x
მეტი
  • 31.05.2023
  • სტატია:128366
  • ვიდეო:356682
  • სურათი:500920
”აბა ომი გინდა?” - სინამდვილეში ვის სურს ომი?
პრორუსული და ძალადობრივი პარტია “კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ თავის ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში შემდეგი ხასიათის განცხადება გააკეთა:


“მოვა დრო და ქართველები და რუსები ერთმანეთის მხარდამხარ ვიომებთ, ეს კი იმდენად დაგვაახლოებს, რომ მომავალში რაიმე სახის კონფლიქტი ჩვენს შორის წარმოუდგენელი გახდება!”


კრემლი რომ საქართველოში მცხოვრებ მამაკაცებს და ქართულ გენოფონდს საკუთარი სამხედრო მანქანისთვის პოტენციურ საზარბაზნე ხორცად აღიქვამს, ეს სიახლე წესით არც ზურაბ მახარაძის ამ ძალიან სკანდალურ განცხადებამდე უნდა ყოფილიყო, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, თუ წარსულში რა რაოდენობით და რა პროპორციით მონაწილეობდნენ ქართველები რუსეთის მიერ წარმოებულ ომებში. თუნდაც მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი რომ გავიხსენოთ, სადაც 750 ათასი ქართველი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რაღაც ოციოდე წლის თავზე მონაწილეობდა (საიდანაც 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა), ამის საილუსტრაციოდ სრულიად საკმარისი იქნება. მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ქართველებს ხშირად მალევე გვავიწყდება წარსული და შეხსენება გვჭირდება.



ომი



რუსეთი ყოველთვის იყენებდა და დღემდე იყენებს მსგავს ტაქტიკას დაპყრობილ მიწებზე: ახდენს რომელიმე ქვეყნის ოკუპაციას, მის მოსახლეობას პროპაგანდით ტვინებს ურეცხავს, ხოლო შემდეგ მასიურად მიერეკება მის მიერ წარმოებულ უსასრულო სამხედრო კონფლიქტებში. ამით ის ორ კურდღელს ერთად იჭერს: უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ რუსებს და მის ზედა ფენას, მოსკოვში მცხოვრებ სოციალურად უზრუნველყოფილ მოსახლეობას თავიდან აცილებს ომის სიმძიმეს და მეორეც, დაპყრობილი მიწებიდან გარეკილი და ომებში დახოცილი მამაკაცების უზარმაზარი რაოდენობით ადგილებზე შესაძლო უკმაყოფილებას და პროტესტებს აცლის სოციალურ ბაზას და დემოგრაფიულ სურათსაც მისთვის სასარგებლოდ ცვლის.


ომი


უკრაინის ომი სრულიად აშკარა მაგალითია საიმისოდ, რომ რუსეთს ეს საუკუნოვანი ტაქტიკა არ შეუცვლია; სტატისტიკა ცხადყოფს, რომ არარუსი, ეთნიკური თვალსაზრისით “უცხო” და საძულველი დაღესტნიდან და ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაწვეული მამაკაცების წილი პროცენტულად მრავალგზის აჭარბებს მოსკოვიდან გაწვეული მამაკაცების წილს.


ასე და ამრიგად, სრულიად თვალნათელია, რომ რუსეთთან დაახლოებით და რუსეთის სატელიტ ან მასთან უშუალოდ მიერთებულ ქვეყნად ქცევით ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ომს. უფრო მეტიც, ჩვენ ამით არათუ ომს ავიცილებთ თავიდან, არამედ ადრე თუ გვიან თავადვე გავხდებით ზუსტად იმავე სახელმწიფოს ნაძალადევი და პროპაგანდით შეგნებაგამორეცხილი დამცველები, რომელმაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება წაგვართვა და ამას არ ექნება არანაირი დასასრული, რადგან რუსეთი ომებს გამუდმებით აწარმოებს. მას გამუდმებით აქვს კონფლიქტი რომელიმე სახელმწიფოსთან და გამუდმებით სჭირდება საზარბაზნე ხორცი. ამიტომ დაუახლოვდე რუსეთს და რუსეთის ნაწილად იქცე იმ მიზნით, რომ მშვიდობა გქონდეს და ომი არ მოხდეს, სრულიად უგუნური და უაზრო მისწრაფებაა. რუსეთი ჩვენ არ მოგვიტანს მშვიდობას! რუსეთთან დაახლოება, რუსეთის ნაწილად გახდომა ჩვენ მშვიდობას არ მოგვიტანს!


