სხვა "ომმა დაანგრია თაობის ფსიქიკა... თქვენ ეგ თაობა ჩარეცხეთ... არაუშავს, მერწმუნეთ თქვენც ჩაგრეცხავთ მომავალი თაობა" 2023, 1 მაისი, 19:03 შეტევის წინ საჭმელს არ ჭამენ 3 მიზეზის გამო: მოძრაობის თავისუფლებას ზღუდავს, მუცლის არეში დაჭრისას პერიტონიტის სიჩქარე და ალბათობა გაცილებით იზრდება და რომ ძლიერი სტრესის შემთხვევაში ორგანიზმმა ფეკალიები არ გამოყოს. ხო, ხო ეგრეც ხდება ხოლმე განსაკუთრებით ახალბედებში, მოწინააღმდეგის ძლიერი საარტილერიო დარტყმებისას. ჩაფსმა ხო ვააბშე ხშირი პონტია, როცა ჭურვი ან ნაღმი სულ ახლოს აფეთქდება და რატომღაც არ მოკვდები. ყველაზე მურტალია შკვალურ საარტილერიო ცეცხლში მოხვედრა, როდესაც არაფერი გიცავს არც შენობა, არც აკოპი. მიწაზე ხარ გართხმული. მიწა გეყრება ზურგზე ან სახეზე. თავი ხელებში გაქვს ჩარგული. თითოეული წუთი საუკუნედ გეჩვენება. შიშს სურვილი ცვლის. ოღონდ მალე დამთავრდეს ყველაფერი და თუნდაც შენ დაგეცეს ჭურვი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს საშინელება და ბღავიხარ რომ შიში დაძლიო. კვირები გადის ვერ იბან, ვერც საკუთარ და ვეღარც თანამებრძოლის სიმყრალეს ვეღარ გრძნობ. ოფლის, კვამლის, დენთის, მიწის, ნესტის და სხეულის ბუნებრივი გამონაყოფების სუნი ერთმანეთშია აღრეული. ბინძური ხელებით ბინძური შტიკ-ნიჟით კონსერვის ქილას ხსნი, თუ იშოვე. გაქვავებული თვალებით რაღაც საგანს აშტერდები. ტუშონკას ჭამ დანით, არა იმიტომ რომ გშია, არამედ იცი რომ აუცილებელია ჭამო. კვირები ისე გადის რომ სტრესს ვერ იხნი ვერაფრით. ტყილია წამალით და სასმელით შიშის დაძლევა. ვინც კაიფობს და ბრძოლის წინ გულადობისთვის სვამს ის კვდება. ერთხელ, ორჯერ გაუმართლბს, მაგრამ მესამეჯერ მაინც კვდება. ბოღმა გკლავს დეგენერატი მეთაურის დაგეგმილი ოპერაციის გამო შენი თანამებრძოლები რომ იღუპებიან. პირველ პერიოდში ძალიან განიცდი თანამებრძოლის დაღუპვას. შემდეგ ეჩვევი. გვერდზე დგას მოარტყეს, თუ მოახერხე მიხოხდები, საძილეს მიადებ ხელს პულსი უფეთქავს თუ არა, თვალებს დაუხუჭავ, გაცხონოს უფალმა და გააგრძელებ უემოციოდ სროლას. ყველაზე რთულია გადაწყვიტო ხარ თუ არა თვით ღმერთი, რომელ დაჭრილს დაეხმარო. რა თქმა უნდა შედარებით მსუბუქად დაჭრილი უნდა გამოიყვანო ბრძოლის ველიდან, რომელსაც გადარჩენის მეტი შანსი აქვს, პირიქით თუ გააკეთებ, მსუბუქად დაჭრილი დამძიმდება მძიმედ დაჭრილს კი ან მიათრევ სანჩასტამდე ან არა, ამ შემთხვევაში ორივე გეღუპება. მსუბუქის გაყვანის შემდეგ უნდა მიაკითხო მძიმეს, თუ დაგხვდა ცოცხალი. მძიმედ დაჭრილი მხოლოდ შენი და ღმერთის ამარად რჩება. თუმცა ღმერთი არაა ომში. ომში ღმერთი ბრმაა, ვერაფერს ხედავს. გახეთქილი მუცლიდან გადმოგდებულ ნაწლავს ცდილობ მუცელში ბინძური ხელით და ნაჭრით დაუბრუნო და ღიმილით ეუბნები რომ ყველაფერი კარგადაა და უმნიშვნელოა ჭრილობა. არადა ის ბალევოი შოკშია და