საქართველო 17 მოკლული ერთ სახლში: ელაშვილების ოჯახის ენითაუწერელი ტრაგედია 2023, 5 ივნისი, 23:47 ხოცვა-ჟლეტას, რომელიც სოფელ ჯუგაანში საოკუპაციო მე-11 არმიის რუსმა ჯარისკაცებმა 1921 წლის დეკემბრის ერთ ცივ და ქარიან ღამეს მოაწყეს, თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის ტრაგედია. ამ ტრაგედიას საბჭოთა ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ჩქმალავდა და ასაიდუმლოებდა, რათა არ გამჟღავნებულიყო იმ რეჟიმის ენითაუწერელი სისასტიკე და ულმობლობა, რომელიც მცირეხნიანი დამოუკიდებლობის შემდგომ რუსებმა ხელმეორედ დაამყარეს ჩვენს ქვეყანაში.
ელაშვილების ის სახლი, სადაც 102 წლის წინ ეს უსაზარლესი ხოცვა-ჟლეტა მოხდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში კვლავაც დგას, თუმცა აქაურები მას დღემდე შიშით და კრძალვით უვლიან გვერდს. აქ ოჯახის 28 წევრიდან 17 გამხეცებულმა რუსმა ჯარისკაცებმა გამოასალმეს წუთისოფელს. რეპრესიების მსხვერპლი გახდა ასევე ის გამომძიებელი, ვინც ოჯახის ამოწყვეტით დაინტერესდა. საბოლოოდ კი ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე ზოგიერთმა პირმა სასჯელისთვის თავის არიდება მოახერხა. ოკუპანტებმა არ დაინდეს არც ოჯახის მცირეწლოვანი წევრები. გაჟლიტეს ყველა, ვინც იპოვეს. ამ სასაკლაოს სახლში მყოფ ოჯახის წევრთაგან ცოცხალი გადაურჩა მხოლოდ გოგია ელაშვილი, რომელიც 10 წლის გახლდათ და რომელმაც მოახერხა, ბუხარში დამალულიყო და ექვსი თვის თამარი, რომელიც აკვანში იწვა. აკვანი გადაბრუნდა და გამხეცებულმა ჯარისკაცებმა ვერ მოახერხეს ბავშვის პოვნა. თითქოს გადარჩნენ ანდრიას გოგონა, ელო და ასევე ობოლი ელენე, რომელიც ელოშვილებს ნაშვილები ჰყავდათ და რომელიც ანდრიას მეუღლემ კაბის ქვეშ დამალა, თუმცა ორივე ბავშვმა იმხელა სტრესი მიიღო, რომ რამდენიმე დღეში ისინი საშინელი ტანჯვით დაიღუპნენ. გადარჩა ასევე ოჯახის უფროსი, ტიტა პაპა, რომელიც უსინათლო იყო და ქვედა სართულზე ცხოვრობდა. მას არ გაუგია, თუ რა უბედურება დაატყდა მის ოჯახს თავს. რა გახდა ამ არაადამიანური დანაშაულის ჩადენის მოტივი, დაუდგენელია. საუბრობენ, რომ ფული, რომელიც ელაშვილებმა 300 სული ღორის გაყიდვის შედეგად აიღეს. მაგრამ უცნაურია, რომ ეს ფული ხელუხლებელი დახვდათ ოჯახის გადარჩენილ წევრებს ბუხრის სიახლოვეს. მისი მონახვა ძალიან იოლი იქნებოდა. ძარცვის მოტივით შესული პირები ადვილად მიაგნებდნენ მას და წაიღებდნენ. ამიტომ საფიქრალია, რომ ყაჩაღობის ვერსია მოგვიანებით საბჭოთა სპეცსამსახურებმა თავად შეთხზეს, რათა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ეჭვი არავის მიეტანა და მოსახლეობაში ანტირუსული განწყობები არ გაზრდილიყო. რუსეთის არმიის შემოსვლის შემდეგ ჩვეულებრივ ამბად იქცა ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება და ყოველდღიური თვითნებობა, რასაც დამპყრობელი ქვეყნის ჯარისკაცები სისტემატურად მიმართავდნენ. მსგავსი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად ოკუპანტი არმიის ოფიცერ ვინმე პეჩინსკისთან ელაშვილებმა დამოყვრება გადაწყვიტეს და ერთ-ერთი ბავშვი მოანათვლინეს. არადა, ოჯახი სწორედ ამ ნათელ-მირონი ოფიცრის ძმამ ამოწყვიტა არყით გადარეულ სხვა რუს სამხედროებთან ერთად. ოჯახი 20 დეკემბრის ღამით ხმლებით აჩეხეს. შემდეგ სულთმობრძავ და უმწეო ბავშვებს და ქალებს, რომლებიც სისხლად იცლებიდნენ, კარაბინებიდან ტყვიებიც დაახალეს. 21 დეკემბრის დილას ელაშვილების სახლში მისულ მეზობლებს საზარელი სურათი დაუდგათ თვალწინ: აჩეხილ-დასახიჩრებული 17 ცხედარი. ირგვლივ ყველგან სისხლის ტბები იდგა და ჰაერი ლითონის სუნით იყო გაჟღენთილი. დახოცილთა შორის იყვნენ: ძმები — სოსია და ნიკო, ბებია მართა, სოსიას მეუღლე ოლღა, ანდრეას მეუღლე ანა, შაქროს მეუღლე მანანა, მიხაკოს მეუღლე ოლღა, მისი ორი ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი, ნიკოს ორი ვაჟიშვილი და ასევე ახალგათხოვილი ქალიშვილი, ძუძუთა ბავშვით. აღნიშნულ უსასტიკეს ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გამოძიება დაიწყო. მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ გამომძიებელი სიკო ზურიაშვილი მე-11 არმიის ჯარისკაცების კვალზე გავიდა, სამართალდამცავი “ჩეკაში” დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ თუ წითელარმიელთა მიმართ “ცილისწამებას და ცრუ ბრალდებებს” თავს არ დაანებებდა, როგორც “ბურჟუაზიულ და “კონტრრევოლუციურ ელემენტს” ტრიბუნალი არ ასცდებოდა. ამის მიუხედავად გამომძიებელმა ნამდვილი გმირობა გამოიჩინა და თვითნებურად დააპატიმრა რუსი ჯარისკაცები. მან მოახერხა და აღიარებითი ჩვენება დააწერინა დაკავებულებს. ის მალევე გაათავისუფლეს თანამდებობიდან ამ თვითნებობის გამო, ხოლო დამნაშავეთა გასამართლება გააჭიანურეს. 7 დამნაშავე წითელარმიელს მხოლოდ დანაშაულის ჩადენიდან ორი წლის შემდეგ მიუსაჯეს დახვრეტა, ისიც მხოლოდ სახალხო მღელვარების დაწყების შიშით. სამმა დამნაშავემ კი სასჯელს გავლენიანი პარტიული ნაცნობების წყალობით თავი მაინც აარიდა. აი ასეთი საზარელია რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი სისხლიანი ფურცელი ჩვენი ისტორიის წიგნში. მისი დავიწყება ჩვენი მომავლის ღალატს ნიშნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არასოდეს ყოფილა ჩვენი მეგობარი და მოკავშირე. ყოველთვის ჩვენი მტერი და ოკუპანტი იყო. წყარო: mshoblebi.ge 2854 3-ს მოსწონს 1-ს არა
|