x
სპეციალური ოპერაციების თეორია - ნაწილი I

იმისათვის, რომ რაიმე საკითხზე ვიმსჯელოთ, ან რაიმე მოვლენა გავაანალიზოთ, გვესაჭიროება ამ საკითხის სულ მცირე საფუძვლებისა და პრინციპების ცოდნა. რასაკვირველია ეს ეხება სპეციალურ ოპერაციებსაც. ისევე, როგორც ბრძოლის სხვა ფორმებს, სპეციალურ ოპერაციებსაც აქვს თავისი პრინციპები, შეზღუდვები, წესები და საფუძვლები. მათი ცოდნის გარეშე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რატომ იყო რომელიმე სპეციალური ოპერაცია წარმატებული, ან პირიქით, რატომ განიცადა წარუმატებლობა მეორემ. შესაბამისად, სანამ რომელიმე სპეციალურ ოპერაციას განვიხილავ, უპრიანად მიმაჩნია ჯერ სპეციალური ოპერაციების თეორიას გავეცნოთ.

სპეციალური ოპერაციების თეორიის ავტორი არის სპეციალური ოპერაციების სამყაროში საკმაოდ ცნობილი პიროვნება, აშშ-ს სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაური (2011-2014), ოპერაცია „ნეპტუნის შუბის“ (2011) აღსრულების ორგანიზატორი და ზედამხედველი, ადმირალი (გადამდგარი) უილიამ ჰარი მაკრეივენი. მან თავისი თეორია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოაყალიბა თავის სამაგისტრო ნაშრომში, ხოლო შემდეგში მას უფრო სრული სახე მისცა და ცალკე წიგნადაც გამოსცა. აღნიშნული თეორია მიუხედავად იმისა, რომ არის არადოქტრინული სახელმძღვანელო, გამოიყენება აშშ-სა და ნატოს სპეციალური ოპერაციების დაგეგმვის პროცესებში.

imageimage

ადმირალ მაკრეივენის თეორიაში გამოკვეთილია სამი ასპექტი - სპეციალური ოპერაციების განსაზღვრება, ფარდობითი უპირატესობის კონცეფცია და სპეციალური ოპერაციების ექვსი პრინციპი. სტატიის პირველ ნაწილში შევეხები სპეციალური ოპეარაციების განსაზღვრებასა და ფარდობითი უპირატესობის კონცეფციას. რაც შეეხება სპეციალური ოპერაციების პრინციპებს, მასალის მოცულობიდან გამომდინარე, მასზე ვისაუბრებ ცალკე სტატიაში.

სპეციალური ოპერაცია

ადმირალ მაკრეივენის მიხედვით, სპეციალური ოპერაცია არის შემდეგი: „სპეციალური ოპერაცია ტარდება სპეციალურად მომზადებული, აღჭურვილი და მხარდაჭერილი ძალების მიერ, სპეციალურ მიზანზე, რომლის განადგურება, ლიკვიდაცია ან გადარჩენა (მძევლების შემთხვევაში), არის პოლიტიკური ან სამხედრო მოთხოვნა.“

ეს განსაზღვრება უფრო მეტად შეესაბამება აშშ-სა თუ ნატოს ოფიციალური დოქტრინებით განსაზღვრულ სპეციალური ოპერაციების „პირდაპირი მოქმედების“ (Direct Action) დავალებებს და არა სრულად სპეციალურ ოპერაციებს, რომელიც უფრო ფართო ცნებაა და რომელზეც ცალკე სტატია შეიძლება დაიწეროს. წინამდებარე სტატიაში ტერმინი „სპეციალური ოპერაცია“ ყოველთვის გულისხმობს ადმირალ მაკრეივენის მიერ განსაზღვრულს.

რატომაა სპეციალური ოპერაციები განსაკუთრებული?

