საბუნებისმეტყველო მაგნიტუდა არ იზომება ბალებში - მაგნიტუდა სულ სხვა ცნებაა და ბალი (ქულა) - სულ სხვა 2023, 19 თებერვალი, 2:25 თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ კატასტროფების მედიცინა არაა ხელწამოსაკრავი დარგი და ამიტომაცაა შეტანილი იგი სილაბუსებში ევროპის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე.
საქართველო მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია. იგი საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. ყველაზე ძლიერი 7 მაგნიტუდის სიმძლავრისა და 9 ბალის ინტენსივობის მიწისძვრა 1991 წელს რაჭასა და იმერეთში მოხდა. ჩვენ, ქართველებმა "ყველაფერი ვიცით", მაგრამ არ არსებობს „მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდაც შეადგენს 4, 6 ბალს“. მაგნიტუდა არ იზომება ბალებში. მაგნიტუდა სულ სხვა ცნებაა და ბალი (ქულა) სულ სხვა. მაგნიტუდა არის ის ენერგია, რომელიც გამოიყოფა მიწისძვრისას ეპიცენტრში სეისმური ტალღების სახით (ანუ თავდაპირველი დარტყმის ენერგიაა). აი ჩვენ რომ სკოლაში ვისწავლეთ რიხტერის სკალა 1–დან 9, 5–მდე, ის არის მაგნიტუდის საზომი. მაგნიტუდას აფიქსირებს სეისმოგრაფი. მაგნიტუდის მხოლოდ ერთი ერთეულით გაზრდით მიწისძვრის ენერგია 32-ჯერ იზრდება. ბალი (ქულა) კი არის საზომი დედამიწის ზედაპირის შერყევის ინტენსივობისა მიწისძვრის შედეგად. ევროპაში მიღებულია 12 ბალიანი, ე.წ. EMS- 98 –ევროპის მაკროსეისმური სკალა. სწორედ ეს სკალა ჰგონია ზოგიერთს შეცდომით რიხტერის სკალა. 12 ბალიანი სკალა ადგენს, თუ როგორ (რა ინტენსივობით) აისახება მიწისძვრა მოცემულ ტერიტორიაზე, რა ფიზიკურ შეგრძნებებსა და ზიანს იწვევს იგი. რა თქმა უნდა, მთავარი გამანადგურებელი და მსხვერპლის მომტანი ძალა ძირითადად არის მიწისძვრის მაგნიტუდა და სეისმური ტალღების სიმძლავრე. ასე რომ მაგნიტუდა როცაა 6.5, ინტენსივობა შეიძლება იყოს 8 ან 8, 5 ბალი (ქულა). 176 2-ს მოსწონს
|