x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
"ჯორჯიან ეარვეისი" რუსეთთან ფრენებს უარყოფდა, ახლა კი ლანძღავს და ემუქრება მათ, ვინც წინააღმდეგია მოსკოვთან ფრენების აღდგენის


image





ქართულმა ავიაკომპანიამ ჯორჯიან ეარვეისი • Georgian Airways-მა უჩვეულოდ სწრაფად - 1 თვეში შეიცვალა პოზიცია რუსეთთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით.




ზუსტად ერთი თვის წინ, 14 აპრილს, "ჯორჯიან ეარვეისმა" თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხაზგასმით უარყოფდა მოსკოვში ფრენების დაწყებაზე გავრცელებულ ინფორმაციას.





"ჯორჯიან ეარვეისის" 2023 წლის 14 აპრილის განცხადება:







გუშინ, 16 მაისს კი, კომპანიის თანამშრომლების სახელით, ამავე სოციალურ ქსელში შეურაცმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა, მათ მიმართ ვინც პროტესტს გამოთქვამს და უკმაყოფილოა რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენით.





"ჯორჯიან ეარვეისის" 2023 წლის 16 მაისის განცხადება სრულად:


"შორს ბინძური ხელები ჯორჯიან ეარვეისისგან!

(ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების ღია წერილი)


ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
ავიაკომპანიის წინააღმდეგ დაწყებულია ბინძური კამპანია, სრულიად დაუმსახურებლად "გვამკობენ" მიუღებელი ეპითეტებით. ყველაზე გულსატკენი არის ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე მოყენებული თავდასხმა.
მოღალატეებს გვეძახიან, რატომ ფიქრობთ რუსეთის მიმართულებით რეისების შესრულებაზეო. ყველა ამ უსაფუძვლო ბრალდების ავტორის გასაგონად გვსურს განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოებს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება ან მოხსნა, საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტა ან აღდგენა რომელიმე ავიაკომპანიის პრეროგატივა არ არის, ამას სახელმწიფოები წყვეტენ.
ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ. ჩვენ ქართველი ხალხის დაკვეთა უნდა შევასრულოთ და საქართველოს მოქალაქეებს რა მიმართულებით ექნებათ მგზავრობის სურვილი, იმ მიმართულებებს უნდა მოვემსახუროთ. ქართველი ხალხის სამსახურში დგომის გარდა სხვა პოლიტიკა ჩვენ არ გაგვაჩნია.
ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით. „ჯორჯიან ეარვეისი“ ის ავიაკომპანიაა, რომლის დამფუძნებლები და თანამშრომლები ახდენდნენ აფხაზეთის ომის დროს ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან ბავშვების, ქალების, მოხუცებისა და დაჭრილების ევაკუაციას და გარდაცვლილი მებრძოლების გადმოყვანას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად. ბევრი მათგანი შეეწირა ამ საქმეს. ამიტომ, უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.
2008 წლის ომის დროს ჯორჯიან ეარვეისი იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია. მივმართავთ პროვიკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი.
აქვე ხაზგასასმელია, რომ „ჯორჯიან ეარვეისში“ ამჟამადაც დასაქმებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები.
სამარცხვინოა, როცა ჩვენს კომპანიას ვინმე უბედავს მოღალატის დაძახებას!
შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ.
ჩვენ გვწამს ბრძენი ქართველი ხალხის, რომელიც საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და დადგება სიმართლის მხარეს. სიმართლე კი ერთია - „ჯორჯიან ეარვეისი“ იყო, არის და იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სამსახურში მდგომი ავიაკომპანია.
მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მითუმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს. ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლები".

პ.ს.

"ჯორჯიან ეარვეისმა" რუსეთთან ფრენები მას მერე შეიტანა თავის განგრიგში, რაც პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.






0
65
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0