პრეზიდენტი ხმის მისაცემად მე-19 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
საქართველოს პრეზიდენტი ხმის მისაცემად მე-19 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები მაღალი აქტივობისა და მაღალი დონის სამოქალაქო შეგნების ფონზე წარიმართება. ქვეყნის პირველმა პირმა საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისთვის, არჩევნებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა:
“ვფიქრობ დღევანდელი დღე მართლაც ისტორიულია საქართველოსთვის, რადგან დღეს მთელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება, წყდება ბედი იმისა, რომ საქართველომ იაროს წინ და აღარასდროს დაბრუნდეს წარსულში... რომ მომავალი თაობები გაიზარდონ უკეთეს ქვეყანაში! როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, ჩვენი ხალხის შორსმჭვრეტელობაში, ჩვენი ხალხის გამჭრიახობაში, ჩვენი ხალხის გონიერებასა და გამბედაობაში. ეს სწორედ ის არჩევანია, რომელიც გავლენას მოახდენს მომავალი თაობის ცხოვრებაზე შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს იქნება მაღალი დონის აქტიურობა, მაღალი დონის სამოქალაქო შეგნების გამოხატულება და საქართველო - მე არ ვლაპარაკობ პარტიების გამარჯვებაზე - საქართველო, ქართველი ერი აუცილებლად, ყოველ მიზეზ გარეშე გაიმარჯვებს, როგორც ეს იყო და უნდა იყოს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში’’.