სხვა მთა, რომელმაც 500–მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ისევ მსხვერპლის მოლოდინშია... 2023, 14 ივლისი, 9:11 მატერჰორნი – ალპების მთათა სისტემის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაპყრობი მწვერვალია და მას ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს. ყოველწლიურად, 3 000-მდე ალპინისტი ცდილობს მის მწვერვალზე ასვლას. ხოლო, უმრავლესობა მიზანს ვერ აღწევს და უკან ბრუნდება, მომავალში, ხელმეორედ ცდის იმედით. მაგრამ, წელი არ გადის, რომ მთის ფერდობებზე ვინმე არ დაიღუპოს. მაგ., 1981-დან – 2011 წლამდე პერიოდში, მატერჰორნი მსხვერპლი 223 ადამიანი გახდა. ანუ წელიწადში მასზე, საშუალოდ, 7-8 ადამიანია დაღუპული. საერთოდ კი, მწვერვალის დაპყრობის მცდელობისას, 500-მდე ალპინისტი გარდაიცვალა. მიუწვდომელი მწვერვალი მატერჰორნის მწვერვალი შვეიცარია–იტალიის საზღვარზე მდებარეობს. მისი სიმაღლე, ზღვის დონიდან – 4478 მ-ია. მთას არასწორი პირამიდის ფორმა და ძალიან ციცაბო ფერდობები აქვს. ხოლო მწვერვალთან სიახლოვეს, კლდე, პრაქტიკულად, ვერტიკალურია. ჯერ კიდევ XVIII საუკუნის ბოლოს, შვეიცარიელი გეოლოგი ოპას ბენედიქტ დე სოსიური, მატერჰორნის შესწავლის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მთის მწვერვალზე ასვლა შეუძლებელი იყო. მას შემდეგ, ათწლეულების მანძილზე, მწვერვალი მიუწვდომლად ითვლებოდა და მთა ალპინისტების ყურადღების მიღმა რჩებოდა. არავის უნდოდა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, იმის დამტკიცება, რომ მეცნიერი ცდებოდა. მატჩი ინგლისი – იტალია ინგლისელი ალპინისტი ედუარდ უიმპერი თანამემამულეებს გულზე დიდად არ ეხატებოდათ. ამ ახალგაზრდა კაცს ყველა თავხედად მიიჩნევდა, რადგან ის არასდროს იცავდა ბრიტანული ალპინიზმის წესებს. მაგ., ბრიტანეთში აღიარებული მთათა მპყრობელი პროფ. ჯონ ტინდალი და მისი მომხრეები თვლიდნენ, რომ მწვერვალზე ასვლამდე, მთის შესწავლა, მისი ბუნების გაცნობა და მათი სილამაზით ტკბობა იყო საჭიროა... და ამავდროულად, არ შეიძლებოდა მისი შეჯიბრის და ნაძლევის ობიექტად, – არენად ქცევა. უიმპერი კი სულ სხვა ტიპის ადამიანი იყო. ის განსხვავებულად აზროვნებდა და მისთვის მთავარი, მთის შესწავლა კი არა, დაპყრობა იყო... თან ნებისმიერ ფასად. მან 8-ჯერ სცადა მატერჰორნის მწვერვალზე ასვლა – უნდოდა, რომ პირველი ყოფილიყო, ამ მწვერვალის დამპყრობთ სიაში. მაგრამ მთა, თითქოს, მას არ იღებდა. უიმპერი კი, არ ეშვებოდა და მიზნისკენ მანიაკალური ფანატიზმით მიიწევდა. 