x
image
intermedia.ge
Mediator image
ჯანმრთელობაზე ზრუნვა - გეგმა, რომელიც ყოველთვის უკანა რიგებში ხვდება - თოდუას კლინიკის კამპანია
image

ჩვენი ცხოვრება გეგმებისგან შედგება. ამაში ყოველდღიური ან ახლო მომავალში დაგეგმილი საქმეები შედის: სამსახურში წასვლა, შვილების სკოლაში ტარება, მეგობრების მონახულება, საყვარელი სერიალების ყურება, საოჯახო საქმეები, გაფუჭებული ტექნიკის გამოცვლა და სხვა…ზრდასრული ადამიანის უმრავლესობის რუტინას თუ ერთმანეთს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ძირითადი საქმეები ყველას ემთხვევა. მაგრამ, ალბათ, იშვიათი გამონაკლისის გარდა და ისიც კონკრეტული ჩივილების არსებობისას შეიძლება რომ მთელ ამ ყოველდღიურობაში ექიმთან ვიზიტიც ეწეროს, ძირითადად კი ეს საქმე თითქმის არასოდეს არის მონიშნული.


ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა იციან ამ მდგომარეობის შესახებ და პერიოდულად იმის შეხსენებას ცდილობენ ჩვენთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გეგმური ვიზიტი ექიმთან და ანალიზების ჩაბარება თუ სხვადასხვა კვლევის ჩატარება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა მხოლოდ მაშინ აკითხავს ექიმს, როცა ესა თუ ის დაავადება უკვე გამწვავებულია და სიმპტომები შემაწუხებელი ხდება. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი ამ თემაზე ცნობიერების დაბალი მაჩვენებელია.


თოდუას კლინიკამ, რომელიც ყოველდღე ასობით პაციენტს იღებს და მათი ჩივილები ზედმიწევნით აქვს შესწავლილი, ახალი კამპანია ჩაუშვა, რომლის მთავარი სათქმელიც არის – „ზედმეტი დრამის ნაცვლად, მიხედე ჯანმრთელობას“. კამპანიის ფარგლებში კლინიკამ რამდენიმე ვიდეორგოლიც მოამზადა, სადაც იმ დრამატულ, ცოტა კომიკურ სიტუაციებს გვიჩვენებს, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ვაქცევთ ადამიანები ყურადღებას სხვა პრობლემებს მაშინ, როცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვერდზე გვაქვს ხოლმე გადადებული.



კამპანიის რაობაზე უფრო ვრცლად ნატალია დარჩიაშვილი, კლინიკის მარკეტინგის ხელმძღვანელი გვესაუბრება.


ნატალია, კამპანიის იდეა გასაგებია, თუმცა ჩავშალოთ, კონკრეტულად ახლა, ამ ეტაპზე რატომ გადაწყვიტა თოდუას კლინიკამ წინ წამოსწიოს გეგმური კონსულტაციების თემა?


ზოგადად, თოდუას კლინიკა ყოველთვის გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კამპანიებით. ჩვენ ვფიქრობთ, როგორც სამედიცინო სფეროს წამყვან კლინიკას, ვალდებულება გვაქვს, ადამიანებს ის აუცილებელი საკითხები გავაცნოთ, როგორებიცაა: ექიმთან დროული მიმართვა, სხვადასხვა კვლევებზე ცნობადობის ამაღლება, მითების უგულებელყოფა და შესაბამისად, სწორი კონსულტაციის მიღება ჯანმრთელობაზე… საზოგადოებაში გავრცელებულ აზრებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ არსებობს სხვადასხვა ცრურწმენა დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. წინა კამპანია სწორედ ამ თემას მივუძღვენით, რომლის მთავარი გამოძახილიც იყო „ყველა მრჩეველი ექიმი არ არის, ენდე მხოლოდ პროფესიონალებს“.


შეიძლება ითქვას, რომ ამ კამპანიით მოვედით დღევანდელ სათქმელამდე. საზოგადოებას ჯერ ვუთხარით, რომ მხოლოდ პროფესიონალებს ანუ ექიმებს ენდონ დიაგნოზისა თუ მკურნალობის პროცესში და არა მეზობლებს, ნაცნობებს და სხვა არაკომპეტენტურ პირებს მედიცინაში. ახლა კი იმ თემას ვწევთ წინ, რომ აღნიშნულ პროფესიონალებთან გეგმური კონსულტაციები მნიშვნელოვანია. ამ კამპანიის მიზანიც ესაა – გავზარდოთ ცნობიერება ექიმთან დროული ვიზიტის შესახებ და საზოგადოების ქცევა შევცვალოთ, რათა ადამიანები მიხვდნენ, რომ წელიწადში ორჯერ, მინიმუმ ერთხელ მაინც, ექიმთან მისვლა და ჯანმრთელობის გადამოწმება მნიშვნელოვანია.


