თეატრი პატარა ამბავი გოგი გეგეჭკორის ცხოვრებიდან... 2023, 16 მარტი, 22:33 ოთახის კარზე აბრაა მიკრული - „სამკერვალო საამქრო“. ოთახიდან ხმაური და ყვირილი მოისმის. გამვლელ-გამომვლელნი ნაბიჯს ანელებენ, ყურს უგდებენ, ცდილობენ გაერკვნენ - რას ეხება ეს ცხარე კამათი.
- ეს არის საყელო? ძონძია, საყელო კი არა... რა საჭირო იყო ამხელა ლიპები? საერთოდ რაში მჭირდება?
- მხატვარმა ასე მითხრა, გოგის ვენაცვალე და, რა ვიცი... ა, ესკიზს შეხედე...
- ესკიზი ქაღალდზეა დახატული, მე კი სცენაზე უნდა გავიდე... ეს ღილი აქ რატომ?
- კაია, გოგის ვენაცვალე, შენ თვითონ არ მითხარი...
- მერე რა, რომ გითხარი... არ მომწონს... მე ეს კოსტიუმი სახლში კი არ მიმაქვს...
- ათჯერ მაინც გამომაცვლევინე ადგილი ამ საწყალი ფოლაქისთვის...
კარის მიღმა კამათი ცხარდება. ერთი ხმა მოითხოვს, უტევს, მეორე ამშვიდებს, თავს იმართლებს, მაგრამ ემჩნევა, რომ მოთმინების ფიალა ევსება, დერეფანში კი...
- ასეა ყოველდღე, სანამ არ ითამაშებს. ვერაფრით ახერხებს საცოდავი კირილე გოგის გულის მოგებას.
- კი მაგრამ, დირექტორთან რატომ არ უჩივლებს?
- ვის? გოგის?
- თუკი ასე ჯვარს აცვამს...
- საშინლად აწამებს, უღმერთოდ, გუშინწინ, დამთავრებული კოსტიუმი მთლად დაარღვევინა...
- არაფერი მესმის... რატომ ითმენს?
კარს მიღმა ხმაური მატულობს. უეცრად კარი მოწყვეტით იღება. ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გამოდის გოგი გეგეჭკორი და ზევით ასასვლელი კიბისკენ მიემართება. მას „გაწამებული კირილე“ მოსდევს.
- ყველაფერს ისე გაგიკეთებ, შენი ჭირიმე, როგორც გაგიხარდება. ასე ნერვიულობა გამიგონია?! - კირილე ღიმილით აცილებს მსახიობს, - ნამეტანი კაი ბიჭია. ნამდვილი არტისტია... სული ამომიღო ამდენი გადაკეთებით, მარა, ალალია მაგაზე. ზოგიერთივით კი არაა, კოსტიუმის მაგივრად ტომარა რომ ჩააცვა, სიტყვას რომ არ იტყვის... არ ენაღვლება, რა აცვია. ეს კი...
კარი იხურება. ოთახიდან მოისმის საკერავი მანქანის ნერვული ხმაური. ისევ გოგი გეგეჭკორის კოსტიუმი კეთდება, უკვე ვინ იცის, მერამდენედ.
მიხეილ თუმანიშვილიპატა 65 შეფასება არ არის
|