x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყოველწლიურად კოღოების მიერ გავრცელებული დაავადებით ნახევარი მლნ. ადამიანი იღუპება... და რა მოხდება, ეს მწერი რომ გაქრეს?

კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე 107 მილიარდამდე ადამიანი დაიბადა და მათგან, დაახლოებით, 48 მილიარდი — მდედრი კოღოს (მამრები ყვავილის ნექტრით იკვებებიან) მიზეზით დაიღუპა. ეს მწერი, ფაქტობრივად, ყველგან არის და ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ ერთხელ მაინც არ გვიკბინოს. ალბათ, ბევრს უნატრია, რომ ეს საშინელი არსებები ერთ მშვენიერ დღეს საერთოდ გაქრეს. მაგრამ, რა მოხდება, თუ სურვილი ახდება და კოღოები მართლაც გაქრებიან? რამდენად სასარგებლო იქნება ეს ჩვენთვის და პლანეტის ეკოსისტემისთვის?


image


ისე, როგორც სხვა ნებისმიერი არსება, კოღოც ეკოლოგიური სისტემის ერთ–ერთი რგოლი, მისი განუყოფელი ნაწილია და მისი გაქრობა არაერთ ცვლილებას გამოიწვევს ბუნებაში და ჩვენს ცხოვრებაში.


I. გაქრებიან პატარა ზომის მდინარის თევზები


კოღოები წყალსატევებში და მყუდრო გუბურებში მრავლდებიან და მათი ლარვებით ზოგიერთი სახეობის თევზი იკვებება. მაგ., ნაფოტა, კალმახი, გამბუზია. ისინი თუ გაქრნენ, თევზები იძულებულები იქნებიან, ნაკლებად ხელმისაწვდომ, ახალ საკვებს შეეჩვიონ. ბევრი ამის გაკეთებას ვერ შეძლებს და ალბათ, დაიღუპება.


II. ვეღარ მივირთმევთ შოკოლადს


კოღოების გაქრობის შემთხვევაში, მცენარეების ერთი ნაწილი სამუდამოდ გაქრება. მათ შორის გაქრება კაკაოც (შოკოლადის ხე – ლათ. Theobroma cacao).

ალბათ იკითხავთ, თუ რა კავშირი აქვს კოღოს და შოკოლადს?

საქმე იმაშია, რომ მამალი კოღოები ამ მცენარის ყვავილის ნექტარით იკვებებიან (სადაც კაკაო არა ხარობს, ის მცენარე გაქრება, რითაც ეს მწერები ინტერესდებიან) და პარალელურად, მათ მტვერავენ.


III. გაუჭირდებათ ფრინველებს


თუ ლარვებით თევზები იკვებებიან, ზრდასრული კოღოები ბევრი ფრინველის, მათ შორის: მერცხლების, ნამგალების, ნარჩიტების და სხვათა საკვებია. მათ გარეშე, ფრინველებს ძალიან გაუჭირდებათ ბარტყების გამოკვება. ისინი შეიძლება გადარჩნენ, მაგრამ კვების რაციონის შეცვლა მოუხდებათ და მათი უმრავლესობა იმ ადგილებში გადავა საცხოვრებლად, სადაც უფრო მეტი მწერი იყრის თავს – სავარაუდოდ, ტყეებში და მდელოებზე.


IV. ირმების შემოსევა


ირმებს ძალიან ეშინიათ სისხლისმწოველი მწერების. არეალებს, სადაც კოღოები ბინადრობენ, ისინი სათოფეზეც კი არ ეკარებიან და თუ ეს მწერები გაქრებიან, ირმებისთვის ბუნებრივი ბარიერი აღარ იარსებებს და ეს ცხოველები, თავისუფალი მიგრაციის წყალობით, ახალ ტერიტორიებს აითვისებენ. შედეგად, ეს საყვარელი ცხოველები მცენარეების და ლიქენების დიდ ნაწილს გაანადგურებენ.


V. დაბინძურდება წყალსაცავები


კოღოს ლარვები წყლის ფილტრაციას ახდენენ. ითვლება, რომ ერთი საათის მანძილზე, მხოლოდ 1 ინდივიდს, დაახლოებით, 1 ლ. წყლის გასუფთავება შეუძლია. ისინი გახრწნილი წყალმცენარეებით იკვებებიან და როდესაც, ჩვენთვის დაბინძურებულ და მათთვის საკვებით მდიდარ წყალს ისრუტავენ, საკვებს იტოვებენ და წყალს უკან აბრუნებენ. ახლა წარმოვიდგინოთ, რა რაოდენობის ასეთი ლარვია წყალში და რამდენად სასარგებლო საქმეს აკეთებენ. ისინი რომ არა, ყველა წყალსაცავი, რამდენიმე წელში ჭაობად გადაიქცევა.


VI. ადამიანები ნაკლებად იავადმყოფებენ


დაახლოებით, 25 მლნ. ადამიანი თავისუფლად ამოისუნთქებს, რადგან ყოველწლიურად, სწორედ ამდენი ავადდება მალარიით და კოღოების მიერ გადამტანი დაავადებებით.

2017 წ. მონაცემებით, იმ წელს, მხოლოდ მალარიით, 435 000 ადამიანი დაიღუპა.

image

თუმცა, ყოველთვის მოიძებნება ის, ვინც გვიკბენს!


ფიქრობთ, თუ კოღოები გაქრებიან, აღარაფერი გვიკბენს? სულ ტყუილად. ამას სხვა მწერები გააკეთებენ: ბუზები, ონავრები, მაწუხელები... რადგან «კონკურენცია» შემცირდება, ეს მწერები უფრო გამრავლდებიან და შემაწუხებლები გახდებიან.


