x
image
თეონა გორდეზიანი
ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა საქართველოს ისტორიაში...

1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. მაგრამ, ამას რუსეთისათვის ხელი არ შეუშლია საქართველოს საზღვრები გადმოელახა და ქვეყანა დაეპყრო. ქვეყნის დასაპყრობად მზადება კარგახანს მიმდინარეობდა, რასაც მოსკოვში უშუალოდ სტალინი ხელმძღვანელობდა, ამიერკავკასიაში კი ამ საქმის მეთაური და შემსრულებელი სერგო ორჯონიკიძე იყო.
16 თებერვალს, მე-11 წითელი არმიის 96-ე, მე-60 და მე-20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, სოფელ შულავერში შევიდნენ. შულავერის კომიტეტში სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ბუდუ მდივანი და სხვა ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ.17 თებერვალს საქართველოს არმიას სათავეში გენერალი კვინიტაძე ჩაუდგა. 17 თებერვალსვე ბრძოლაში იუნკერები ჩაერთნენ. იუნკრები თბილისის მისადგომებს იცავდნენ. პირველი იერიშების მოგერიება იუნკრებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ალექსანდრე ჩხეიძის მეთაურობით ქართველი იუნკრები 10 დღის განმავლობაში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში იგერიებდნენ ბოლშევიკთა შემოტევებს
23 თებერვალს რუსეთთან ომში დაცემული მეომრები (იუნკერები) თბილისში, რუსთაველზე, სამხედრო ტაძრის ეზოში, (ახლანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე) საძმო საფლავში დაკრძალეს.
სერგო ორჯონიკიძემ 1921 წლის 25 თებერვალს ლენინს დეპეშით აცნობა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას.”
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს –
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!
(კოლაუ ნადირაძე)
image
0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0