ომი


ერთადერთი, რასაც ჩვენთვის მშვიდობის მოტანა შეუძლია, ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამის ნათელ მაგალითებს წარმოადგენენ. უკვე მრავალი ათეული წელია, ამ ქვეყნებში ომი არ ყოფილა. ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები ათეულობით წლებია, სრულიად მშვიდობიანად ცხოვრობენ, ქმნიან დოვლათს, აფუძნებენ ოჯახებს და ზრდიან საკუთარ მომავალ თაობებს. ამაში მათ არავინ უშლის ხელს.


ყველა იმ ადამიანს, ვისაც გგონიათ, რომ ჩუმად ყოფნით, რუსეთთან და მის აგენტურასთან დათმობებით და რუსეთის მიმართ მონური მორჩილებით ომს აიცილებთ თავიდან და ბუხრის წინ თბილად წამოკოტრიალებულები გალევთ წუთისოფელს, უნდა გესმოდეთ, რომ მწარედ ცდებით. ამიტომ ნუ ადანაშაულებთ პრეზიდენტ ზელენსკის იმაში, რომ მან ვერ შეძლო უკრაინისთვის ომის აცილება თავიდან. ავთვისებიანი სიმსივნის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია, თუ ხილს და ბოსტნეულს საკვებ რაციონში უხვად შევიტანთ, ცხოვრების უმოძრაო წესზე უარს ვიტყვით და თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებას დავანებებთ თავს, მაგრამ რუსეთი ავთვისებიანი სიმსივნე არ გახლავთ. ამიტომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას სამწუხაროდ ასე იოლად ვერ მოვახდენთ. ამის გათვალისწინებით დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სხვა არანაირი შანსი აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ რუსეთის აგრესიას იარაღით შებრძოლებოდა. უკრაინის რუსეთის ნაწილად ქცევით უკრაინელი მამაკაცები თავიდან ვერ აიცილებდნენ ომში გაწვევის საფრთხეს. მათ აუცილებლად გაიწვევდნენ, ოღონდ გაიწვევდნენ არა სამართლიან ომში სამშობლოს დამცველებად, არამედ რუსეთის მიერ წარმოებულ ახალ-ახალ აგრესიულ ომებში, გაჟლეტდნენ და მათ მიწებს და ცოლებს რუსები დაისაკუთრებდნენ. ის ომი, რომელიც დღეს წარმოებს უკრაინაში, კატასტროფაა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი და დამანგრეველი კატასტროფა იქნებოდა, უკრაინა უომრად რომ დანებებულიყო და რუსული სამფეროვანი დროშა კიევის თავზე რომ აღმართულიყო. ამის შემდეგ მალევე დაიწყებოდა ომი საქართველოსა და პოლონეთთან და უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ამ ომებში რუსეთის მხარეს იბრძოლებდნენ, ბევრად უფრო მასიურად ამოიჟლიტებოდნენ, ისევე, როგორც დღეს უკრაინის ომში იჟლიტებიან ერთ დროს რუსეთთან ომში დამარცხებული ჩეჩნეთის მაცხოვრებლები.


ომი


ფოტოებზე: რუსეთის არმიის მიერ მიწასთან გასწორებული ქალაქი გროზნო


ამრიგად, თუ ვინმე პროსახელისუფლებო და პრორუსული ჯგუფებიდან იქედნურად გკითხავთ, უკრაინის მიმართ სოლიდარობას რომ გამოხატავთ და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია რომ გსურთ, ამით შემთხვევით ომი ხომ არ გინდათო, რაც შეიძლება ხმამაღლა და გარკვევით უპასუხეთ:


“მე კი არა, თქვენ თავად გსურთ ომი! ომი რუსეთის მხარდამხარ! რუსეთის მონობაში ომი!”