ყველა სპეციალური ოპერაცია ტარდება გამაგრებული პოზიციის წინააღმდეგ, იმის მიუხედავად ის იქნება ტორპედოს საწინააღმდეგო ქსელით გარემოცული საბრძოლო ხომალდი (ბრიტანული მინი წყალქვეშა ნავის რეიდი გერმანულ საბრძოლო ხომალდ „ტირპიცზე“), იტალიური დანაყოფებით დაცული სამთო თავშესაფარი (ბენიტო მუსოლინის გამოხსნა ოტო სკორცენის მიერ), ომის ტყვეების ბანაკი (რეინჯერების რეიდი კაბანატუანზე და ა.შ.შ-ს სპეციალური ძალების რეიდი სონ ტაიზე) თუ გატაცებული თვითმფრინავი (გერმანული ანტიტერორისტული დანაყოფის, GSG-9-ის ჩატარებული მძევლების გამოხსნა მოგადიშოში). ასეთი გამაგრებული პოზიციები თავისთავად გულისხმობს მოწინააღმდეგის მხრიდან თავდაცვით ბრძოლას.

კარლ ფონ კლაუზევიცი თავის წიგნში „ომის შესახებ“, აღნიშნავს: „ბრძოლის თავდაცვითი ფორმა თავისი არსით უფრო ძლიერია ვიდრე შეტევითი. [იგი] მოიცავს წინააღმდეგობის ძალას და უნარს დაიცვას და შეინარჩუნოს საკუთარი თავი. შესაბამისად თავდაცვას ზოგადად აქვს ნეგატიური მიზანი, როგორიცაა წინ აღუდგეს მოწინააღმდეგის ნებას ... თუ ჩვენი ნების გასატარებლად შეტევის განხორციელებას ვაპირებთ, უნდა განვავითაროთ საკმარისი ძალა, რათა დავამარცხოთ მოწინააღმდეგის თავდაცვის თანდაყოლილი უპირატესობა.“ კლაუზევიცის ომის თეორია ადგენს, რომ „ბრძოლის შედარებით ძლიერი ფორმის“ დასამარცხებლად არმიის საუკეთესო იარაღი არის აღმატებული რიცხოვნობა. „ამ თვალსაზრისით, რიცხოვნული უპირატესობა ერთხმად აღიარებულია, როგორც გამარჯვებისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამდენადაც მის სიდიდეს შეუძლია დააბალანსოს ყველა სხვა თანამდევი გარემოება. აქედან გამომდინარეობს, რომ ბრძოლაში გადამწყვეტ წერტილზე უნდა შევიყვანოთ რაც შეგვიძლია მეტი დანაყოფი.“

არცერთი სამხედროსთვის არაა საკამათო რიცხობრივი უპირატესობის სარგებლიანობა, მაგრამ თუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორ შეძლო 69 გერმანელმა კომანდოსმა დაემარცხებინა 650 სამხედროსაგან შემდგარი ბელგიური დანაყოფი, რომელებიც დაცულნი იყვნენ იმ დროისათვის ყველაზე უფრო ფართო და დიდი სიმაგრით, იბენ იმეილის ფორტით? როგორ შეუძლია სპეციალური ოპერაციების ძალებს, რომლებსაც აქვთ მცირე რიცხოვნობა და ის არახელსაყრელი გარემოება, რომ უტევენ ბრძოლის შედარებით ძლიერ ფორმას, მოიპოვონ უპირატესობა მოწინააღმდეგეზე? ამ პარადოქსის გაგება იგივეა, რაც სპეციალური ოპერაციების გაგება.

ფარდობითი უპირატესობა

ფარდობითი უპირატესობა (Relative Superiority) არის სპეციალური ოპერაციების თეორიისათვის გადამწყვეტი კონცეფცია. მარტივად, რომ ითქვას, ფარდობითი უპირატესობა არის მდგომარეობა, რომელიც დგება როცა, როგორც წესი მცირე შემტევი ძალა მოიპოვებს გადამწყვეტ უპირატესობას მრავალრიცხოვან ან კარგად დაცულ მოწინააღმდეგეზე. ფარდობით უპირატესობას ახასიათებს სამი ძირითადი ასპექტი, რომლებიც ქვემოთ იქნება განხილული.

