სხვა "სპორტფესტი" იწყება - წლის ყველაზე მრავალფეროვანი და სახალისო სპორტული ღონისძიება! 2023, 17 მაისი, 14:16 პირველი სპორტული ფესტივალი საქართველოში 2022 წელს დაარსდა. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები. ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია იპოვოს მისთვის საინტერესო სპორტის სახეობა, ადგილზე სცადოს სხვადასხვა სპორტული აქტივობა, შეხვდეს პროფესიონალ სპორტსმენებს. სტუმრები ფესტივალზე წარმოდგენილი სპორტის ყველა სახეობასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, რაც კიდევ უფრო გააღვივებს მათ ინტერესს და დაეხმარება სამომავლოდ არჩევანი მათთვის სასურველ სპორტის სახეობაზე შეაჩერონ. სპორტულ ორგანიზაციებს კი საშუალება ექნებათ დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მიღწევები გააცნონ, დააინტერესონ და მიიზიდონ მოყვარულები. “შარშან ღონისძიება ისეთი კარგი გამოვიდა, რომ წელს გადავწყვიტეთ ორჯერ ჩავატაროთ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. პირველი ღონისძიება 20-21 მაისს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონსა და მის გარე სივრცეში გაიმართება. ფესტივალი არ ეხება მხოლოდ სპორტს, ის ქმნის სასიამოვნო გარემოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ სპორტის მოყვარულებსთვის. ფესტივალი მათ საშუალებას აძლევს შეიკრიბონ და იმხიარულონ. მნიშვნელობა არ აქვს რა ასაკის ხართ ან რა გამოცდილება გაქვთ, ფესტივალზე ყველასთვის მოიძებნება საინტერესო აქტივობა”, - ამბობს "სპორტფესტის" დამფუძნებელი - რეზი პეტრიაშვილი. გაგაცნობთ ფესტივალზე წარმოდგენილ სპორტის სახეობებს: ფეხბურთი, კალათბურთი, გოჯუ რიუ, ჯიუ-ჯიცუ, ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, ფარიკაობა, პადელი, მაგიდის ჩოგბურთი, ავტოსპორტი, ველოსპორტი, სამთო სპორტი და სხვა. ვიზიტორებს შეუძლიათ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მონაწილეობა, ვარჯიში, პანელ დისკუზიაზე დასწრება და ცნობილი სპიკერების მოსმენა, ჯანსაღი საკვების დაგემოვნება. მაღაზიები წარმოადგენენ უახლეს სპორტულ ინვენტარს. სპორტული სულისკვეთება და ჯანსაღი შეჯიბრი, ასევე ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ექსპო ჯორჯიას შიდა და გარე ტერიტორიას გაახალისებს. "სპორტფესტის" დამფუძნებელი - რეზი პეტრიაშვილი: როგორ დაიწყო "სპორტფესტი" და როგორ განვითარდა ის წინა წელთან შედარებით? "სპორტფესტი" პირველად 2022 წელს ჩავატარეთ. ეს იყო პირველი ასეთი მრავალფეროვანი და ჯანსაღი ფესტივალი. დაინტერესება უზარმაზარი იყო და ვიცოდი, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებდა. წელს 2 ღონისძიებაა დაგეგმილი და წინა წელთან შედარებით მასშტაბებიც გაიზარდა. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონსა და მის ეზოში პირველად გაიმართება და აქცენტი ქუჩის სპორტზე გაკეთდება. რამ მოგცათ შთაგონება წამოგეწყოთ ფესტივალი? მე თვითონ სპორტის დიდი ენთუზიასტი ვარ. პროფესიულად არცერთი სპორტით არ ვარ დაკავებული, მაგრამ სხვადასხვა ფორმით სპორტის უამრავ სახეობასთან ბავშვობიდან ვარ დაკავშირებული. სპორტის სიყვარულმა შთამაგონა შემექმნა ისეთი რამ, რის გარშემოც შეიკრიბებოდნენ ჩემნაირი სულისკვეთების ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ინტერესი, გამოცდილება და შესაძლებლობები აქვთ, თუმცა მათ ერთი რამ - სპორტის სიყვარული და შეჯიბრის ჟინი აერთიანებთ. მინდოდა ყველას თავი ამ ერთიანობის ნაწილად ეგრძნო და შეძლებოდა მონაწილეობა. რა დაბრკოლებები და სირთულეები შეგხვდათ ფესტივალის გახორციელების გზაზე? ყველაზე რთული, ალბათ, მაინც პირველი ფესტივალი იყო. შარშან ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, მხოლოდ გუნდის ხედვით დაგვერწმუნებინა უამრავი ორგანიზაცია, რომ მიეღო მონაწილეობა ფესტივალში. თუმცა, საბედნიეროდ, ყველამ მაშინვე ირწმუნა, რომ ეს წამოწყება წარმატებული იქნებოდა და თამამად დაგვიდგნენ გვერდში. ასევე, საკმაოდ რთული იყო მოკლე დროში ამხელა ღონისძიების ორგანიზება, თუმცა Alice Q-ს დახმარებით ყველაფერი იდეალურად წარიმართა და მონაწილეებიც და სტუმრებიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, მათ მოლოდინებს აშკარად გადავაჭარბეთ. წელს რა დახვდებათ სტუმრებს ახალი? 40 -მდე სპორტის სახეობა სხვადასხვა სახით იქნება წარმოდგენილი. იქნება გამოფენა, თამაშები, ვარჯიშები, საჩუქრები, შეჯიბრები, სპიკერების გამოსვლები, კვება და მუსიკა. რას ეტყოდით ვიზიტორებს? ჩვენი გზავნილი მარტივია: მოდი და დაისვენე, იპოვე შენი სპორტი და გაერთე! იმედი გვაქვს წელსაც გავახალისებთ და შთავაგონებთ ჩვენ სტუმრებს, რომ სამოყვარულო ან პროფესიულ დონეზე, თუნდაც, მეტი სიჯანსაღისთვის დაკავდნენ სპორტით. R 10 1-ს მოსწონს
|