ჯერ ვერ აღიქვამს სიტუაციას. ყველაზე კარგი იქნებოდა მორფინი გაგეკეთებინა და საბოლოოდ გაგეთიშა, მაგრამ მედჩასტში მორფინს ვინ გააჩერებს, ან შენ ვინ მოგცემს. მუხლებამდე წყალში დგეხარ, ძილი გერევა, შენი ქალი ავტომატია, მას ეხუტები. ვირთხა ან თანამებრძოლი გაღვიძებს მუჯლუგუნით. ომში სიტყვები არ არის. იქ ყველა ვმუნჯდებით და მხოლოდ საკუთარ თავებს ვესაუბრებით. ზოგჯერ გადავკრავთ სიტყვებს რომ საბოლოოდ არ გავგიჟდეთ და დავმუნჯდეთ. ბედნიერი ხარ როცა რამე გესიზმრება, ისიც დედა ან ქალი. დედის თვალები გიყურებს სასტიკი ტკივილით, ხელები გეხება სახეზე. მის სუნს გრძნობ. რძის სუნს დედისას. ქალი თუ გესიზმრება, სახე ბუნდოვნად, მის ძუძუებს ხედავ მხოლოდ, ეგეც სიცოცხლის საწყისია და იმიტომ ალბათ. დასაზვერად სახლში შეხვალ სადმე, ქალი გხვდება შავებში ჩაცმული. უსიტყვოდ იცის რომ უნდა გაჭამოს და ლოგინი გაგიშალოს. ჭაჭასაც გამოგიტანს ერთ ჭიქას დალევ უნდობლად. დაწვები გათიშული, მაგრამ ქალის სუნი გაგაღვიძებს გადაცოცდები მასთან ლოგინში. მიუცუცქდები ცდილობ შეთითხნო. ის აიფარებს ხელებს მორჩილად სახეზე, რომელსაც ვერ ხედავ, ალბათ ქვითინით აკანკალდება. ქალს მონატრებული შეხებასაც ვერ მოასწრებ და ეგრევე მთავრდება ყველაფერი. გადმობრუნდები და არ გინდა ფიქრი იმაზე რომ ღორი და ცხოველი ხარ. გადმობრუნდება სიბნელეში განურჩეველი ალბათ ცრემლიანი თვალებით მკლავზე და იღლიაზე დაგადებს თავს. გერიდება შენი სუნების. მას კი მამაკაცის სუნი ენატრება. ბეღურასავით მიიკრავ, საოცარი სიმშვიდით ჩაგეძინება მასთან ჩახუტებულს, თითქოს სოხუმის ტურბაზის ნომერში იყო. დილას გეღვიძება, დიასახლისს უკვე გამზადებული აქვს საუზმე. ალუმინის ტაშტს მოგიტანს რომ რაღაცნაირი ენითაღუწერელი მორჩილებით დაგეხმაროს ფეხების დაბანაში. მძიმედ იხდი მიწებებულ ნასკებს. ქვემოდან შემოგხედავს თვალებში. მე იმის ცოლი ვიყავიო იქ რომ მოკლესო. დენი გარტყამს არა მისი ხელების შეხებით შენს ფეხებზე, არამედ იმის გამო რომ იცნობდი იმას ვინც იქ მოკლეს. ღორი ხარ ნუუუ, მარა შენი ბრალი არაა, ეს ხომ ომია და ომში ყველა ცხოველდება. წასვლისას თხოვ რომ გამოგყვეს სამშვიდობოს. უარს ამბობს, ლოყაზე გკოცნის და ამით გპატიობს წუხანდელ ღორობას. ხელიდან ხელში გადადის სოფელი. ის სახლი ყოველთვის გახსოვს. და გინდა იქითკენ მიმართო შეტევა რომ გაათავისუფლო. მიხვალ და ნახავ ტანსაცმელშემოხეულს დასახიჩრებულს. საშოში მიწაშეყრილს. უცრემლოდ ტირი. თავად თხრი საფლავს იმ ზეწარში რომელშიც იწექით, მას ახვევ და ასაფლავებ. უსახელოდ და უგვაროდ. იაშიკის ფიცრებით ჯვარს კრავ მხოლოდ. იმ იმედით რომ როდისმე ამოთხრი და ადამიანურად გადაასაფლავებ. სხვა არაფერია, გაყინული მანდარინის ჭამით ყვითლდები. ორგანიზმი ვეღარც გიწევს წინააღმდეგობას, სითხით იცლები. გიკვირს როცა ბაღში შედიხარ მეპატრონე შეპარული ზიზღით გიყურებს სიპატარავით