ფარდობითი უპირატესობა მიიღწევა შეტაკების გადამწყვეტ მომენტში. მაგალითად, II მსოფლიო ომში, როდესაც გერმანელებმა შეუტიეს ბელგიურ ფორტს იბენ იმეილს, გადამწყვეტ და იმავდროულად ფარდობით უპირატესობას მოწინააღმდეგეზე მიაღწიეს შეტაკების დაწყებიდან ხუთ წუთში. ეს იყო პლანერებისა და კუმულაციური მუხტების დამსახურება, რითაც მიაღწიეს მოულოდნელობასა და სისწრაფეს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელები კიდევ ოცდაოთხი საათი იბრძოდნენ, ბრძოლა გადაწყდა პირველ რამოდენიმე წუთში და შეტაკების შედეგიც პრაქტიკულად გარანტირებული იყო.

ზოგიერთ შემთხვევაში, გადამწყვეტი მომენტი დგება რეალურ ბრძოლამდე. 1943 წელს ბრიტანელებმა გადააკეთეს ძველი საესკადრო ნაღმოსანი, დატვირთეს ოთხ ტონაზე მეტი ფეთქებადი ნივთიერებით, დაფარეს ჯავშნის ფილით, გადაალახინეს ინგლისის არხი (ლა-მანშის სრუტე) და შეაჯახეს გერმანელების ხელში მყოფ მშრალ დოკს სენტ ნაზარში, საფრანგეთი. ამ მოქმედებამ მშრალი დოკი გამოუსადეგარი გახადა მთელი ომის განმავლობაში. იმის მიუხედავად, რომ გერმანელთა თავდაცვა სენტ-ნაზარში იყო უმტკიცესი მთელს ატლანტიკის სანაპიროზე, როგორც კი ნაღმოსანმა შეძლო მიეღწია პორტის გარე მისადგომამდე (მშრალი დოკიდან ორი მილის დაშორებით), გერმანელებს აღარ შეეძლოთ მისი შეჩერება. ბრიტანელების მხრიდან ფარდობითი უპირატესობა მიღწეული იქნა იმ მომენტში, როცა ჯერ კიდევ არ იყო მათი აშკარა და მტრული ჩანაფიქრი გამოხატული. მომენტი, როდესაც მიიღწევა ფარდობითი უპირატესობა, ხშორად ასევე არის უდიდესი რისკის მომენტიც. რამდენადაც უახლოვდება შემტევი ძალა მიზანს, მით მტკიცე ხდება თავდაცვა. თუმცა, როგორც კი გადალახავთ უკანასკნელ წინაღობას, წარმატების შესაძლებლობა მკვეთრად გადააჭარბებს წარუმატებლობის ალბათობას და მიიღწევა ფარდობითი უპირატესობა.

როგორც კი ფარდობითი უპირატესობა მიიღწევა, ის უნდა იქნეს შენარჩუნებული, რათა გამარჯვება იყოს გარანტირებული. იტალიელი დიქტატორის, ბენიტო მუსოლინის გათავისუფლების ოპერაციისას, SS კაპიტანმა ოტო სკორცენიმ განახორციელა პლანერებით შეტევა აპენინების მთებში მდებარე იტალიურ ციხესიმაგრეზე. დაჯდომიდან ოთხ წუთში სკორცენიმ შეძლო შეეტია სასტუმროს თავშესაფრისათვის და დაეხსნა მუსოლინი. ამ მომენტში მან მიაღწია ფარდობით უპირატესობას. თუმცა, იმისათვის, რომ მისია წარმატებული ყოფილიყო, სკორცენის უნდა გამოეყვანა მუსოლინი მთებიდან და უსაფრთხოდ დაებრუნებინა დიქტატორი რომში. დროის ის შუალედი, რაც მოიცავდა მუსოლინის გამოხსნიდან ამოცანის დამთავრებამდე პერიოდს, მოითხოვდა ფარდობითი უპირატესობის შენარჩუნებას. ეს მიღწეული იქნა სკორცენის მხრიდან გამბედაობითა და კომანდოს მცირე ძალების გაძლიერებით კონცენციური დანაყოფების მხრიდან.

