პოეზია გია ფერაძე-ლექსები 2023, 19 აპრილი, 14:01 დღეს 19 აპრილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა შესანიშნავ ქართველ მსახიობს გია ფერაძეს, რომელმაც მრავალი ფილმით შეაყვარა თავი მაყურებელს, მათ შორის აღსანიშნავია "განგაში", "მოიტაცეს თამარ ქალი"და რა თქმა უნდა "არასერიოზული კაცი". .ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ ტრაგიკულად წარიმართა მსახიობის ცხოვრება, რამაც საბოლოოდ უდროოდ შეიწირა კიდეც მისი სიცოცხლე.ალბათ ბევრისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ გია ფერაძე ციხეში ყოფნის დროს ლექსებს წერდა. რაც მოხდა, მოხდა ... რაც მოხდა, მოხდა დასრულდა გული შუაზე გაიყო. ვინც მიყვარდა ან რაც მსურდა ყველა მორევმა წაიღო. რუსთაველის თეატრს მოვწყდი, როგორც ძუძუს პატარა, ამერიკა, იტალია, რა ვთქვა, სად არ მატარა. შოტლანდია, საბერძნეთი, ინგლისი და ვარშავა, თქვენი გია იმ ქვეყნებში, აღარასდროს არ ჩავა. აღარც სცენა, კულისები, არც გრიმი და როლები ყველა ჩემს როლს ნათამაშებს, ცრემლით ვეამბორები. ვით ვარსკვლავი მოწყვეტილი, კოსმიური მარსიდან. ჩემი თავი მოვისროლე "კავკასიის" კასრიდან. მომიტევეთ თუკი ვინმეს გაწყენინეთ რაიმე ბნელსა ვზივარ, ექოდ მესმის ჩემივ ოხვრა - "ვაიმე" ცუდს ვერავინ იტყვით რადგან, ყველა ჩემი ბრალია. მართლა ხშირად მახსენდებით, კაცია თუ ქალია. თუკი ვინმეს არ ვუყვარვარ მისცეს დღენი დღეგრძელი. მათთან ჩემი ყურადღებით მეტი ვეღარ შევძელი. ეხლა გაზეთს და რადიოს, დღე და ღამე შევნატრი. რომ როგორმე მომაგონონ, ჩემი ძველი თეატრი. ვიცი აღარ დაბრუნდება, ძველი დრო და მომენტი, - "რატომ აცდენ, რატომა სვამ"! ვეღარ მეტყვის რ ო ბ ე რ ტ ი. ალბათ უკვე ჩაესვენა, ჩემი ფერთა მოლბერტი, ხომ მოგცილდათ თეატრიდან. ამ ცხოვრების ხ ო რ ც მ ე ტ ი. მე ჩემს სასჯელს ვიხდი გულით, მთელი ჩემი ზრდილობით, ზოგ-ზოგივით ვერ ვიცხოვრებ, ჩემი "პადხალიმობით" ბევრი წყალი ჩამოირბენს, ხან მღვრიე, ხან ანკარა. არც კი ვიცი როდის გნახავთ, ან გნახავთ და ან არა... ბედმა ფეხი წამომიდო, როცა ვიყავ თქვენს გვერდში, ღმერთმა არ ქნას რომელიმე, რომ ჩავარდეთ, ჩემს დღეში. მერე იტყვით: "ყოჩაღ გია, რა ნერვები გქონია"! შეცოდებით, შეგიცოდებთ, გულით?! არა მგონია! საბოლოო თხოვნა მრჩება, რომ გამოხვალთ სცენაზე, თქვენთვის ჩუმად გაიხსენოთ, ერთი, გია ფერაძე. გამარჯობა ჭიაყელავ! გამარჯობა ჭიაყელავ! მე ვარ ვეღარ მიცანი? შენ ერთს გელის სამარე და ჩემი კუბოს ფიცარი. დამაცალე, მოვაგროვო დასამარხი ლოდები, ერთგული ხარ ჭიაყელავ, ვიცი, რომ მელოდები. ცოტა კიდევ დამაცადე ჩემი კუბოს მაყარო, ისე უნდა დავლპე ზევით, პირიც არ დამაკარო. ჯანსაღს როგორ ჩამოგიტან, ამ ჩემს სხეულს მიწაში, გაოცდები, რომ შეძვრები ჩემი კუბოს ფიცარში. მაგრამ მაინც ჩემი ხარ და თან საოცრად ერთგული შენი იყოს დაულპობი გატანჯული ეს გული. თანაც გათბი ჩემი გვამის ფოსფორი რომ იალებს შეექეცი, რას გაუგებ, ე, მაგ გულის იარებს ირინას " ადამიანი მეორდებაო" მეცნიერები მსჯელობენ ასე, მე არ მჯეროდა, მაგრამ ეს ფრაზა, მოულოდნელად დღეს დავაფასე. ვნახე ჟურნალი სულ ძველის-ძველი, და საოცრება ! შენი სურათი ! გაცინებული, სიცოცხლით სავსე, თვალში ცეცხლით და ხელში სურათი. ო, ეგ სიცილი, ეგ ბაგე-კბილი, შენი მანერა და შემართება. ციხის ქვის კედელს შუბლით ვასკდები, ხომ არ ვგიჟდები... რა მემართება . . . ეს ჟურნალი და ძველი სურათი, მჯერა, იქნება ამის თავმდები/ რომ სიყვარულო, ჩემო - ირინა, შენ ისევ ისევ დაიბადები ! ! ! კომენტარები (0) 209 2-ს მოსწონს
|