10
489
1-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
489
  
25 მარტი, 22:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

23 მარტი, 22:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

21 მარტი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

I will never apologize for the United States of America, I don’t care what the facts are
ეს სიტყვები აშშ-ს პრეზიდენტს ეკუთვნის(გამოიცანით რომელს) და ვინმე ამიხსნის, რა განსხვავებაა ამ სიტყვებსა და პუტინის იდეოლოგიას შორის?? ჩემთვის ერთიდაიგივეა..................
უკრაინას ერთი დიდ სახელმწიფოებრივი დანაშაული აქვს საქართველოს მიმართ ჩადენილი----- უკრაინამ მხარი დაუჭირა და შეიარაღებული მონაწილეობა მიიღო საქართველოში მომხდარ სამხედრო გადატრიალებაში, სმენია ამ სტატიის ავტორს რაიმე ამის შესახებ???
პროპაგანდით ტვინს ურეცხავსო..... ეს მარტო რუსეთის მეთოდი არაა.... ამ მეთოდს იყენებს ყველა ქვეყანა ვისთანაც გასდის და ამ მეთოდის წყალობით სჯერავს ბევრს, რომ ერთი ბატონისგან გაქცეული მეორე ბატონთან იქნება ბედნიერი......... ტვინს ვერავინ ვერავის გამოურეცხავს, თუ ტვინის პატრონს ტვინში ხვეულები საკმარისი აქვს..... ჩეჩნებს ახსენებ სტატიაში და უნდა იცოდე, რომ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ჯოხარ დუდაევი სსრკ-ში იყო დაბადებულ-გაზრდილი, თან კომუნისტი გენერალი, მას რატომ ვერ გამოურეცხეს ტვინი???
იცი დუდაევმა რა უპასუხა, როდესაც კითხეს----გაერო არ გცნობთ და რას აპირებთო??? არც მე ვცნობ გაერო-ს, ეგ არაფრის მაქნისი, პარაზიტი ორგანიზაციააო....... იქნებ დუდაევიც პრორუსული ორიენტაციის იყო, რას იტყვით??:)
ჩინეთის დაზვერვამ 3-4 წლის წინ ინფორმაცია გაავრცელა, თუ როგორ გაჟლიტეს ავსტრალიელმა სამხედროებმა ავღანეთში 49 ქალი და ბავშვი, მათ უმეტესობას ყელი გამოსჭრეს. ამას ნატო, აშშ, ევროპა წლების განმავლობაში მალავდა..... როგორც კი ჩინეთიდან გაჟონა ამ დოკუმენტაციამ, იმ ავსტრალიელ სამხედროებში ალბათ ნამუსმა ,,გაიღვიძა" და რამდენიმე მათგანმა ,,თვითმკვლელობით" დაასრულა სიცოცხლე..... ეს მისაღებია ამ სტატიის შინაარსიდან გამომდინარე???
ორმაგი სტანდარტია მსოფლიოში.... ერთისთვის ყველაფერი შეიძლება, მეორისთვის არა.... ერთი ერის ბავშვების ჟლეტა შეიძლება, მეორისა არა..... გააჩნია როგორ შეფუთავ და მასმედიით, ვითომდა თავისუფალი მასმედიით, სინამდვილეში კი, ფულზე გაყიდული და სპეც-სამსახურებს დაქვემდებარებული ჟურნალისტებით, როგორ გამოულაყებ ტვინს მსმენელს....... ბავშვები ვახსენე, რომლებიც ყველაზე მეტად უმწეოები არიან პოლიტიკოსების მიერ დაწყებულ უბედურობებში..... გუშინ სტატისტიკას ვნახულობდი, უკრაინაში ამ ომის პერიოდში 474 ბავშვი დაასახელეს დაღუპულად და პუტინი ბავშვების მკვლელად მოიხსენიეს. ვეთანხმები ამ შეფასებაში, მაგრამ მე იმას ვერ ვიგებ, რატომ არავინ ახსენებს იმ 19 ქვეყნის ლიდერებს, რომელთა ქვეყნებიც 78 დღის განმავლობაში გაეროს რეზოლუციის გვერდის ავლით ბომბავდნენ სერბეთს, სადაც 412 ბავშვი დაიღუპა???