ფარდობითი უპირატესობის შენარჩუნება ხშირად მოითხოვს სიმამაცეს, ინტელექტს, გამბედაობას და სიმტკიცეს, ანუ რასაც კლაუზევიცი უწოდებდა მორალურ ფაქტორებს. მაგალითად, II მსოფლიო ომის დროს, იტალიელმა მყვინთავმა, ლეიტენანტმა ლუიჯი დურან დე ლა პენმა, მართვადი ტორპედოს მეშვეობით ფარულად შეაღწია ალექსანდრიის ნავსადგურში. მან და მისმა მეწყვილემ გადალახეს წყალქვეშა ნავ საწინააღმდეგო ბადე, სიღრმითი ნაღმები, საგუშაგო ნავები, ნავმისადგომის დაცვა და ტორპედოების საწინააღმდეგო ბადე, რათა მიეღწიათ ბრიტანულ საბრძოლო ხომალდ ვალიანტამდე. ერთადერთი რაც დარჩათ გასაკეთებელი იყო ის, რომ დაემაგრებინათ ასაფეთქებელი მუხტი ხომალდის კორპუსზე და ამოცანა წარმატებით დამთავრდებოდა. საუბედუროდ, როგორც კი დურან დე ლა პენმა მართვადი ტორპედოთი ჩაყვინთა ვალიანტის ქვეშ, ბალასტის გამო ჩაიძირა შლამში. ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა მისი მეწყვილის გონების დაკარგვამ და ზედაპირზე ამოტივტივებამ. მიუხედავად იმისა, რომ ქანცგაწყვეტილი იყო ხანგრძილივი ყვინთვით და ამავდროულად იყინებოდა ცივი წყლით, რომელიც მყვინთავის გახეულ კოსტიუმში ჟონავდა, დურან დე ლა პენმა შემდეგი ორმოცი წუთი დახარჯა ვალაიანტის ქვეშ ტორპედოს პოზიციაზე მისაყვანად. მხოლოდ მისი უზარმაზარი სიმტკიცისა და სიმამაცის წყალობით (ოთხი მორალური ფაქტორიდან ორი) შესაძლებელი გახდა ფარდობითი უპირატესობის შენარჩუნება და ამოცანის შესრულება.

ფარდობითი უპირატესობის დაკარგვისას, რთულია მისი ხელახლა მოპოვება. სენტ-ნაზარში ბრიტანული საესკადრო ნაღმოსანის მშრალ დოკზე შეჯახების შემდეგ, გეგმის თანახმად ოთხმოცი კომანდოსი უნდა გადასულიყო ნაპირზე და გაენადგურებინა პორტში არსებული სხვადასხვა მიზნები. იმის მიუხედავად, რომ კომანდოსებმა მშრალ დოკზე შეჯახებითა და გერმანელთა გაოცებით აშკარა ტაქტიკურ უპირატესობას მიაღწიეს, გერმანელმა მეზღვაურებმა და ჯარისკაცებმა შეანელეს და აღკვეთეს კომანდოსთა პროგრესი, როდესაც ისინი შეუდგნენ ნაპირზე სამიზნეების განადგურებას. ნაპირზე ყოფნის ოცდაათი წუთის შემდეგ, კომანდოსები დამარცხდნენ გერმანელთა დამხმარე ძალების მიერ და დაკარგეს ფარდობითი უპირატესობა. შეტაკებამ გასტანა კიდევ ორი საათი, მაგრამ ბრიტანელებმა, მათი რიცხობრივი სიმცირის გამო, ვეღარ შეძლეს უპირატესობის მოპოვება. საბოლოო ჯამში კომანდოსები იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. სპეციალური ძალების თანამდევი სისუსტე არის მათი საცეცხლე ძალის სიმცირე დიდ კონვენციურ ძალებთან შედარებით. შესაბამისად, როდესაც ისინი კარგავენ ფარდობით უპირატესობას, ისინი კარგავენ ინიციატივას და როგორც წესი იმარჯვებს ბრძოლის უფრო ძლიერი ფორმა.

სპეციალური ოპერაციების საკვანძო ასპექტია შეტაკების დასაწყისშივე ფარდობითი უპირატესობის მოპოვება. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება შეტაკება, მით უფრო სავარაუდოა, რომ მის შედეგზე გავლენას მოახდენს ომის წინააღმდეგობების ფაქტორები, როგორებიცაა მოწინააღმდეგის ნება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა.

