x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135696
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
როგორ უწინასწარმეტყველა ზედმიწევნით ვახტანგ კიკაბიძეს სოხუმელმა მკითხავმა
image

დღეს, 19 ივლისს ლეგენდარულ ქართველ მომღერალს და მსახიობს, ვახტანგ კიკაბიძეს 85 წელი შეაუსრულედებოდა, ამ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ ერთ უცნობ ისტორიას, რომელიც ბუბა კიკაბიძეს შეემთხვა:


"როცა სოხუმში თავისუფლად ჩავდიოდით, ნანი ბრეგვაძემ მითხრა, ერთი მკითხავი ქალია სოხუმში, ლილი ჰქვია, არავის იღებს და იქნებ დამეხმაროო. ნანის პრობლემები ჰქონდა და უნდოდა მასთან მისვლა. ეს ქალი მკითხაობდა ფრჩხილზე. ასეთი რამ არ გამიგია. მერე მეც დამიძახა. ამდენი ცქერისგან თვალის სინათლე დაკარგა და ამიტომ აღარ იღებდა არავის. ალბათ, ფრჩხილზე რაღაც ნახაზებია. უცნაური ქალი იყო, შაოსანი, რომ მელაპარაკებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. ძალიან გაუხარდა, ჩვენ რომ მივედით. მეორე სართულზე ავიდნენ და ნანი რომ გამოვიდა, ფერი არ ედო სახეზე, ისეთი რაღაცეები მითხრა, წარმოუდგენელია, სცოდნოდაო. ეს იყო 1979 წლის დასაწყისი. მითხრა, არ გინდა შემოხვიდეო? ვიუარე, მაგრამ მითხრა, ნუ გეშინია, ამოდიო. ყველაფერი გითხრაო? კი-მეთქი და დაიწყო: ძალიან ავად გახდები, თბილისში ხელს ჩაიქნევენ, ისე იქნება შენი მდგომარეობა, შემდეგ საქართველოდან წაგიყვანენ და გადარჩები, ძალიან სერიოზული ავადმყოფობა გექნება თავთან დაკავშირებითო. მერე იმ სახლში, სადაც შენ იქნები, რაღაცას დაწერ, შენს სამსახურში ამ დაწერილთან დაკავშირებით უსიამოვნებები გექნება, მერე ვინც ყველაზე უფროსი იქნება შენს სამსახურში, ბოდიშს მოგიხდის და გეტყვის, ეს რა კარგი რამე გაგიკეთებიაო. ვერაფერი გავიგე. რომ გამოვდიოდი, მითხრა, რამე ხომ არ გაქვს ჯიბეში, მომეცი, სამ ნიშანს დაგიწერ, სულ გედოს ჯიბეშიო. მქონდა ფილარმონიის წიგნაკი, მივეცი და რაღაც ნიშნები გააკეთა. წამოვედით თბილისში და დამავიწყდა ეს ამბავი.



დედაჩემის ძმა, უფროსი ჯანო ბაგრატიონი, საავადმყოფოში იწვა. სანახავად მივედი და ვუთხარი, ძია ჯანო, სახალხო არტისტობას მაძლევენ-მეთქი. ამ ამბავში თვითონ ცოტა დაჩაგრული იყო, როგორც ბაგრატიონი. 1937 წელს არ გაუშვეს საზღვარგარეთ, თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, როცა ანსამბლი მიდიოდა და იმის მერე საზღვარგარეთ საერთოდ არ გასულა. ჩვენ ბაგრატიონების მხრიდან ბევრი გვყავდა დახვრეტილი, გადასახლებული. მისი უფროსი და 7 წელიწადი ციმბირში იყო გადასახლებული. სანამ ქაღალდს არ მაჩვენებ, ვერ დავიჯერებო, მითხრა. სახლში მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ დამირეკა მისმა მეუღლემ და მითხრა, სასწრაფოდ ბუბა მოვიდეს, ჯანო ძალიან ცუდად არის და კითხულობსო. რომ მივედი, ვეღარ მივუსწარი, უკვე გარდაცვლილი იყო. რომ დავხედე მიცვალებულს, ეტყობა, რაღაც მჭირდა, მაგრამ დახურული იყო და გაიხსნა სტრესისგან. დიდი ჩაქუჩი რომ ამოგარტყან თავში შიგნიდან, ისე ჩამარტყა რაღაცამ, გული წამივიდა, დავეცი და თავის ტკივილები დამეწყო. დამეკარგა ორიენტაცია, ხელების კანკალი მქონდა, კოვზს ხელში ვერ ვიჭერდი. ამ დროს მეტეხზე კონცერტები გვქონდა და ხელით გავყავდი სცენაზე, 25 კონცერტი ვიმუშავე, მაგრამ ჩემით ნაბიჯს ვერ ვდგამდი. რომ დავამთავრეთ კონცერტები, დავვარდი, დამაწვინეს საავადმყოფოში და ერთ-ერთ პროფესორს უთქვამს, მაგიდაზე რომ მომიკვდეს ბუბა, საქართველოში არ გამაჩერებენ და მოსკოვში წაიყვანეთო.



წამიყვანეს მოსკოვში. იქ თქვეს, თავი სასწრაფოდ გასახსნელიაო. კისტა, ჩირქოვანი პარკი მქონია. ერთი პროცენტი მისცეს ჩემს ცოლს შანსი, მაგრამ იმან უთხრა, ბუბამ თქვა, ოპერაცია გამიკეთონო. როცა ეს ჩირქოვანი პარკი ამოუღიათ, გამოჩნდა, რომ მის უკან სიმსივნე იყო. ხუთ საათზე მეტხანს ვიწექი მაგიდაზე. ისიც ამოიღეს. მოვიდა პასუხი, რომ სიმსივნე ავთვისებიანი არ იყო. 6 დღე რომ ვიწექი რეანიმაციაში, მერე გამახსენდა ის ლილი. ეს ამბავი იმავე წელს დამემართა. თვეც მითხრა, ივლისიდან დაგეწყებაო. გამახსენდა ლილი და შემეშინდა, ალბათ, დაემთხვა-მეთქი. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მინდოდა, მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვეღარ მივაკვლიე. მერე ომი დაიწყო. მჯერა, რომ მათ რაღაცის ნიჭი აქვთ, მაგრამ აფერისტიც ბევრია."

0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0