კონფლიქტები ექსპერტები შავბნელ პროგნოზს აკეთებენ: “რუსეთის მზე წლის ბოლომდე ჩაესვენება” 2023, 9 თებერვალი, 11:27 რუსეთი უკრაინის ომში დამარცხებას დამარცხებაზე განიცდის, მაგრამ სამხედრო ექსპერტებს თუ დავუჯერებთ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს უარესი ჯერ კიდევ წინ ელოდება.
უკრაინის ომმა ვლადიმერ პუტინი და მისი ხელისუფლების წარმომადგენლები სრულიად სხვა კუთხით დაანახა მსოფლიოს. რუსულ არმიას კიევი რამდენიმე დღის მანძილზე უნდა დაეკავებინა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა გადაეყენებინა და უკრაინის პრეზიდენტად კრემლის მარიონეტი უნდა დაესვა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ამ ყოველივეს ნაცვლად ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო თვეების მანძილზე რუსული არმია დამარცხებას დამარცხებაზე განიცდის და სულ უფრო მეტ ტერიტორიებს კარგავს, ხოლო უკრაინა დასავლეთისგან სულ უფრო ეფექტურ და მრისხანე შეიარაღებას იღებს, იქნება ეს “ლეოპარდები” თუ “აბრამსის” ტიპის ტანკები. როგორც კულუარებში საუბრობენ, უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების გადაცემაც თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რუსეთი კი ვერც საბრძოლო მარაგებს აახლებს და არც კვალიფიციური ადამიანური რესურსის მხრივ გამოირჩევა. პუტინის წარმატებაში ერთ დროს რუსული უშიშროების ძალებში ნამსახურ პირებსაც კი უკვე ეჭვი ეპარებათ. მაგალითად იგორ გირკინი, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც ერთ დროს უკრაინის ომში სერიოზულ როლს ასრულებდა, სკეპტიკურად უყურებს პუტინის შანსებს. იგორ გირკინმა, რომელიც წინათ იგორ ივანოვიჩ სტრელკოვის ფსევდონიმით საქმიანობდა, ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა: “შთაბეჭდილება მაქვს, რომ წლის ბოლომდე ჩავიძირებით. თქვენ რას ფიქრობთ?” არადა, გირკინმა გადამწყვეტი როლი შეასრულა 2014 წელს ყირიმის ანექსიის პროცესში. მოგვიანებით ის ასევე დონბასელ სეპარატისტებს ედგა სათავეში. მასზე უკრაინის ხელისუფლებას ნადირობა აქვს გამოცხადებული; ვინც გირკინს დაიჭერს, სოლიდურ გასამრჯელოს მიიღებს, და სწორედ ასეთმა პიროვნებამ დაიწუნა რუსული სტრატეგია უკრაინაში. გირკინი ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი ვლადიმერ პუტინის და სერგეი შოიგუს მიმართ და მიაჩნია, რომ დღევანდელი სახით რუსეთის არმიას არანაირი სერიოზული წარმატების მიღწევა სერიოზულ ბრძოლაში არ შეუძლია. იგივეზე საუბრობენ რიგი დასავლელი ექსპერტები, რის გამოც პუტინთან ღია თანამშრომლობას რუსეთის ძველი მოკავშირეებიც კი არიდებენ თავს. ამ ყოველივეს ფონზე მეტისმეტად ტრაგიკულია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პოლიტიკური სიბეცე და სრული უმწიფრობა, რომლებიც დასაღუპავად განწირული რუსული ხომალდის ბორტზე მოხვედრით ცდილობენ არსებობის გახანგრძლივებას და რუსეთთან ფრენების აღდგენას მიესალმებიან. 868 2-ს არ მოსწონს |
https://www.youtube.com/watch?v=NCobFNLLZCY