სპეციალური ოპერაციების განხილვისას ფარდობითი უპირატესობის აქ მოყვანილი დიაგრამა გამოყენებული იქნება იმის საჩვენებლად, თუ როგორ და როდის მიაღწია თითოეულმა სპეციალურმა ოპერაციების დანაყოფმა ფარდობით უპირატესობას. ამ სქემაზე კარგად ჩანს, თუ როგორ ახერხებენ სპეციალური ოპერაციების დანაყოფები უახლესი ტექნოლოგიებით, ეროვნული დონის სადაზვერვო მონაცემებზე წვდომით და მაღალი ხარისხის წვრთნებით მინიმუმამდე დაიყვანონ ომის წინააღმდეგობები და მიაღწიონ ფარდობით უპირატესობას.

ეს დიაგრამა არის არა ანალიტიკური, არამედ კონცეპტუალური ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ რატომ იყო წარმატებული გარკვეული ამოცანები. გარდა ამისა, სქემა იძლევა ფარდობითი უპირატესობის სამი თვისების ვიზუალურ დემონსტრირებას: გადამწყვეტი მომენტი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ამოცანის შესრულების ალბათობის მკვეთრი ზრდა; ფარდობითი უპირატესობის შენარჩუნება არის ეტაპობრივი აწევა გადამწყვეტი მომენტიდან ამოცანის დასრულებამდე; და ამოცანის დასრულების ალბათობის გადამწყვეტი ვარდნა გვიჩვენებს შედარებითი უპირატესობის დაკარგვას.

ფარდობითი უპირატესობის დიაგრამაფარდობითი უპირატესობის დიაგრამა

დიაგრამაზე X ღერძი არის დრო, Y ღერძი არის ამოცანის შესრულების ალბათობა. ამ ღერძების ურთიერთგადაკვეთის წერტილი არის მოწყვლადობის წერტილი. ეს წერტილი განიმარტება, როგორც დრო და ადგილი ამოცანაში, როდესაც შემტევი ძალები მიაღწევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველ ხაზს. ამ მომენტიდან ომის წინააღმდეგობები (მოწინააღმდეგის ნება, შემთხვევითობა და გაურკვევლობა) იწყებენ შეტაკების წარმატებაზე ზეგავლენის მოხდენას. მიუხედავად იმისა, რომ ომის წინააღმდეგობებმა შეიძლება ამოცანის წარმატებაზე იმოქმედოს დაგეგმვის თუ მომზადების ფაზებშიც, მოწყვლადობის წერტილი ძირითადად არის შეტაკების ფაზის ასპექტი.

მოწყვლადობის ზონა არის ამოცანის დასრულებამდე არსებული დრო. რაც უფრო მეტი დრო სჭირდება ფარდობითი უპირატესობის მოპოვებას, მით უფრო დიდია მოწყვლადობის ზონა და შესაბამისად, მით უფრო იზრდება ომის წინააღმდეგობების გავლენა.

მას შემდეგ რაც მიიღწევა ფარდობითი უპირატესობა, შემტევი ძალა უკვე აღარ იქნება არახელსაყრელ პოზიციაში, იგულისხმება მისი რიცხოვნობა და შედარებით სუსტი საცეცხლე ძალა, მის ხელში იქნება ინიციატივა და შეეძლება მოწინააღმდეგის სისუსტეების გამოყენება, რითაც უზრუნველყოფს გამარჯვებას. მიუხედავად იმისა, რომ ფარდობითი უპირატესობის მოპოვება არ არის წარმატების გარანტია, იგი აუცილებელია წარმატებისათვის. თუ შევძლებთ ოპერაცის ჩატარებამდე განვსაზღვროთ ფარდობითი უპირატესობის მიღწევის საუკეთესო გზა, შევძლებთ უკეთ ჩავატაროთ ოპერაციის დაგეგმვა და მომზადება, რითაც გავზრდით გამარჯვების შანსს.

1
81
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა ოტიაშვილი
ბექა ოტიაშვილი
81
  
2023, 18 მაისი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1