x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია..." - მამა გაბრიელის სულიერი დარიგებანი...

მამა გაბრიელი


მამა გაბრიელის სულიერი დარიგებანი...



1. ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო.


2. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია და სასუფევლისაგან შორსა ხარ...



3. თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ და ლოცვა ცოდვად შეგირაცხებათ.


4. მარხვა ცოდვების სინანულია, როცა საჭმელი არ გახსოვს.


5. ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.


6. შენ უფალმა მართლმადიდებლად გაგაჩინა, მთავარია შენ მტკიცედ იდგე შენს სარწმუნოებაზე, არ ცდუნდე. სხვა აღმსარებლობის ადამიანი ცხონდება, თუ არა, იმათ უფალი მიხედავს.


7. ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი.


8. ცხოვრებაში ისეთი ცოდვა არ არსებობს, რის შენდობაც უფალს არ შეეძლოს აღსარება–ზიარების გზით.


9. მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი.


10. კაცმა გზა თვითონ უნდა დაილოცოს თავისი კეთილი გადაწყვეტილებით. როგორც ივლი, გზაც ისეთი გექნება, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცცა. მე რა უფლება მაქვს ან ასე ვთქვა, ან ისე.


მამა გაბრიელი


წმინდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი (ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე) 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ეცადა, დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს გოდერძიმ თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით, წმინდა გაბრიელ ათონელის საპატივცემულოდ, გაბრიელი ეწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.


2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელისა სალოსის სახელით.






0
136
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0