა იმისა,
რომ მისი ლიდერობით შექმნილმა კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში
გაიმარჯვა. ამიტომ, ბუნებრივია, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი იმისა, რომ
შესაძლოა, სააკაშვილის გუნდმა ივანიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი
მექანიზმები აამოქმედოს, რათა მისი ქვეყნის დატოვებაზე იძულება მოხდეს.
შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გააძევონ და რა
საკანონმდებლო ნორმები იცავს მას ამ საშიშროებისგან, ამ საკითხზე ჟურნალისტი
„ქართული ოცნების“ წევრს, იურისტ არჩილ კბილაშვილს ესაუბრება.

არჩილ კბილაშვილი:
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი ევროკავშირის წევრი
ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოში უწყვეტი 360 დღიანი ყოფნის უფლებას
ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს გასული წლის 11 ოქტომბერს შეუწყდა
მოქალაქეობა. შესაბამისად, 360 დღე 5 ოქტომბერს გადის. აქედან გამომდინარე,
შეიძლება ადამიანმა დაასკვნას, რომ ხვალიდან ივანიშვილის საქართველოში
ყოფნა არალეგალური იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური
ცვლილება, რომელიც 22 მაისს ამოქმედდა და რომელიც ევროკავშირის წევრი
ქვეყნის მოქალაქეს, აქ დაბადებულს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
საქართველოში მაცხოვრებელს, უფლებას აძლევს, პრემიერ-მინისტრი გახდეს. დღეს
ზუსტად ის წინაპირობა გვაქვს, როდესაც ივანიშვილი არის ომ კატეგორიის,
რომელიც ამ ნორმაშია აღწერილი და ამასთანავე, მისმა კოალიციამ საპარლამენტო
არჩევნებში გაიმარჯვა და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს
პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. ამდენად, არსებობს კონსტიტუციის ნორმა,
რომელიც ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას ითვალისწინებს და არსებული
რეალობაც ამის საფუძველს ქმნის. ასეთ შემთხვევაში, სამართლებრივად ყოვლად
დაუშვებელია, რომ პრემიერ-მინისტრი მოქალაქეობის არქონის გამო ქვეყნიდან
იყოს გაძევებული, რადგან კონსტიტუცია უშვებს ამას. სხვა საკითხია, რომ
კონსტიტუციური ნორმა აბსურდულია და არც ერთ ქვეყანაში ასეთი რამ არ ხდება,
მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნორმა საქართველოში მოქმედებს.

ამ ნორმათა
შეფასების დროს უპირატესობა კონსტიტუციას აქვს და 5 ოქტომბრის შემდეგაც
ბიძინა ივანიშვილი ისევე ლეგალურად იქნება საქართველოში, როგორც აქამდე
იყო. გარდა ამისა, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც კრძალავს იმ პირის
ექსპტრადაციას, რომლის ოჯახის წევრები მითითებული ქვეყნის მოქალაქეები
არიან, თუკი ისინი ერთად ცხოვრობენ. ამდენად, ეს შემთხვევაც სახეზეა და
აბსურდული კონსტიტუციური ნორმა რომც არ ყოფილიყო, მხოლოდ ამის საფუძველზეც
ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევება ვერ მოხდებოდა. რეზიუმის სახით გეტყვით, ის
ჩანაწერი, რომელიც უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით
ქვეყანაში 360 დღიან უწყვეტ ყოფნას აწესებს, ხოლო შემდეგ ლოგიკურად მის
ქვეყანაში ყოფნას არაკანონიერად განიხილავს, კონსტიტუციას და
ევროკონვენციას ეწინააღმდეგება და ამ შემთვევაში მას ძალა არ აქვს.

თქვენი ოპონენტების, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციიდან რომ ვისაუბროთ, ბიძინა ივანიშვილმა თავად გააკეთა განცხადება, რომ თქვენს მიერ ნახსენები კონსტიტუციური ნორმით არ ისარგებლებდა, ამასთანავე, იგი ჯერ არ არის პრემიერ-მინისტრი და ხომ არ შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის წინააღმდეგ მაინც აამუშავოს გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები?

-
მოდით ეს საკითხი გავყოთ სამართლებრივად და პრაგმატულად. სამართლებრივად
არსებობს ნორმა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის პრემიერ-მინისტრობას
ითვალისწინებს. ამიტომ, ასეთი პირის კანონგარეშედ გამოცხადება უკვე
არასამართლებრივია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უკვე ჩატარებულია
საპარლამენტო არჩევნები და ცნობილია, რომ მისმა კოალიციამ ამ არჩევნებში
გაიმარჯვა. გარდა ამისა, ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ვინაიდან მისი
ოჯახის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს უკვე თავისთავად
გამორიცხავს ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევებას. ანუ არსებობს
რამდენიმე გარემოება, რომელიც მის სასარგებლოდ მეტყველებს.

პრაგმატულად
თუ შევხედავთ საკითხს, ხელისუფლება ყოველთვის მუშაობდა ძალის
დემონსტრირების და ძალის გაყვანის პრინციპით, ანუ ძალა თუ ჭრიდა, თავისი
გაჰყავდა. დღეს უკვე პრაგმატული თვალსაზრისითაც, მათ ეს ძალა აღარ აქვთ.
ისინი ვერ დაუპირისპირდებიან საქართველოს მოსახლეობას იმაში, რომ ამ
საკითხზე რაღაც სპეცოპერაცია დაიწყონ. მით უმეტეს, რომ ეს მაინც არაფერს
მისცემს, რადგან არჩევნებში გამარჯვება მოპოვებულია და ივანიშვილი
საქართველოში იქნება თუ არ იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტს
შეუძლია იგი პრემიერ-მინისტრად აირჩიოს. ასეთ შემთხვევაში, იგი უკვე
პრემიერ-მინისტრად ჩამოვა საქართველოში, ეს კი აბსურდული იქნება და
საერთოდ, ასეთი რამ არსად მომხდარა. რა თქმა უნდა, არგუმენტი არც ეს არის,
რომ ასე არსად ხდება, რადგან ასეთი აბსურდული კონსტიტუციური ნორმაც არსად
არსებობს, მაგრამ როგორ შეიძლება ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ, უბრალოდ
გაუგებარია.

ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“
წარმომადგენლების განცხადებები მოწმობს იმას, რომ ისინი არ წავლენ ასეთ
დაძაბულობაზე, რაც ხელისუფლებაში მათი ყოფნის დასასრულს კიდევ უფრო
მოაახლოვებს.

პროცედურულად როგორ ხდება ამ 360 დღის გასვლის შემდეგ ადამიანის ქვეყნიდან გაძევება?

-
მისი გაძევება სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს. უნდა არსებობდეს
იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში
საჩივრდება და საბოლოოდ, სასამართლო ღებულობს ამ გადაწყვეტილებას.

5
949
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:JuicyFryit
JuicyFryit
949
  
2012, 14 ოქტომბერი, 9:42
100-იანი ხარ
2012, 14 ოქტომბერი, 0:55
+++++
2012, 7 ოქტომბერი, 1:39
მოჭამონ! +
2012, 6 ოქტომბერი, 13:53
+++++++++++
0 1 5