x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ყველაფერი მოსალოდნელია..." - რას წერს ბათუმის სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებულ საზღვაო ნაღმთან დაკავშირებით ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე შავი ზღვის, კერძოდ ბათუმის სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებულ საზღვაო ნაღმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბათუმის სანაპიროს მიმდებარედ აფეთქებულ (სავარაუდოდ) ნაღმთან დაკავშირებით დასაწერად დღეს ვერ მოვიცალე. ორი სიტყვით.


დიდი ხანია არავის უკვირს, რომ ასეთ საკითხშიც კი, ზოგიერთებს არ შეუძლიათ, ობიექტური შეფასება გააკეთონ და პოლიტიკურ დივიდენდზე კი არ იფიქრონ, სწორად შეაფასონ და, თუ უნარი შესწევთ, მისცენ კვალიფიციური რჩევები. კრიტიკაც მისაღებია, ოღონდ კონკრეტული და საქმიანი. რა ვერ/არ გააკეთეს და რა უნდა მოიმოქმედონ?



ოდესის ყურის დანაღმვაში, შარშან, უკრაინა რუსეთს ადანაშაულებდა, რუსეთი - უკრაინას. ამას, ამ შემთხვევაში, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან, თუ ეს ოდესის ყურიდან წამოსული ნაღმი იყო, ე.ი. კიდევ ბევრი ნაღმი შეიძლება შავ ზღვაში დაცურავდეს.


საზღვაო ნაღმები ომისთვისაა და ორივე მხარეს ჰქონდა მათი გამოყენების შესაძლებლობა. ვის აწყობდა, ცალკე საკითხია, თუმცა, ვიმეორებ, ამ სიტუაციაში ნაკლებ მნიშვნელოვანია.


იყო ვერსია, რომ რუსეთმა, ამ გზით, ხორბლის გადაზიდვა შეაფერხა.


ბრალეულობის კუთხით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ, რომ არა რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეს ნაღმები არ გაჩნდებოდა. ომია ყველა უბედურების წყარო.


შარშან, სექტემბერში, თურქული გემი შეეწირა ერთ-ერთ ნაღმს.


დღეს სადღაც წავიკითხე, ევროპის ქვეყნებმა თავისი სანაპირო გაასუფთავეს, ჩვენმა ქვეყანამ არაო.


თუ სხვა ქვეყნებმა კარგად გაასუფთავეს, მაშინ ჩვენამდე როგორ მოაღწია? ე.ი. ცუდად გაასუფთავეს.


როგორ ფიქრობთ, ქართველ მეზღვაურებს ჩვენს პოლიტიკოსებზე, მედიაზე ან ექსპერტებზე ნაკლებად ადარდებთ შავ ზღვაში მოცურავე ნაღმები?


სხვა ქვეყნების, მაგალითად თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთის მეზღვაურებს არ ადარდებთ ეს ნაღმები? ხომ შეიძლებოდა სხვა ქვეყნის ნაპირთან აფეთქებულიყო, ან რომელიმე გემს მოხვედროდა?


რას პანიკიორობთ და ჭკუისკოლოფობთ?


ჯერ ერთი, სანამ საქართველომდე ეს ნაღმი არ მოაღწევდა, სად, რა და როგორ უნდა გაეწმინდათ? მოაღწია, აფეთქდა.


მეორე - ამ შტორმში რას ელოდებით, ზღვაში გავლენ ნაღმების საძებრად?


მესამე - თქვენი პანიკის გარეშე საზღვაო სააგენტო, სანაპირო დაცვა, შსს ამ საკითხს უყურადღებოდ დატოვებენ და ისე გავლენ ზღვაში?


მეოთხე - დარწმუნებული ხართ, მახინჯაურშიც ნაღმია? მგონი შეგნებულად ავრცელებთ საეჭვო და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.


მეხუთე - შავი ზღვის ყველა ქვეყანა რომ ჩაერთოს ნაღმების ძებნაში, ყველა სანაპირო გაასუფთაონ, დაზღვეულია ვინმე, რომ სხვა ნაღმი არ ამოყოფს სადმე თავს? იცით შავი ზღვის ფართობი? ვინმემ იცის, რამდენი ნაღმია თავისუფალ ცურვაში?


ვისაც გაქვთ ჭკვიანური ან ნებისმიერი რჩევა, გამოაქვეყნეთ. პანიკის თესვას შეეშვით. ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ესაა ამ ომის შედეგი და მოსალოდნელი ყველაფერია.


ეს პრობლემა მეზღვაურებს ჩვენზე მეტად ადარდებთ და იციან, რა გააკეთონ.
სამხედრო მეზღვაურები დამეთანხმებიან, ამ ინციდენტის მაგალითზე, რამდენად მნიშვნელოვანია სამხედრო საზღვაო ძალების არსებობა და რამდენად დიდი შეცდომა იყო აგვისტოს ომის შემდეგ მისი გაუქმება. ვის ევალება სამხედრო ნაღმების მოძიება და განეიტრალება?" - წერს ამირან სალუქვაძე.


შეგახსენებთ, რომ 13 თებერვალს ბათუმში, ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში საზღვაო ნაღმი აფეთქდა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.


ამირან სალუქვაძე სქრინი



0
115
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0