ამრიგად, კოღოს მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ პლანეტის ეკოსისტემაში. და არა მხოლოდ პლანეტის, კოღო ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც არის, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე.

არ გიფიქრიათ იმაზე, რომ კოღო კონკრეტულად თქვენ გეძებთ, რომ მანიაკურად გადაგეკიდოთ და დაგკბინოთ? და ალბათ, იმაზეც გიფიქრიათ, თუ რა არის ამის მიზეზი? აქვე გიპასუხებთ, რომ ამაში დამნაშავე, ძირითადად (70%), თქვენი გენებია.
კოღოები თქვენ გირჩევენ მსხვერპლად, მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით. მეცნიერებმა ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვებას სხვადასხვა სახეობის კოღოებზე ატარებდნენ. ამიტომ, ფაქტორები რომლის გამოც თქვენით შეიძლება დაინტერესდეს კოღო, შეიძლება, სხვადასხვა იყოს. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ კოღოს რომელი სახეობა არის თქვენს რეგიონში გავრცელებული. ზოგადი სურათი კი ასეთია:
I. ადამიანები რომლებსაც პირველი (0) ჯგუფის სისხლი აქვთ, უფრო მეტად მიმზიდველები არიან კოღოებისთვის, ვიდრე ადამიანები ნებისმიერი სხვა ჯგუფის სისხლით.
II. ფეხმძიმე ქალები 2-ჯერ უფრო მეტად იზიდავენ მალარიის კოღოებს, ვიდრე სხვა ადამიანები. ამას ყურადღება უნდა მიაქციონ ექიმებმა და მომავალმა დედებმა, რადგან დღეს მსოფლიოში ზიკას ვირუსი არის გავრცელებული, რომლის გამოც, ბავშვები თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან.
III. ერთ-ერთი კვლევის დროს, დადგინდა რომ ადამიანები რომლებიც ლუდს სვამდნენ, უფრო მიმზიდველები აღმოჩნდნენ კოღოებისთვის, ვიდრე მათი ფხიზელი მეგობრები.
IV. ზოგიერთი ადამიანის ორგანიზმი გამოყოფს ატრაქტანტს – ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებს იზიდავს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანის ორგანიზმში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც აფრთხობს მწერებს. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს ნივთიერებები როგორ მუშაობს. თუმცა, მეცნიერები ცდილობენ მის გამოყოფას და კოღოების საწინააღმდეგო ხაფანგების ან დასაფრთხობი სპრეის შექმნას.
V. კოღოებს, ის ადამიანები მოსწონთ, რომლებიც სუნთქვის დროს, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს გამოყოფენ — ასეთები არიან ადამიანები, რომლებიც დიდი ზომის სამოსს ატარებენ და ფეხმძიმე ქალები.
VI. ვარჯიშის დროს, ადამიანის ორგანიზმში რძემჟავა წარმოიქმნება, რომელიც ოფლში მოხვედრის შემთხვევაში, ატრაქტანტი ხდება კოღოებისთვის.
გენეტიკის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ არის საშუალებები, რომელიც დაგიცავთ კოღოების შემოტევისგან, როგორც სახლში ისე ქუჩაში. თავდაცვა კი აუცილებელია, რადგან გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი ქავილს და დისკომფორტს იწვევს, ჯანმრთელობისთვის სახიფათოც არის. კოღოს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკას ვირუსი, მალარია, ყვითელი ციება, დას. ნილოსის ციება და სხვა.


და ბოლოს, როგორ უნდა დავიცვათ თავი ამ მავნებლებისგან?


კოღოებს, ისევე როგორც ჩვენ, განვითარებული აქვთ ყნოსვის ორგანოები. ისინი ყველაზე მეტად ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის, კედრის და ანანასის სუნს. ამ მცენარეებიდან ნებისმიერის ეთერზეთის, ერთი წვეთის, სხეულის ღია ადგილზე დაწვეთების შემთხვევაში, ან 5-10 წვეთის სუნამოში ან ოდეკოლონში ჩამატების და მისი მოხმარების შემდეგ, მთელი დღის მანძილზე დაცული იქნებით კოღოებისგან.
რაც შეეხება სახლში თავდაცვას, არც ეს არის რთულად მოსაგვარებელი პრობლემა:
გამხმარი გვირილა დაფქვით და მოაბნიეთ სახლში ან ქოთანში პომიდორი ჩარგეთ და ფანჯრის რაფაზე დადგით. კოღო არასოდეს გაეკარება ფანჯარას, სადაც პომიდვრის ფოთლების სუნი ტრიალებს.

იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი სახლი, აგარაკი ან საკარმიდამო ნაკვეთი გაქვთ, გაითვალისწინეთ, რომ კოღოები ვერ იტანენ მიხაკის, რეჰანის, ევკალიპტის და ანისულის სუნს. ამ მცენარეების ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ნათურაზე დასხმის და მისი ანთების შემთხვევაში, ისინი მომენტალურად გაქრებიან პერიმეტრიდან.


image

არხის სხვა სიახლეები:


* კატასტროფა, რომელმაც მზის სისტემაში უდიდესი ცვლილებები გამოიწვია

* ფოლადის არმატურამ ტვინში გაიარა... გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები

* იყო კი ცხენი? – ტროას დაცემის რეალური ისტორია

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად




0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0