x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139049
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512602
ეკონომიკური კატასტროფის დასაწყისი: რამდენი უჯდება რუსეთს უკრაინის ომი?
მაშინ, როცა ბოლო ერთ წელიწადში 2, 8 მილიონით გაიზარდა სიღატაკეში მცხოვრებ რუს ბავშვთა რიცხვი, მაშინ, როცა რუსული ქალაქები გაპარტახებულია, ხოლო სიღარიბე, უმუშევრობა, ალკოჰოლიზმი და წამალდამოკიდებულება რუსეთის ყოველდღიური რუტინაა, პუტინს მის მიერვე წამოწყებული ომის თითოეული დღე უკრაინაში 228, 7 მილიონი დოლარი უჯდება, რაც წლიურად 83, 5 მილიარდ დოლარს ნიშნავს.


გერმანიის საგარეო პოლიტიკის კვლევის საზოგადოების მონაცემებზე დაყრდნობით სწორედ მსგავს კოლოსალურ თანხას ასახელებს პროფესორი კრისტოფ ბლუთი, რომელიც ბრედფორდის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს.


83, 5 მილიარდი დოლარი რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-ზე მეტია, რაც ძალიან დიდ რიცხვს წარმოადგენს.


მოდელირება რომ მოვახდინოთ, ჩვენს რეალობაში ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, ბოლო ერთი წლის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს 4 მილიარდი ლარი რომ წყალში გადაეყარა. არადა, 4 მილიარდი ლარით სრულიად თავისუფლად შევძლებდით მინიმალური პენსიის მკვეთრად გაზრდას. ამ თანხით ქართველი პენსიონერები 295 ლარის მაგივრად თვეში 745 ლარს აიღებდნენ.



მაგრამ მთლიანი შიდა პროდუქტის 5 %-იანი დანახარჯი სრულად ის ფული არ არის, რაც რუსეთის ეკონომიკამ გასულს წელს, უკრაინის ომის შედეგად დაკარგა. რუსეთის ეკონომიკა შარშან 2, 1 %-ით შემცირდა, და ეს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ომის დასაწყისამდე 2 %-იანი ზრდის პროგნოზს გამოთქვამდნენ.


აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყირიმის ოკუპაციამდე, სანამ პირველი საერთაშორისო სანქციები ამოქმედდებოდა, რუსეთის ეკონომიკას, 2009 წელს თუ არ ჩავთვლით, ზრდის ძალიან მაღალი ტემპები აღენიშნებოდა. 2008 წელს, პირველ სანქციებამდე, რუსეთის ეკონომიკური ზრდა 8, 5 %-იც კი იყო, ხოლო პირველი სანქციების ამოქმედების შემდეგ “რეკორდსმენი” წელი 2018 წელი გახლდათ, როცა ეკონომიკა სულ რაღაც 2, 8 %-ით გაიზარდა.


უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სანქციები გაცილებით უფრო ყოვლისმომცველი და მკაცრი გახდა, ვიდრე ყირიმის ოკუპაციის შემდგომ დაწესებული სანქციები გახლდათ. ამიტომ ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტი (მაგ. OECD), წელს რუსეთის ეკონომიკის 2, 5 %-იან შემცირებასაც კი პროგნოზირებს.


რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ დრამატულ ცვლილებებს ასე მტკივნეულად ჯერჯერობით ვერ აღიქვამენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ რუსეთის აგრესიული ოპერაციების გარეშე მათი ცხოვრების დონე გაცილებით უფრო მაღალი იქნებოდა. რუსეთი, დასავლური სახელმწიფოების ფატალური შეცდომების წყალობით, ათწლეულების მანძილზე ყიდდა გაზს, ნავთობს, ხე-ტყეს, ალმასებს, ოქროს, ნიკელს თუ სხვა სასარგებლო წიაღისეულს ამერიკასა და ევროპაში და იღებდა ტრილიონობით დოლარის შემოსავალს. ასეთი ქვეყნის 2-3 თვეში სანქციების მეშვეობით წელში გადატეხა არარეალური პერსპექტივაა. თუმცა სანქციები უკვე მუშაობს და მათი წყალობით რუსეთს შემოსავლები სულ უფრო უმცირდება, ხოლო საბიუჯეტო დეფიციტი ეზრდება. ამიტომ არც ისე შორს აღარ არის ის დრო, როცა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ეკონომიკა საბოლოოდ შევა ჩიხსა და ქრონიკული დეპრესიის ფაზაში.


ომი

1
358
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
358
  
2023, 17 ივნისი, 14:42
"რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეები ამ დრამატულ ცვლილებებს ასე მტკივნეულად ჯერჯერობით ვერ აღიქვამენ. ისინი ვერ ხვდებიან," და შენ მიხვდი ჩუთლაშვილი? ჩუთლაშვილი არის ასეთი გამოთქმა მელას რაც ესიზმრებოდაო ის ელანდებოდაო, ასეა შენი საქმე. ეს ამერიკელი დაზვერვის ოფიცერია რომელიც ახლახან დაბრუნდა რუსეთიდან, უსმინე რას ყვება.
https://www.youtube.com/watch?v=zI78ZLdw_K8
0 1 1