საქართველო როგორ მოკლა გიორგი XII-ის ქვრივმა, დედოფალმა მარიამმა გენერალი ლაზარევი 2023, 19 აპრილი, 14:29 220 წლის წინ, 1803 წლის 19 აპრილს გენერალ პავლე ციციანოვის(ციციშვილის) ბრძანებით, გენერალმა ლაზარევმა ალყა შემოარტყა მარიამის სახლს, მას დავალებული ჰქონდა დაეკავებინა ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი და სანკტ-პეტერბურგში გადაესალხებინა, მაგრამ დავალების შესრულებას ისე უხეშად შეეცადა, რომ ეს ინციდენტი საბოლოოდ ლაზარევის მკვლელობით დასრულდა. მარიამ ციციშვილი დაიბადა ტფილისში, თავადი გიორგი ციციშვილისა (ხეთა გოგია) და ელენე გურამიშვილის ოჯახში. 1783 წლის 13 ივლისს მარიამი დაქორწინდა გიორგი XII-ზე, და მისი მეორე მეუღლე გახდა. ქართლ-კახეთის უფლისწულის პირველი მეუღლე — ქეთევან ანდრონიკაშვილი ახალი გარდაცვლილი იყო. 1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტი მისმა შვილმა გიორგიმ დაიკავა, ხოლო მარიამი გახდა დედოფალი. 1799 წლის 27 აპრილს, მის უდიდებულესობა ქართალინიისა და კახეთის დედოფალს, "მარია გეორგიევნას" გადაეცა წმინდა ეკატერინეს რუსეთის ორდენის დიდი ჯვარი. 1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის ანექსიის შესახებ. იმისთვის რომ მოსახლეობაში არ გაჩენილიყო ახალი მთავრობისადმი დაუმორჩილებლობა და ჯანყი, იმპერატორმა საქართველოში გამოაგზავნა ივანე ლაზარევი და უბრძანა საქართველოდან გადაესახლებინა ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი საქართველოდან. იმისთვის, რათა თავი აერიდებინა გაძევებას, მარიამმა გადაწყვიტა თავი ხევსურეთისთვის შეეფარებინა. როდესაც პავლე ციციანოვმა (ციციშვილმა), რომელიც მარიამის შორეული ნათესავი იყო, გაიგო რა დედოფალს ტფილისიდან გაქცევა უნდოდა, უბრძანა ლაზარევს დაეკავებინა მარიამი და გადაეყვანა საცხოვრებლად პეტერბურგში. როდესაც გენერალი შევიდა სამეფო საძინებელში ნახა მარიამ დედოფალი, რომელიც იჯდა მძინარე ბავშვებთან. ლაზარევმა განუცხადა, რომ სამეფო ოჯახმა უნდა დატოვოს საქართველო და საცხოვრებლად გადავიდეს პეტერგბურგში. ასევე უბრძანა გაეღვიძებინა ბავშვები და სასწრაფოდ დატოვებინა სასახლე, რაზეც მარიამმა შემოუთვალა: — მე არ მინდა ბავშვების გაღვიძება, შეეშინდებათ. ვინ გვიბრძანა საქართველოს დატოვება? — მთავარსარდალ ციციანოვის ბრძანებაა. — ის ამ გვარის უღირსია, თუკი ასე ექცევა თავის სამშობლოს! — მიუგო დედოფალმა. ლაზარევმა დედოფალ ფეხებში მოჰკიდა ხელები და ტახტიდან ჩამოგდება დაუპირა. ასეთი ჟესტით განრისხებულმა, მარიამი ადგა საწოლიდან, ამოიღო ხანჯალი (სხვა ვერსიის მიხედვით, დედოფალს ის ტანისამოსის ჯიბეში ჰქონდა) და ჩაარტყა, რის შემდეგ სახეში ესროლა და დასძინა: „ხოლო ასეთ სიკვდილს იმსახურებს ის, ვინც ჩემს უბედურებას მიუხედავად უპატივცემულოდ მექცევა“. გენერალი იმწავმსვე გარდაიცვალა. ხმაურის გაგების შემდეგ ოთავში შემოვარდა ლაზარევის ადიუტანტი და დედოფალს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თავში, რის შედეგადაც მარიამმა დაკარგა გონება. ლაზარევის მკვლელობაში, ყოველგვარი გამოძიების გარეშე, დამნაშავედ თავადაც მსუბუქად დაჭრილი მარიამი მიიჩნიეს. დედოფალი, როგორც ბოროტმოქმედი, ისე გადაასახლეს. იგი ჯერ ვორონეჟში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ ბელგოროდის დედათა მონასტერში მიუჩინეს ბინა, სადაც 8 წელი პატიმრობაში გაატარა. გენერალ ლაზარევის მკვლელობის ფაქტი სპეციალურად არ გამოუძიებიათ. დიდხანს ძალაში იყო პ. ციციანოვის დასკვნა, რომ მკვლელობა დედოფალმა მარიამმა ჩაიდინა. ამ შეხედულებას იზიარებდა საქართველოს მომდევნო მთავარმართებელი გენერალი გუდოვიჩიც. თუმცა არსებობდა მკველელობის სხვა ვერსიაც. პლატონ იოსელიანი დედოფალ მარიამის მონათხრობზე დაყრდნობით, მიიჩნევდა რომ ლაზარევი დედოფლის მხლებელმა თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლა, რომელიც სასახლიდან შეუმჩნევლად გაიპარა და ახალციხეში გადაიხვეწა. 1811 წელს იმპერატორმა ალექსანდრემ, როგორც იქნა, შეისმინა მისი ერთ-ერთი შვილის, მიხეილს მრავალგზის თხოვნა და ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალი შეიწყალა და მოსკოვში საცხოვრებლად გადასვლის ნება დართო. მოსკოვში, სადაც ის ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. მარიამ დედოფალი გარდაიცვალა 1850 წელს, 81 წლის ასაკში მოსკოვში. დაკრძალულია სვეტიცხოველში, მცხეთა. 562 2-ს მოსწონს
|