x
მეტი
  • 19.06.2024
  • სტატია:135454
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509726
პუტინის სავარაუდო ომის დანაშაულები: ვინ არიან უკრაინელი ბავშვები, რომლებიც რუსეთში გაიყვანეს
image


ჰააგის სასამართლომ პუტინი ომის დამნაშავედ სცნო, ასევე ბრალი დასდეს ბავშვთა ტრეფიკინგში, უკრაინიდან ბავშვების რუსეთში უკანონოდ გადაყვანის გამო. წერს ბრიტანული გამოცემა 'გარდიანი'.


რა ვიცით ბავშვების შესახებ ვლადიმერ პუტინისა და მისი ბავშვთა კომისრის გატაცებების ბრალდების უკან.


ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და ბავშვთა დაცვის კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას, უკრაინელი ბავშვების მასობრივ გატაცებაში ბრალი წაუყენა.



ეს ნიშნავს, რომ ახლა პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი არის გამოცემული, რაც ასახავს იმ სისწრაფეს, რომლითაც საერთაშორისო სამართლებრივი თანამეგობრობა ახორციელებს ბრალდებებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს სამხედრო დანაშაულების შესახებ.


image


ეს არის პირველი საქმეები, რომლებიც ICC-მ გახსნა მას შემდეგ, რაც მისმა პროკურორებმა გასული წლის თებერვალში უკრაინაში ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე გამოძიება დაიწყეს.


რა ვიცით რუსეთის მიერ წაყვანილი უკრაინელი ბავშვების შესახებ?


სასამართლოს წინასწარი სხდომის მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების საზიანოდ". მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს არ გაამჟღავნონ ეჭვმიტანილთა ვინაობა, შემდგომი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.


პირველად გასულ გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინელი ბავშვები რუსეთში გადაჰყავდათ და რუსი ოჯახები კი მათ იშვილებდნენ. რუსეთმა თავისი ქმედებები წარმოაჩინა, როგორც ჰუმანიტარული მისია უკრაინელი ბავშვების ომისგან გადასარჩენად. მაგრამ უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა გენოციდში და მის ქმედებებს ომის დანაშაული უწოდა.


ვინ არიან ეს ბავშვები?


სავარაუდო გატაცებულთა შორის არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინის სახელმწიფო დაწესებულებებიდან წაყვანილი ბავშვები, ბავშვები, რომელთა მშობლებმა ისინი გაგზავნეს რუსეთის მიერ მართულ „საზაფხულო ბანაკებში“, საიდანაც ისინი აღარ დაბრუნებულან, ბავშვები, რომელთა მშობლები დააპატიმრა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ და ბავშვები, რომლებიც დაობლდნენ მიმდინარე ბრძოლების შედეგად.


საიდან არიან ეს ბავშვები?


რუსეთის მიერ გაყვანილი უკრაინელი ბავშვების დიდი უმრავლესობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან არიან: ხერსონის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ზაპორიჟჟია, დონეცკი და ლუგანსკის ოლქი, ასევე მიკოლაივის რეგიონის მცირე ტერიტორიიდან.


რამდენი ბავშვი წაიყვანეს?


რუსეთმა აღიარა, რომ ჰყავს სულ მცირე 1400 უკრაინელი ბავშვი, რომლებსაც ის ობლებს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ სულ მცირე 2000 რუსეთში თანმხლების გარეშე ჩავიდა. გარდა ამისა, რუსეთში რჩება რამდენიმე ასეული ბავშვი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებიც მშობლების თანხმობით წავიდნენ „განათლების“ ბანაკებში, მაგრამ მოგვიანებით არ დააბრუნეს.


რა დაემართათ ობლებს?


შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 400 უკრაინელი ობოლი რუსმა ოჯახებმა იშვილეს, იტყობინება უკრაინის ადამიანის უფლებათა რეგიონალური ცენტრი, რომელმაც ეს მაჩვენებელი რუსეთის სახელმწიფოს განცხადებებიდან გამოითვალა. რუსეთმა განაცხადა, რომ კიდევ 1000 ბავშვი ელოდება გაშვიღებას.


ლვოვა-ბელოვამ, რუსეთის ბავშვთა კომისარმა, თავად აღწერა 15 წლის მოზარდის „შვილად აყვანა“ მარიუპოლიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქიდან, რომელიც განადგურებული და ოკუპირებული იყო რუსული ძალების მიერ.


მაგრამ ამ უკრაინელ ბავშვთაგან ბევრს ჰყავს ცოცხალი ნათესავები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უიმედოდ ეძებენ მათ. უკრაინელი ბავშვების დაახლოებით 90%, რომლებიც შემოჭრის დროს იმყოფებოდნენ სახელმწიფოს მზრუნველობაში, იყვნენ „სოციალური ობლები“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ჰყავდათ ნათესავები, მაგრამ ოჯახის წევრებს არ შეეძლოთ მათზე ზრუნვა.


ობლების შესახებ რუსეთის სახელმწიფო განცხადებებში არ არის მითითებული ბავშვების ვინაობა და არც დეტალები იმის შესახებ, თუ საიდან არიან ან სად ცხოვრობენ ისინი რუსეთში, რაც ართულებს მათ იდენტიფიცირებასა და თვალყურის დევნებას უკრაინის ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.


ზოგიერთ შემთხვევაში, ახლობლები ბავშვების იდენტიფიცირებას რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების საშუალებით ახორციელებენ და მათი დაბრუნების კამპანიას აწარმოებენ. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ბავშვები უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებიდან გაიქცნენ საევაკუაციო ავტობუსებით და მოხვდნენ რუსეთის სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ, ისევე როგორც მშობლებს დაშორებული ბავშვები რუსულ ფილტრაციის ბანაკებში. წერს გარდიანი.


წყარო: გარდიანი

1
145
1-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
145
  
2023, 18 მარტი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1