x
მეტი
  • 02.10.2024
  • სტატია:137401
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511343
კომპიუტერი და ჯანმრთელობა

კომპიუტერი და ჯანმრთელობა
ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპიუტერმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. დღეს კომპიუტერი პრაქტიკულად ყველა ოჯახშია. ის აქტიურად გამოიყენება როგორც სამუშაოდ, ასევე გართობის და ურთიერთობისათვისაც. საწარმოო პროცესებიც თანდათან კომპიუტერულ მართვაზე გადადის. კომპიუტერის პრაქტიკული სარგებელი უდავო და თვალსაჩინოა, მაგრამ მისი არასწორად გამოყენება უარყოფითად შეიძლება აისახოს ჯანმრთელობაზე.
კომპიუტერთან მუშაობისას პირველ რიგში დიდ დატვირთვას განიცდის თვალები, განსაკუთრებით თუ მონიტორის რეგენერაციის სიხშირე დაბალია, რაც გამოსახულების ციმციმს და თვალების ნაადრევად დაღლას იწვევს. ამიტომ კომპიუტერთან 1 საათი მუშაობის შემდეგ აუცილებელია 10 წუთიანი შესვენებების გაკეთება. აუცილებად უნდა მიაქციოთ ყურადღება თვალებს, ვინაიდან თვალები დიდ დატვირტვას განიცდიან ტექსტთან და მონიტორთან მუშაობისას. პირველი სიმტომები ე.წ. «კომპიუტერული მხედველობის სინდრომი» არის თვალების წვა, თავის ტკივილი, მხედველობის მგრძნობელობის დაქვეითება (მაგალითად კაშკაშა შუქზე) და ახლომხედველობა. თვალებს განსაკუთრებით ძაბავს და ზიანს აყენებს კომპიუტერული თამაშები. კომპიუტერისაგან ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდება თუ მონიტორიდან 60-70 სანტიმეტრამდე იქნებით დაშორებული.
მეორე მნიშნელოვანი პრობლემა კომპიუტერთან მუშაობისას უცვლელი მჯდომარე მდგომარეობითაა გამოწვეული, რისი შედეგიც დასუსტებული კუნთები, კისრის და თავის კუნთების დაძაბვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ზურგის კუნთების დატვირთვაა. კლავიატურასთან ხანგრძლივი მუშაობისას დიდ დატვირთვას განიცდის ხელის თითები და მაჯები, რაც სახსრების და მყესების პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ ზემოქმედების შესასუსტებლად საჭიროა ერგონომიული, ხელისათვის მაქსიმალურად მოსახერხებელი მოწყობილობების გამოყენება. კომპიუტერის არაერგონომიულმა მოწყობილობებმა შეიძლება გამოიწვიოს: სტრესი, დაღლილობა, განწყობის გაუარესება, მხედველობის დაქვეითება და ასევე ნერვულ-ფსიქიკური დაავადებებიც. უძრავ პოზაში ხანგრძლივი ყოფნის შედეგი იქნება ოსტეოქონდროზი და ხერხემლის გამრუდება, მდგომარეობა ასევე უარესდება ტანის ქვედა ნაწილშიც (ფეხები, საქესო ორგანოები). ხანგრძლივი უძრაობა იწვევს მენჯის ორგანოებში სისხლის გაჩერებას, რაც ხელს უწყობს ისეთი დაავადებების განვითარებას როგორიცაა პროსტატიტი მამაკაცებში, ქალებში კი გინეკოლოგიური დაავადებები. მსგავსი არასასიამოვნო შედეგების აცილება მარტივადაა შესაძლებელი ფიზკულტურით და არამჯდომარე პაუზებით.
კომპიუტერის უარყოფითი ზემოქმედება ძირითადად მასთან მუშაობის არასწორი ორგანიზებითაა გამოწვეული. კომპიუტერზე მუშაობის რეჟიმის დაცვით, აუცილებელი შესვენებების გაკეთებით შესაძლებელი გახდება უარყოფითი ფაქტორების გამორიცხვა.
თანამედროვე რეალობაში გეიმ, პორნო და ინტერნეტ დამოკიდებულება კომპიუტერთან დაკავშირებული და გავრცელებული ფსი­ქი­კური პრობლემებია.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ყველაზე მეტად გავრცელებული ფორმაა, ვირტუალური სამყაროს თვალწარმტაცი და რეალისტური ურთულესი სპეცეფექტების წყალობით. თამაშებით შესაძლებელი ხდება მძაფრი შეგრძნებების მიღება სიცოცხლისათვის რისკის გარეშე, კომპიუტერული თამაშები მძლავრად შემოიჭრა თანამედროვე ცივილიზაციაში და სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს ადამიანის ცხოვრებაში. კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია გვთავაზობს სხვადასხვა ტიპის თამაშს ასაკის, ინტერესის და სხვა მახასიათებლების შესაბამისად. თამაშობენ როგორც პატარა ბავშვები, ისე მოხუცებიც. ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია გაუძლო ცდუნებას – თამაში ხომ სიამოვნების მომტანია.
