"ბერა ივანიშვილის წარმომადგენელია, ვინმე ირაკლიო...ატყდა რედაქციაში ხორხოცი"- რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 2011 წელს მომხდარ ერთ ისტორიას იხსენებს, როდესაც მისი ჟურნალის მარკეტინგის ხელმძღვანელს "ქართუდან" ბერა ივანიშვილის წარმომადგენელმა "ვინმე ირაკლიმ" "ტაბულა" არტის გარეკანის შესაძენად დაურეკა, თუმცა მისი თქმით, მათ შორის მაშინ თანამშრომლობა ვერ შედგა:
"ტაბულა არტის კონცერტები და წვეულებები ახსენეს თავის მართლების დისკუსიაში – კალაძის კონცერტებს შეადარეს. ჩვენ მართლა ვცდილობდით მაშინ, რომ მხოლოდ ესტრადას არ ჰქონოდა სცენა მისაკუთრებული და სხვისთვისაც მიგვეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.
არჩევნების წაგების მერეც იგივეს ვშვებოდით ტელევიზიაში – ლექსო უყურებდა ამას ტაბულაში და მშვენივრად ართმევდა თავს (ამ საკითხში სრულად ვენდობოდი).
მაგრამ სხვა ისტორიის მოყოლა მინდა.
2011 წელს, ბოტანიკურში ტაბულას ცნობილი წვეულების შემდეგ, პარასკევი დღეა – ჟურნალს ვგეგმავთ.
(ლირიკული გადახვევა: ტაბულას წვეულებები ძალიან ეკლექტური შემადგენლობით გამოირჩეოდა – “ბურჟუაზიაც” იქ იყო და “ანდერგრაუნდიც” და პირველის წარმომადგენელმა ერთხელ მეორეზე მკითხა, “ეს ხალხი დღისით სად დადისო”?)
შემოვიდა მარკეტინგის უფროსი და ქართუდან რეკავენო – ტაბულა
არტის გარეკანის ყიდვა უნდათო.
მეთქი გარეკანი არ იყიდება მაგრამ ვინ რეკავს.
ბერა ივანიშვილის წარმომადგენელია, ვინმე ირაკლიო.
ატყდა რედაქციაში ხორხოცი – ვიღადავეთ და მერე ავუხსენით ირაკლის, რომ გარეკანი არ იყიდება და ბერას ჟანრი ჩვენს სარედაქციო გემოვნებაში არ ჯდება.
შევთავაზეთ, რომ შიდა გვერდებს გავყიდით ჩვეულებრივ საბაზრო ფასად, უბრალოდ დაეწერება რომ რეკლამაა.
ეს პირობა არ მოეწონათ.
მერე ცხელი შოკოლადის გარეკანზე გამოვიდა ბერა.
ეს უბრალოდ მოვყევი – მაშინ ბოროტ კაპიტალისტებად და კეთილ სოციალისტებად გვყოფდნენ"- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.