x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ნებაყოფლობითობაა, რაც ხდის ჯარისკაცს გმირად" - რას ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე

რატი ბურდული


„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე სოციალურ ქსელში სავადებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით უკრაინაში მებრძოლი ქართველის რატი ბურდულის იგივე „ოდინიჩის" მოსაზრებას ავრცელებს.


გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:


„ომში, ყოველ 100 ჯარისკაცში, 10 საერთოდ არ უნდა იყოს იქ, ოთხმოცი უბრალოდ სამიზნეა, ცხრა ნამდვილი ჯარისკაცია, ვინც რეალურად იბრძვის, მხოლოდ ერთია მეომარი“, - ჰერაკლიტე.



მსოფლიოს გარშემო პროფესიონალი სამხედროების უმრავლესობა ეწინააღმდეგება სავალდებულო სამხედრო სამსახურის იდეას. ამის მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ გამოვყოფ ორ ძირითადს - ერთს პრაგმატულს, მეორეს კი მორალურს.


ომი ჯოჯოხეთია. აგერ უკვე ერთი წელი სრულდება, რაც უკრაინაში ვიბრძვი და უამრავი საშინელება ვნახე საკუთარი თვალებით. დავკარგე მეგობრები, მივიღე ტრავმები, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ომი ყველას საქმე არ არის. ძალიან სპეციფიკური მენტალური გამძლეობა, ხასიათი და სულისკვეთება სჭირდება ამ საქმეს, რაც კაცობრიობის უმეტესობას უბრალოდ არ აქვს.


საომრად ძალით წათრეული ადამიანისგან ვერ შექმნი მებრძოლს. ადამიანს, რომელსაც ფორმას ჩააცვამ ჯარიმის მუქარით, ვერ გააჩერებ ბრძოლის ველზე, სადაც საარტილერიო ზალპი ანგრევს ყველაფერს. ჯარიმის შიშზე ძლიერი სიკვდილის შიშია, დავალდებულებული და მუქარით, მისი სურვილის წინააღმდეგ ძალით წათრეული ადამიანი პირველი გაგექცევა ბრძოლის ველიდან და ამისი უამრავი მაგალითია ომის ისტორიაში, მათ შორის, უკრაინის კონფლიქტის მაგალითზეც.


რუსი „მობიკები“ პანტაპუნტით გარბიან, პირველივე კონტაქტზე ყრიან იარაღს და გვნებდებიან. ვერაფერი აიძულებს ხელის გადაგრეხვით და დაძალებით ბრძოლის ველზე მიყვანილ ადამიანს რომ იბრძოლოს, შეუძლებელია ეს და შესაბამისად, სავალდებულო სამსახურის ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ვერანაირი წვრთნა და აღჭურვა ვერ შეცვლის მოტივაციის არარსებობას.
ამას ემატება საერთო თავდაცვით სტრატეგიაში რიცხოვნობაზე ფოკუსირების უაზრობა. საქართველოს ორი უზარმაზარი მეზობელი ჰყავს, რომელთაც მათი ზომისა და მოსახლეობის რაოდენობის საფუძველზე ყოველთვის ეყოლება მეტი „თოფიანი კაცი“ და ამასთანავე ტექნოლოგიური უპირატესობა. ტოტალური ომის წარმოება მათთან შეუძლებელია, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სტრატეგია უნდა იყოს შემაკავებელი და გათვლილი მოწინააღმდეგის მოგერიებაზე, სანამ გარე ფაქტორები („ნატო" და პარტნიორები) ჩაერევიან და შეაჩერებენ კონფლიქტს. ამიტომაც, იმის თქმა, რომ მეტი ფორმიანი კაცი რაიმეს ცვლის, აბსურდია. პირიქით, ცოტა და ხარისხიანი ჯარისკაცი ბევრად უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე ბევრი და გაქცევაზე ორიენტირებული.