1865 წლის 13 ივლისს, დილის 5:30 საათზე ალპინისტების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში ედუარდ უიმპერი, ლორდი ფრენსის დუგლასი, რობერტ ჰედოუ, ჩარლზ ჰადსონი, გამცილებელი მიშელ კრო და მამა-შვილი, ასევე გამცილებლები, პიტერი და პიტ ტაუგვალდერები იყვნენ, მატერჰორნის მწვერვალზე ასასვლელად, შვეიცარიის სამთო კურორტ – ცერმატიდან გავიდნენ. ისინი ძალიან ჩქარობდნენ, რადგან, ინფორმაცია ჰქონდათ, რომ პრაქტიკულად, მათთან ერთად, მთის მეორე მხარეს, იტალიელი ალპინისტების ჯგუფი აპირებდა სტარტის აღებას. ვინ გაიმარჯვებდა ინგლისი-იტალიის უჩვეულო მატჩში? ვის დანებდება მატერჰორნი?.. და ალპინისტებისთვის ისედაც მთის ურთულეს რელიეფს, ამ კითხვებით მიღებული სტრესიც ემატებოდა. მატჩის შედეგი 1:0 იყო, ინგლისის სასარგებლოდ! პირველი მსხვერპლი უიმპერის ჯგუფმა მწვერვალზე 1 საათი გაატარა და ქვებისგან პატარა პირამიდის აშენების შემდეგ, ალპინისტებმა ნელ-ნელა დაშვება დაიწყეს. პირველი მიშელ კრო მიდიოდა, მას თოკზე ჩაბმული, ჰედოუ, ჰადსონი, დუგლასი, ტაუგვალდერ-უფროსი, უიმპერი და უმცროსი ტაუგვალდერი მიჰყვებოდა. მაგრამ, მატერჰორნი დანებებას არ აპირებდა. მას არ უნდოდა გაეშვა ის, ვინც მისი მრავალსაუკუნოვანი სიმშვიდე დაარღვია. დაშვებიდან რამდენიმე წუთში, ჰედოუმ ფეხი რაღაცას წამოკრა და დაეცა, თავი ვერც კრომ შეიკავა და ისიც დავარდა. ორივენი ძირს დაცურდნენ და უფსკრულისკენ ჰადსონი და დუგლასი გაიყოლეს. უიმპერმა და მამა-შვილმა ტაუგვალდერებმა კლდეზე ჩაჭიდება შეძლეს. როგორც თავად თქვეს, მეგობრების გადასარჩენად, ძალ-ღონე არ დაიშურეს... მაგრამ, უეცრად, ტაუგვალდერ-უფროსსა და მის წინ მიმავალ დუგლასს შორის, თოკი გაწყდა და 4 ალპინისტი უფსკრულში გადაიჩეხა. ხოლო, ცოცხლად დარჩენილებმა, მას შემდეგ, რაც მათ თვალწინ გათამაშებული ტრაგედიით მიღებული შოკიდან გამოვიდნენ, დაშვება გააგრძელეს. ისინი დაღამებამდე ვერ ჩამოვიდნენ და ღამე ფერდობზე გაატარეს. მეორე დღეს, ბევრი ეძებეს, მაგრამ ალპინისტების ჩამოვარდნის ადგილს ვერ მიაგნეს. ვინ არის დამნაშავე? ალპებში დატრიალებული ტრაგედია, უკვე საუკუნე ნახევარია, მოსვენებას არ აძლევს მკვლევარებს. რატომ გაწყდა თოკი? რა იყო: უბედური შემთხვევა, გულგრილობა, თუ განზრახ მკვლელობა? მემუარებში, – «ალპებზე ასვლა – 1860-69 წწ.», ედუარდ უიმპერი მომხდარში ტაუგვალდერებს ადანაშაულებს. ის ამტკიცებს, რომ გამცილებლებმა უხარისხო თოკები შეარჩიეს. თოკი, რომელზეც პირველი 4 ალპინისტი იყო ჩაბმული, ძალიან მოკლე აღმოჩნდა და მოკლე ინტერვალის გამო, ალპინისტებმა თავის შეკავება ვეღარ შეძლეს და ერთმანეთი უფსკრულში ჩაითრიეს. ეს მართლაც ასე იყო, თუ არა, ძნელი სათქმელია, რადგან თოკი, ისევე როგორც დუგლასის ცხედარი, ვერ იპოვეს. არხის სხვა სიახლეები:* 35 000 წლის ოქროს წიგნები – აკრძალული არქეოლოგიის არტეფაქტები* მიწისქვეშა გვირაბები, რომლებიც ერთმანეთთან კონტინენტებს აკავშირებს (ერთი აქვეა, კავკასიაშიც არის)* უარს ნუ იტყვით ტკბილეულზე, ის ტვინისთვის აუცილებელია – 5 მითი ჯანსაღი კვების შესახებ370 2-ს მოსწონს
|