x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ეკატერინე ჭავჭავაძე და სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დღეები
image

დღევანდელ დღეს, 19 მარტს(1816წ) დაიბადა სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი მმართველი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, ქვემოთ საუბარი გვექნება სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უკანასკნელ დღეებზე.


ეკატერინეს ქმარმა, დავით დადიანმა (1813-1858), რომელიც სამეგრელოს მმართველი 1840 წელს, მისი მამის, ლევან დადიანის, გარდაცვალების შემდეგ გახდა, თავის სამთავროში ინვესტიციების მოზიდვის მცდელობასა და ვაჭრობის განვითარებასთან ერთად პროგრესული რეფორმების მთელი სერია განახორციელა. იგი კულტურულ, მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობაშიც ღრმად იყო ჩართული. მაგალითად, 1838 წელს დავითი გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი დადიანების მუზეუმისა სამეგრელოს მთავარ ქალაქში - ზუგდიდში. მანვე გამოიჩინა არქეოლოგიური გათხრების დაწყების ინიციატივა ნოქალაქევში, სამეგრელოს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მითიური ქალაქი "აია" მდებარეობდა და საიდანაც, გადმოცემით, არგონავტებმა ოქროს საწმისი გაიტაცეს.


1853 წლის აგვისტოში 42 წლის ასაკში დავითი მალარიით დაავადდა, ერთი თვე იავადმყოფა და გარდაიცვალა. ამ დროისათვის ეკატერინე 37 წლის იყო. რამდენადაც დავითის მემკვიდრე, ნიკო დადიანი საკმაოდ ახალგაზრდა იყო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ძალაუფლება ჩაებარებინა, სამეგრელოს დე ფაქტო მმართველი და დედოფალი ეკატერინე გახდა. მან დავითის მეგობარი, პლატონ იოსელიანი, მთავარ მრჩევლად დანიშნა. პლატონი აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებების მიღებაში და ბავშვების მეურვეობაც ითავა. ეკატერინე აგრძელებდა დავითის მიერ დასახული როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების რეალიზაციას, რომლის ქვაკუთხედს ურჩი ფეოდალებისა და ამპარტავანი მღვდლების დაშოშმინება და ეკლესიის შემოსავლების კონტროლი წარმოადგენდა.



ყირიმის ომის (1853-1856), დროს, 1854 წლის ივლისში ოსმალებმა დაიკავეს რედუტ-კალე, ხოლო 1855 წლის 25 ოქტომბერში ოსმალები ომარ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეკატერინე დადიანი ლეჩხუმში გაიხიზნა. პარტიზანული ბრძოლის შედეგად სამთავროს დიდი ნაწილი განთავისუფლდა ოსმალებისგან, ხოლო 1856 წლის თებერვალში ოსმალებმა მთლიანად დატოვეს ოდიშის სამთავრო. ყირიმის ომმა დიდი ზარალი მიაყენა ოდიშის სამთავროს ეკონომიკას. გაბატონებული კლასი თავისი მდგომარეობის გამოსწორებას ყმა გლეხების ექსპლოატაციის გაზრდით შეეცადა. ამას კი 1857 წელს სამეგრელოს გლეხთა აჯანყება მოჰყვა.ეკატერინე დადიანმა დახმარებისათვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, რადგან საკუთარი ძალებით აჯანყების ჩაქრობა არ შეეძლოთ, იგი გლეხთა სასტიკად დასჯას თხოულობდა, (მათ შორის დახვრეტას).


აჯანყების ჩაქრობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ოდიშის სამთავროს ავტონომია გააუქმა და 1857 წლის 8 სექტემბერს დებულების თანახმად, იქ რუსეთის მმართველობა დააწესა. 1857 წლის 26 სექტემბერს სამეგრელოს „დროებით“ მმართველად გენერალი ნ. კოლუბიაკინი დაინიშნა. ეს ფაქტობრივად სამეგრელოს ავტონომიის გაუქმება იყო;

1860 წლის კამერალური აღწერით სამეგრელოში აღირიცხა 303 თავადი და 2073 აზნაური.


1867 წლის 4 იანვარს ალექსანდრე II ბრძანებულებით ოდიშის სამთავრო გაუქმდა. სამთავროს ტერიტორია ზუგდიდის, სენაკისა და ლეჩხუმის მაზრების სახით შევიდა ქუთაისის გუბერნიაში.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები ეკატერინე დადიანმა სამეგრელოში გაატარა.გარდაიცვალა 1888 წელს 66 წლის ასაკში. დაკრძალულია მარტვილის ტაძარში. ეკატერინე დადიანმა შემოუნახა შთამომავლობას ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებისა და პოემა „ბედი ქართლისას“ ხელნაწერი რვეული.

ეკატერინემ, მეუღლესთან ერთად დააპროექტა დადიანების სასახლის გამწვანება; წყვილმა მებაღეები უცხოეთიდან მოიწვია: შემოიტანეს ეგზოტიკური მცენარეების სახეობები და სამ თვეში ბაღი სამოთხის ბაღად გადააქციეს.


0
155
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0