ქვემოდან. გამოელაპარაკები და რომელიმე ფრაზაში ჩაგირტყამს არა-ქართ-ველური კილოთი ისეთს რომელიც ნიშნავს - რას მოეთრეოდით ქართველები აქო. შავ თეთრ ტელევიზორში დედაქალაქს უყურებ. დუბაი, შარმა ელ შეიხი, მოგზაურობა, სულ ოქროა ოქროს ქვიშები, მე-2 არხზე იუმორისტული გადაცემები, პრეზერვატივის რეკლამა - ეს პრეზერვატივია მე კი წამყვანი ვარო. ხინკლის მიტანის სერვისი ჩინ-ჩინი. ღამის საათებში ემანუელა 1, 2, 3 უყურებ და ფიქრობ უცხო ქვეყანაში ხარ. არა... უცხო სამყაროში ხარ. დროზე წადი რაა აქედან, მაგრამ ვერა თანამებრძოლები მხდალად ჩაგთვლიან. მათაც უნდათ წასვლა მაგრამ ერთმანეთს ვერ ვუბედავთ სურვილს. არაერთხელ თავად დასცინოდი შვინდისფერი ნოლსემით რომ მოდიოდნენ პოზიციებზე ბენდენიანი ბიჭები და პირველი შეტევის შემდეგ ჩასვრილები, ბენდენა შემოხეულები ბრუნდებოდნენ უკან. უკვე იცი რომ განწირულია ყველაფერი და უკან დასახევიც მოგიჭრეს. საბჭოთა ჯარში ბოთლი ჭაჭის ფასად „ტაუ“ და სხვა სასწავლებლების კურსდამთავრებულებმა თავდაცვითი ზღუდეების ეშელონირებაც კი ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ შემდეგ გენერლობები აირტყეს. მთაზე უნდა გადაიარო რომ გვერდი აუარო თურმე უცხო სამეგრელოს და ისე ჩახვიდე საქართველოში. მთიდან ცუდი ხმები მოგდის. ვაჟკაცები ერთ წუთში პროჭებად ქცეულანო ამბობენ. ავტომატის ლულას რელზე ადებ ისვრი და მდინარეში გადააგდებ რომ არავის დარჩეს ან 150 დოლარისთვის არ მოგკლან. გაუდგები მთას. იქ ნანახი არ გახსოვს იმიტომ რომ არ გინდა გახსოვდეს, იმიტომ რომ მართლა საბოლოოდ არ ამოარწყიო ქართველობაზე და დაწყევლო უკუნითი უკუნისამდე ქართველად დაბადების შენი წამი. ტაბუ ადევს ამ სისაძაგლეს. არც მე დავარღვევ. არ მოვყვები გაგონილს თუ სამეგრელოზე გადახვალ ათიდან 5 შემთხვევაში სასტიკად ნაცემი და შეურაცხყოფილი ხარ, თუ ვინმე იქაურმა ახლობელმა არ შეგიფარა. ერთი სული გაქვს სამტრედიას გაცდე როგორმე და იმერეთში გადახვიდე. თბილი, მაგრამ ნეიტრალურია იმერეთი. გაორებულია სევდიანი იმერეთი. ორივე მხარის ეშინიასავით. საბოლოო შვება ქართლშია. ვინც არ უნდა იყო. მიამიტად ტეტია პრახადნოი დვორ ხაშურში, ლამაზად ფიქსტულა ქარელში, უაზროდ დიად გორში არავინ გაგრძნობინებს რად ჩამოეთრიეო. ქართლი დედაა და სახელმწიფოს წარმომქმნელი, აქ კუთხურობას არ აქვს მნიშვნელობა, აქ ყველა ქართველია. სადღაც პარკში დაჯდები, უფრო სწორად ჩამოესვენები სკამზე, სიცხიანი გაითშები, შეგარხევს კაცი ეე ეეე ბიჭო არ მოკვდე...