ისინი ბავშვები არ იყვნენ, თუ მათი გაჟლეტვა ნებადართული იყო??? ავღანელი, ლიბიელი, ერაყელი, სირიელი ბავშვები ბავშვებად აღარ მიგვაჩნია და მათი განადგურების ნებართვა გაცემულია???
სტატისტიკურად ავადსახსენებელი ,, გოლოდომორის" წლებში სსრკ-ში შემავალ ყველა რესპუბლიკას ჰქონდა ადამიანური მსხვერპლი, პროცენტულად კი ყველაზე მეტად ყაზახეთი დაზარალდა, მაგრამ არავინ არსად არ ახსენებს ყაზახების მსხვერპლს და აქცენტი მხოლოდ უკრაინაზე კეთდება, ისიც გაორმაგებული ციფრის დასახელებით. იქნებ ვინმემ ამიხსნას, რატომ?? ერები დაყოფილი გვყავს?? ან, იქნებ ვინმემ ,,გოლოდომორის" გამომწვევი მიზეზები დაასახელოს, ოღონდ ნამდვილი ფაქტები და არა ის იდიოტობა, რომ მაშინ მარტო უკრაინელების გაწყვეტა უნდოდა ვინმეს......
რაც შეეხება მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას, ის მარტო რუსეთის ომი არ იყო..... მაშინ ფაშიზმის წინააღმდეგ მიდიოდა ბრძოლა და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფაშიზმის გამარჯვების შემთხვევაში ბავარიული ლუდი ექნებოდა დღეს იაფად, ძალიან ცდება..... პატარა ქვეყნისთვის პროცენტულად მართლაც დიდი მსხვერპლი გაიღო მაშინ საქართველომ, მაგრამ მაშინ არავისთვის არ იყო იოლი, ერთი ეგაა პროცენტულ მაჩვენებელს ყოველთვის ყველას მიმართ არ ვიყენებთ..... უფრო პროპაგანდისტული თვალსაზრისით ხდება გამოყენება და ისიც არჩევით, მაგრამ მე იმას ვერ ვხვდები, რატომ ვახარისხებთ ქვეყნებს, ერებსა თუ ხალხებს...
პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მტრები და არც მუდმივი მეგობრები....... ეს ფაქტია და თუ ამ სტატიის ავტორს ეჭვი შეეპარება, შეუძლია საქართველოს ისტორიას გადახედოს, რათა დაინახოს, თუ როგორ შეიძლება ერთ დროს საძულველ მტერს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი უწოდო.......
რუსი ოკუპანტია საქართველოსთვის და ამას მტკიცება არ სჭირდება, ისევე იმას, რომ სამყაროს დანარჩენი ,,ვეშაპებიც" ოკუპანტები და აგრესორები არიან სხვა ქვეყნებისათვის, თან მათ ამ აგრესიაში ქართველებიც მონაწილეობას ვიღებთ ყოველთვის, ოღონდ იმ ოპერაციებში მონაწილე ქართველებს დაბრუნებისას გმირებად მოვიხსენიებთ ხოლმე..... ასე იყო და ასე გრძელდება.... ოკუპანტები ვიყავით ავღანელებისთვის, როდესაც სპარსეთის მხარდამხარ ვიბრძოდით, ოკუპანტები ვიყავით სსრკ-ს დროსაც და ოკუპანტებად დავრჩით ავღანელებისთვის, როდესაც ე.წ. სამშვიდობო მისიებში ვმონაწილეობდით ნატო-ს ეგიდით.... კერძი იგივეა, გარნირი იცვლება.....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10