კომპიუტერულ თამაშებს შეუძლიათ სარგებლობის მოტანაც. თუმცა თამაშებით ზედმეტმა გატაცებამ უარყოფითი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. თავგადადებული გეიმერი როგორც წესი მთელ თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს, შესაბამისად რეალური ცხოვრების მიმართ მისი ინტერესი თანდათან კლებულობს, რაც სხვადასხვა სახის პიროვნული და სოციალური პრობლემების მიზეზი ხდება. ეს განსაკუთრებით მწვავეა ბავშვების და მოზარდებისათვის. კომპთამაშები მიმდინარეობს ნერვული დაძაბულობით, ვინაიდან საჭიროებს სწრაფ რეაქციას. ნერვული პროცესების ხანმოკლე კონცენტრაცია კი დაღლას იწვევს – თამაში ერთგვარი ემოციონალური სტრესია.
აღსანიშნავია, რომ რთული კომპიუტერული პროგრამები კვლევით და კრეატიულ უნარებს ანვითარებს. კომპიუტერული ისეთი თამაშებით კი, როგორიცაა სიმულატორები შესაძლებელია სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, მაგალითად სავსებით შესაძლებელია სიმულატორით მანქანის, ექსკავატორის თუ სხვა მოწყობილობის მართვის სწავლა. სამხედრო წვრთნისას ასევე ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული სიმულატორები.
ინტერნეტის დადებითი მხარე თვალსაჩინოა– ნებისმიერ ინფორმაციასთან შეუზღუდავი წვდომა პიროვნული და ინტელექტუალური განვითარების, თვითსრულყოფის საშუალებას იძლევა. თუმცა არსებობს უარყოფითი მხარეც – ინტერნეტ დამოკიდებულება ფსიქიკური დამოკიდებულების ერთერთი სახეა, რაც ვლინდება მასში ჩართვის, ყოფნის და რაც შეიძლება მეტი დროის გატარების სურვილში. ასეთი ადამიანები დროის შეგრძნებას კარგავენ. ინტერნეტ დამოკიდებულების ერთერთი გავრცელებული სახეა ვირტუალური ურთიერთობა სოცქსელებში, ფორუმებზე, სკაიპში თუ სხვა რესურსებზე. ახალგაზრდების უმრავლესობა დღეს სოცქსელებში შესვლით იწყებს და მასშია პრაქტიკულად მთელი დღის განმავლობაში ჩართული კომპიუტერის თუ მობილურის მეშვეობით.
კომპიუტერთან მუშაობისას საჭიროა ინფორმაციის დამუშავება და ყურადღების კონცენტრაცია, რაც ხანგრძლივი დროის შემთხვევაში იწვევს გონებრივ დაღლილობას და ყურადღების დარღვევას. ადამიანს რომელიც ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან რეალურად ემუქრება: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე თვალების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, სახსრების, კუჭ-ნაწლავის დაავადებები და ფსიქიკური მოშლილობები. ხანგრძლივად კომპიუტერთან მუშაობა თავის ტკივილის, ყურებში ხმაურის, გულისრევის და თავბრუსხვევის მიზეზი შეიძლება გახდეს. არარეკომენდირებულია კომპიუტერთან დღეში 6 საათზე მეტის გატარება. კომპიუტერის მიერ ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის რისკი მასთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია.
კომპიუტერთან მუშაობისას საჭიროა პოზის ხშირად შეცვლა ან პერიოდულად ადგომა. კომპიუტერთან ყოფნისას ოპტიმალურია სხეულის შემდეგი მდგომარეობა: წელი და კისერი გამართულია, მონიტორი თქვენს პირდაპირ უნდა იყოს განთავსებული თავის სწორად დასაჭერად და თვალებიდან მინიმუ 45 სანტიმეტრზე უნდა იყოს დაშორებული. სკამს უნდა გააჩნდეს საზურგე და სახელურები, მისი სიმაღლე კი ისეთი უნდა იყოს რომ ფეხები მყარად იდგეს იატაკზე და ფეხის მოხრის ადგილში მართ კუთხეს ქმნიდეს სისხლის ნორმალურად მიმოქცევისათვის.
კომპიუტერის მავნე ზემოქმედებისაგან დაცვისათვის ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, გაანიავეთ ოთახი, ივარჯიშეთ, დაიცავით კომპიუტერთან უსაფრთხოდ მუშაობის წესები და ისარგებლეთ ერგონომიული ტექნიკით.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:სუპერტვინი
სუპერტვინი
28