თვალს ახელ. ღიმილიანი სახე გიმზერს. ნაყაჩაღარ ცისფერ ვოლგაში ჩაგასვენებენ მასთან მიგიყვანენ სახლში. მისი ცოლი და დედა თხის ქონს გისვამენ სხეულზე. ხურხარ მხოლოდ პატარა ბავშვს ხედავ სკამზე ჩამომჯდარს. ბუნდოვნად ხედავ მას. შენს რვეულს იხუტებს გულთან. დედააა დედაა.... უხარია რომ გამოფხიზლდი თავისიანებს ეძახის. თან სიფრიფანა ფეხებზე იმუხლება ისტერიული სიხარულით და ცრემლები მოსდის ქვითინით, დედაა დედააა ცოცხალია გაჰკივის. წასვლისას ის პატარა დღიურს იკრავს გულში. ვჩუქნი. ცისფერი მადლიერი მზერით მიყურებს. მწერლი გამოვალო მითხრა. ნეტა თუ ვახსოვარ ჩემ მწერალს და გორს. რწმუნდები რომ მისი ცრემლებისთვის ღირდა რაც გადაიტანე. შედიხარ დედაქალაქში და სადღაც დღევანდელ ქარფურთან უკვე სხვა სამყაროში ხვდები, კიი დაბნელებულია ჩემი თბილისი, მაგრამ ომის განცდა არ ეტყობა, ან მე მეჩვენება რომ არ ეტყობა. არაყი, სმა, სმა არაყი, არავის ჭირდები, ცინკის კუბოების პანაშვიდებზე. ღვინოზე ბრინჯზე ლობიოზე ჩალიჩი. ფლავისთვის შაქარი თუ იშოვე მაგარი პონტია. რომელიმე ცინკში ალბათ ჩემს მიერ აკრეფილი თავის ქალის ძვლებიც დევს. ომში ვინ არჩევს რომელ კუბოში ვისი სხეული გდია, კი.. კიიი გდია და არა დევს. დასაფლავებებში გადის დღეები. ესეც მორჩა, გახსენებებიც მორჩა. საბურთალოს სასაფლაო გაიტენა. არაფერი აღარ დარჩა. პახმელიის ორშაბათი გათენდა არავის ვჭირდებით. ვიკრიბებით კანტი-კუნტად. უკვე ხურდებიც არ გვაქვს, უკვე გადარჩენაზეა საქმე. იმან ტყვია დაიხალა შუბლში, იმან იყაჩაღა და დაიჭირეს, ის წამლის კაიფში გაიპარა, ის გალოთდა, იმან ცოლი გაიყვანა პანელზე. იმან იჩალიჩა და ემიგრაცაში წავიდა. ან უნდა აიყვანო თავი ხელში ან უნდა გატყდე. არჩევანი შენზეა, ძალისხმევაც. ომმა დაანგრია თაობის ფსიქიკა. თქვენ ეგ თაობა ჩარეცხეთ. არაუშავს, მერწმუნეთ თქვენც ჩაგრეცხავს მომავალი თაობა. ომზე საუბრობს ის ვინც ერთი დღეც არ ყოფილა ომში. ბეტეერზე და ცხენზე პოზიორობა არაა ომი. ომი და რეალობა ისაა რაც ავღწერე და ის უამრავი რაც სიტყვებს შორისაა გამოტოვებული. მე თუ არ ვარ ავტორიტეტი წააკითხეთ მას ვინც ავტორიტეტია თქვენთვის და იმან გითხრათ სინამდვილეა თუ არა ეს ტექსტი. ჯანდაბას, მე ეს დამესიზმრა, მაგრამ იმ თქვენს ავტორიტეტსაც ხომ არ დაესიზმრა. ნუ ეთამაშებით ომს. ჩემმა თაობამ, უ-სისტემოდ 1 წელი და 2 თვე იომა ავად თუ კარგად, წელიწადი და 2 თვე შეაჩერა მონსტრი. ახალმა თაობამ სისტემურად დღენახევარი ვერ გაძლო. დღენახევარი კი არა 5 დღე. ეს 5-იანიც საარჩევნო პონტია მეტი არაფერი. ყველას პატრონი უნდა მკვდარსაც კი. არცერთი ფილმი არ მინახავს ნორმალური აფხაზეთის ომზე. პრინციპში არც არის. არცერთი ეკლესია არ მინახავს აფხაზეთში დაღუპულის სახელზე, იმიტომ რომ მაგ ომს პატრონი არ ჰყავდა და არ ჰყავს. აგვისტოს ომი ცვეტშია იმიტომ პატრონი ჰყავს. აფხაზეთის ომში დაიღუპა 10 ათასი ადამიანი, 200 ათასი განიდევნა იქიდან. ნუ ეთამაშებით ომს. თქვენ ვერ გაუძლებთ ომს. თქვენი საქმე არ არის ომი. და ა.შ. უამრავი გახსენება და სიტყვები. დღეს 27 სექტემბერია. არავითარი ამაღლება. დღეს დაცემის დასწყისია ოცდა... რამდენი წლის წინ? არც მახსოვს და არც მინდა მახსოვდეს. ავტორი: ლეონიდ ფრიმანი 158 3-ს მოსწონს
|