მეორე, და ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავალდებულო სამსახურის ამორალურობა. არავის, არც სახელმწიფოს, არც საზოგადოებას, არც ოჯახს აქვს იმის უფლება, რომ ინდივიდს დააძალოს სახელმწიფო სამსახური. ამორალურია ადამიანს „თოფიანი კაცები“ მიადგნენ სახლში, იარაღის მუქარით წაათრიონ ჯარში და აიძულონ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ სამსახური.
ქვეყნის თუ საზოგადოების წინაშე ინდივიდს არ აქვს არავითარი ვალი, პირიქით, ინდივიდები ქმნიან ქვეყანასაც, საზოგადოებასაც და მის ფუნქციონირებას აფინანსებენ თავიანთი გადახდილი გადასახადებით. ისინი კი, ვინც სამშობლოს სამსახურში ყოფნას ვარჩევთ, ამას ვაკეთებთ ჩვენი სურვილით, ვიღებთ გაცნობიერებულ რისკს და მზად ვართ, გავწიროთ ყველაფერი ნებაყოფლობით. ნებაყოფლობითობაა, რაც ხდის ჯარისკაცს გმირად და არა ის, რომ სახლიდან გამოათრიეს და შეაკლეს.


ჩნდება კითხვა - „რა ვქნათ? რით გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვითუნარიანობა?“ და შევეცდები, მოკლედ ვუპასუხო ამასაც.


პირველ რიგში, შეიარაღებული ძალები უნდა გახდეს ელიტური და მიმზიდველი პროფესია. ჯარში წასულ ადამიანს ნათესავები არ უნდა ეუბნებოდნენ „შენ ხომ კარგად სწავლობდი, შვილო“ და „სხვა ვერაფერი იშოვა“. პირიქით, ისეთი პროფესია უნდა გახდეს, რომ ბევრს უნდოდეს და ცოტას შეეძლოს მოხვედრა.
დღეს პირიქითაა, ოთხივე კიდური თუ გაქვს, ჯარში მიყავხარ. სამხედრო მოსამსახურე უნდა სარგებლობდეს უამრავი პრივილეგიით, როგორც საგადასახადო შეღავათებით, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სერვისის გამოყენებისას უნდა ჰქონდეს პრივილეგია. სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, კარგი ჯანდაცვა, უფინანსდებოდეს სერვისის შემდგომ უმაღლესი განათლება და ა.შ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ახალგაზრდებს მოუნდებათ სამხედრო სამსახურში წასვლა.
ამავდროულად, შერჩევისა და მიღების პროცესი უნდა იყოს მკაცრი. სამხედრო სამსახურის პატივი უნდა ხვდეთ საუკეთესოებს, ვისაც მართლა აქვს ამის მოტივაცია.


მოკლედ რომ ვთქვათ, შეიარაღებული ძალები უნდა ორიენტირდეს ხარისხზე და არა რაოდენობაზე. სჯობს იყოს 15 ათასი მოტივირებული, კარგად გაწვრთნილი და უმაღლეს დონეზე აღჭურვილი მეომარი, მინიმუმ რეინჯერის დონეზე, ვიდრე 30 000 „სხვა სამსახური ვერ იშოვა და ჯარში წავიდა“ ბანკომატის ჯარისკაცი და ამას მიმატებული ვითომ რეზერვი, რომელიც ჯარიმის მუქარით არის წათრეული.


უკრაინაში მხოლოდ მოხალისეები იბრძვიან, ისინი, ვინც თავისი სურვილით აიღო იარაღი ხელში ომამდეც და ომის შემდეგაც. ქვეყანას, რომელიც 1 წელია ომშია ბოროტების იმპერიასთან, ერთი კაცი არ წაუყვანია საომრად მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და მე, როგორც პროფესიონალ მეომარს, მირჩევნია გვერდით მყავდეს 10 გულანთებული ვაჟკაცი, ვიდრე ათასი ძალით წამოყვანილი, ვინც პირველივე კონტაქტზე მიმატოვებს.
სამხედრო სამსახური არის ღირსება, პატივი, თავგანწირვა და სიყვარული, ეს ყველაფერი კი ვერასდროს იქნება სავალდებულო".


აქვე, ზურაბ ჯაფარიძე რატი ბურდულის სამხედრო სამსახურში მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაციასაც აქვეყნებს:


„4 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
2 წელი ავღანეთის მისიაში
ბოლო 1 წელი უკრაინაში (მოშუნი, ირპინი, ზაპოროჟია, მიკოლაევი, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი)
უკრაინის ხელისუფლებისგან მიღებული აქვს 2 ჯილდო", - წერს ჯაფარიძე.


რატი ბურდუილ



გირჩი სქრინი





1
135
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
135
  
2023, 10 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1