თქვენი დაკვირვებით, რა არის ის მიზეზები, რატომაც ადამიანები არ აქცევენ ყურადღებას ექიმთან დროულ ვიზიტებს?


უმეტესად მიზეზები მეორდება. ხშირად გაიგონებთ: „დრო არ მაქვს”, „შეხვედრები მაქვს”, ზოგჯერ შიშის ფაქტორს ასახელებენ სამედიცინო პერსონალის ან მოსალოდნელი დიაგნოზის მიმართ, თუმცა ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ გამოსავალი არცერთი მიზეზი არაა, რომ რაც უფრო გადავდებთ ვიზიტს, უარესი შედეგი შეიძლება დაგვიდგეს. დრო ყოველთვის მოიძებნება თუ მძიმე დიაგნოზი დაისვა და ექიმთან ურთიერთობაც აუცილებლად მოგვიწევს, თანაც უფრო ხანგრძლივად, როცა სიმპტომები უკვე ძალიან აშკარაა.


ამიტომ, რადგან ეს მიზეზები ძალიან ცალსახაა, ჩვენ, როგორც სოციალურად პასუხისმგებელმა კლინიკამ, უნდა ვიზრუნოთ მოსახლეობის ქცევის შეცვლაზე. საწყის ეტაპზე „მოუცლელობის“ ფაქტორზე გავამახვილეთ ყურადღება.


რამდენ ხანს გაგრძელდება კამპანია, რომელ არხებში განთავსდება და ვინ იმუშავა მასზე?


კამპანიის იდეა გაჩნდა თოდუას კლინიკის მარკეტინგის განყოფილებაში, მის გასაშლელად კი მივმართეთ ნათია გოგიას, რომელიც არის დამოუკიდებელი ბრენდ კონსულტანტი. უშუალოდ კამპანიის სტრატეგიაზე იმუშავა სანდრო ჯავახიშვილმა, ხოლო ვიდეორგოლების რეჟისორი დავით ბორჩხაძეა.


კამპანია აქტიური იქნება ივლისის ბოლომდე და მოვიცავთ სოციალურ ქსელებს, სადაც მივწვდებით შესაბამის აუდიტორიას. თუმცა ამას გარდა, მხარდამჭერი ვიზუალების გაშვებას ვფიქრობთ აუთდორშიც, სხვადასხვა მედიაში. კამპანიას მხოლოდ ერთჯერადი სახე არ ექნება, რადგან თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მომხმარებლის ქცევის შეცვლა რთულია, ამიტომ სამომავლოდაც ვიმუშავებთ მის გაშლაზე.


რა მოლოდინი გაქვთ კამპანიისგან? როგორია მოსალოდნელი შედეგი?


ჩვენი კამპანიის მოწოდება ისაა, რომ ყოველდღიურ რუტინაში, ყოველთვის გამოჩნდება ისეთი „დრამები“, რომლებსაც ჩვენი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს: იქნება ეს ნერვიულობა საყვარელი სერიალის პერსონაჟზე, შესაკეთებელი ტექნიკა თუ ფეხბურთი. ჩვენი კამპანიის მესიჯი ამ მცირე „დრამებს“ ეხმიანება და სურს შეახსენოს მოსახლეობას, რომ „ზედმეტი დრამის ნაცვლად, მიხედოთ ჯანმრთელობას“, რადგან ყველა საქმე მოიცდის, ყველა შფოთვა გადაივლის, ჯანმრთელობაზე უპირატესი კი არაფერია. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მსგავსი კამპანიები აუცილებლად გამოიღებს შედეგს და დააფიქრებს ადამიანებს იმაზე, რომ თითოეული დღე მნიშვნელოვანია. ეს ჩვენი მესიჯები სადაც შეხვდება ადამიანს, შეახსენებს, რომ იმაზე უფრო დიდი საზრუნავიც არსებობს, ვიდრე გაფუჭებული ტელეფონი ან სერიალის გმირზე ნერვიულობაა. თუ ამ კამპანიის მერე ადამიანთა ნაწილი მაინც მიხვდება, რა უნდა დააპრიორიტეტოს ცხოვრებაში, მაშინ ვიტყვით, რომ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.



წყარო: marketer.ge

R

0
29
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0