x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. მერე ლანძღოს ოპონენტები"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დედაქალაქის მერის გაღიზიანებას კახა ოქრიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კალაძის ოჯახის სტიქიის ზონიდან გამოსაყვანად საგანგებოდ ვერტმფრენი ააფრინეს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კალაძეს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იმ ვიდეო-კამერების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს, სადაც მისი ესკორტის გავლის კადრებია აღბეჭდილი:


"მე ადამიანურად შემიძლია გავუგო კახი კალაძეს. ჩვენ ყველა მამები ვართ და საკუთარი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ისიც ცხადია, რომ ამ ტიპის დამთხვევები ხდება და მეც ძალიან მიხარია, რომ მისი შვილები გადაურჩნენ ამ უბედურებას.


ამასთანავე, მას უნდა ესმოდეს, რომ ამ აფექტურ ვითარებაში შესაძლოა ვიღაცას გაუჩნდეს კითხვები. შესაძლოა ძალიან უსამართლო, მაგრამ ის, როგორც საჯარო პირი, არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით და მიუხედავად ყველაფრისა, ვალდებულია დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

როგორ შეიძლება ეს გააკეთოს?


იმ გზაზე არის ვიდეო-კამერებით აღჭურვილი უამრავი ობიექტი, გასამართი სადგურები. ამოაღებინოს მისი ესკორტის გავლის კადრები და ყველა კითხვა მოიხსნება. მერე შეუძლია როგორც უნდა ისე ლანძღოს ოპონენტები, როგორც მამამ და როგორც მოქალაქემ…."- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "პროგრესი და თავისუფლებას" ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა რომ დედაქალაქის მერმა სტიქიის ზონიდან მხოლოდ საკუთარი წევრების გამოყვანაზე იზრუნა. ამასთან, ოქრიაშვილის თქმით, თუ დამტკიცდა, რომ კალაძემ ოჯახის წევრები შოვიდან ნამდვილად სტიქიამდე ცოტა ხნით ადრე, სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით გამოიყვანა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს.


"კახა კალაძემ სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან.


არ მინდა შევეხო საკითხის მორალურ მხარეს - აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია. კალაძის „გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!


პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!


ისევ გახსენებთ კლასიკურ ჭეშმარიტებას - ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში!, - განაცხადა ოქრიაშვილმა.


მალევე თბილისის მერი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურა და კახა ოქრიაშვილს "ნაძირალა ადამიანი" უწოდა:


"ეს გახლავთ ნაძირალა ადამიანი, რომელსაც შეუძლია იკადროს და გააკეთოს ყველაფერი. მე თავს შევიკავებ ოქრიაშვილზე საუბრისგან. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ არის, რას წარმოადგენს და როგორი ნაძირალაა. ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ეს მართლაც ასე იყო და ყოველ ზაფხულს ჩვენ ვსტუმრობდით რაჭას. ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. გუშინ არდადეგები დამთავრდა. ვიდრე სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული ტერიტორია, სასტუმრო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ გადამირჩინა შვილები.


ვთქვათ, იქ რომ ყოფილიყვნენ ჩემი შვილები, უნდა დაეტოვებინათ სამაშველო ღონისძიების დროს და არ უნდა ჩაესვათ ვერტმფრენში, არ უნდა გადმოეყვანათ? საერთოდ არ მესმის, რაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამარცხვინოები ხართ, როდესაც ასეთ მიზანმიმართულ სიბინძურეს ავრცელებთ", - განაცხადა კალაძემ.


ცნობისთვის, კახა ოქრიაშვილი ერთადერთი ადამიანი არ არის ვინც კალაძის მიერ სახელმწიფო ვერტმფრენის პირადი მიზნებისთვის გამოყენებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, მარიტა ბუტაშვილმა, რომლის ოჯახის 9 წევრს დღემდე ეძებენ სტიქიის ღამეს სხვადასხვა მედიასთან აღნიშნა, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია კალაძის შვილების ვერტმფრენით ევაკუაციასთან დაკავშირებით.







0
815
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
815