რელიგია "ვერავინ ვერ დამარწმუნა, ვერც ხელისუფალმა, ვერც მღვდელმთავრებმა და ვერც მდიდრებმა, რატომ უნდა გადავადგილდებოდე ძვირადღირებული ავტომობილით" 2023, 6 მაისი, 9:17
საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოს წინამძღვარს, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს სოციალურ ქსელში სერბეთის პატრიარქის პავლეს(1914-2009) სიტყვებს ციტირებს:
“ვერავინ ვერ დამარწმუნა, ვერც ხელისუფალმა, ვერც მღვდელმთავრებმა და ვერც მდიდრებმა, რატომ უნდა გადავადგილდებოდე ძვირადღირებული ავტომობილით ან სპეციალური ესკორტით, როცა არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპირტი, რა საჭიროა დისტანცია საზოგადოებისგან, როცა ეს საზოგადოება თავის მამად მაღიარებს, მიწოდებს უწმინდესს და ისედაც დიდ პატივს მცემს, მართალია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ვაგვიანებ ხოლმე დანიშნულების ადგილზე, მაგრამ ესკორტით ნაადრევად მისვლას ნაყოფიერი დაგვიანება მირჩევნია…”
სერბეთის განსვენებული პატრიარქი პავლე
აი, ეს იყო წმინდანი და უწმინდესი ადამიანთა შორის, განსაკუთრებით მღვდელმთავართა შორის…"
შეგახსენებთ, რომ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი. სერბეთის პატრიარქი პავლე(1990-2009 წლებში) ცნობილი იყო თავისი ასკეტური და უანგარო ცხოვრების წესით, არ ჰყავდა საკუთარი ტრანსპორტი, ასევე უარს ამბობდა მატერიალურ კეთილდღეობაზე და შემოწირულობებზე.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სერბებს ენატრებოდეთ 2009 წელს 96 წლის ასაკში გარდაცვლილი პატრიარქი პავლე, ვისაც ხალხი ”ცოცხალ წმინდანს” ეძახდა და უკანასკნელ გზაზე მთელი ერი მიაცილებდა.
დავიწყოთ იმით, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც აერთიანებდა მთელ სამწყსოს. პატრიარქი ძალიან ახლოს იყო თავის ხალხთან და მათაც უსაშველოდ უყვარდათ იგი. ის ყველაზე ადრე დგებოდა მთელ სერბეთში - როცა სხვებს ჯერ კიდევ ეძინათ. ატარებდა საღმრთო ლიტურგიას და ღმერთს ავედრებდა სამშობლოს. მის გულში მთელი სერბეთი ეტეოდა. თუმცა ის პატარა იყო ტანად, მაგრამ დიდი იყო სულით; მისი სუსტი მხრები მთელი ქვეყნის სიმძიმეს იტევდა. თუმცა ფაქიზი და თლილი თითები ჰქონდა, მაგრამ პირჯვრის საწერად შეკრული სამი თითის ერთობლიობით დემონთა ლეგიონებს ამარცხებდა, მსუბუქი ქსოვილის სამოსის ქვეშ მამაცი მეომრის გული უძგერდა; ხალხი ამბობდა მასზე: ” ეს ჩვენი ანგელოზია, რომელიც გვმფარველობს და გვიცავს ჩვენ”! ის თითქმის მხოლოდ ფეხით დადიოდა - ყოველგვარი დაცვისა და თანმხლებთა გარეშე. მასთან მისვლა შეეძლო ყველა მსურველს, თავის რეზიდენციაში ის ყოველდღე იღებდა უამრავ მიმსვლელს; მას ყველასთვის ჰქონდა ალერსიანი და მანუგეშებელი სიტყვა. იგი ყველას მოუწოდებდა მოკრძალებული ცხოვრებისაკენ - როდესაც ჯერ კიდევ ეპისკოპოსი იყო, სოპოჩანეს მონასტრის მონაზვნებმა თხოვეს კურთხევა ”ფიჩოს” (”ზაპოროჟეცის” სერბული სინონიმი) შეძენისათვის, რათა ქალაქიდან გადმოეზიდათ მონასტრისათვის საჭირო ნივთები და სურსათი. პავლეს პასუხი იყო : ”არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულებით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და მათვე გაწუწავთ”. რაშსკო-პრიზრენის ეპისკოპოსობის დროს ეპარქიის საჭიროებისთვისაც კი არ ყიდულობდა მანქანას. ”ვიდრე კოსოვოს ყველა სერბულ ოჯახში არ იქნება მანქანა, არც ჩვენ გვეყოლება”, - ასეთი იყო მისი განმარტება. ბოლოს, როდესაც, როგორც იქნა, ყველაზე იაფი მანქანა აყიდინეს, მაინც არ სარგებლობდა იმით - ეკლესიიდან ეკლესიამდე, მონასტრიდან მონასტრამდე მთელ ეპარქიაში სულ ფეხით დადიოდა. თუ ფეხით ძალიან შორი იყო და ტრანსპორტი სჭირდებოდა, იყენებდა ჩვეულებრივ საქალაქო ტრანსპორტს და ხალხის ჭედვაში ისიც მათ სივიწროვეს იზიარებდა... იყო აბსოლუტურად უვეცხლო და უანგარო და ისე მცირედით იკვებებოდა, როგორც ძველი მეუდაბნოე მამები. ცხოვრებითაც ცხოვრობდა, როგორც უძველესი დროის მართლმადიდებელი ბერი - არ იხმევდა ხორცს, ხოლო ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ძალიან მკაცრად მარხულობდა. საღმრთო ლიტურგიას ყოველ დილით საპატრიარქოს პატარა სამლოცველოში ატარებდა. იქ არ იყო გუნდი, გალობდნენ მხოლოდ მრევლის წევრები...
მსახურების წინ თავად იმოსებოდა და მსახურების შემდეგ თავადვე განიმოსებოდა, თვითონ იღებდა აღსარებას და თვითვე აზიარებდა მლოცველებს; თვითონ რეცხავდა თავის ბისონს, აუთოებდა და აკერებდა, თვითონ იმზადებდა საკვებს. მას ჰქონდა ფეხსაცმლის შესაკეთებელი ყველა ინსტრუმენტი და თავად აკერებდა საკუთარ ფეხსაცმელს. ის ხშირად ეწეოდა მსახურებას სხვადასხვა ეკლესიაში და თუ დაინახავდა, რომ მღვდელმსახურს გახეული ჰქონდა ანაფორა ან ფელონი, ეუბნებოდა: ”მომიტანე და მე დაგიკერებ!”
ნუ დაგვავიწყდება, რომ პატრიარქი ბრძანდებოდა ღვთისმეტყველების დოქტორი (ეს წოდება მას პატრიარქობამდე დიდი ხნით ადრე მოეპოვებინა). პატრიარქს ჰქონდა საყვარელი გამოთქმა: ”ვიყოთ ადამიანები”. ”ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც ქვეყანას, სადაც ვჩნდებით, ვერც ხალხს, რომლის წიაღშიც ვიშვებით, ვერც დროს, როდესაც ვჩნდებით... ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი რამის არჩევა: ვიყოთ ადამიანები ან არაადამიანები”, - ამბობდა ის. 351 3-ს მოსწონს
|